ავტორი: დავით მაისურაძე
2015 წლის 11 სექტემბერს 220 წელი გავა კრწანისის ბრძოლიდან, სადაც ქართული ჯარი ერეკლე მეფის ხელმძღვანელობით დამარცხდა სპარსეთის არმიასთან რამდენიმე დღიან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეულად თითქმის არასდროს აღგვინიშნავს კრწანისის ბრძოლის წლისთავი, აღნიშნული ბრძოლა ითვლება, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბრძოლაში დამარცხებამ ძალიან დაასუსტა აღმოსავლეთ საქართველო, რითაც რუსეთს ქართლ-კახეთის დაპყრობა გაუიოლა.
წლები, რომელიც საქართველომ ერეკლე მეფის დროს კრწანისის ბრძოლამდე გამოიარა იყო რთული, მაგრამ არ იყო კატასტროფის მომასწავებელი. მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როდესაც რუსული სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ საქართველოში „ქართველების დასახმარებლად“ ტოტლებენის და სხვა გენერლების ხელმძღვანელობით. რუსული ჯარის შემოყვანამ გაართულა მეზობლებთან ურთიერთობა. რუსები ძირითადად პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები, მაგალითად, სცადეს ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება, ასპინძასთან ბრძოლაში მიატოვეს ქართველები და ა. შ. მიუხედავად ამისა, 1783 წელს ქართლ-კახეთმა გააფორმა „გეორგიევსკის ტრაქტატი“ რუსეთთან. ტრაქტატით ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. თუმცა რუსული ჯარი, რომელიც საქართველოში პერმანენტულად უნდა მდგარიყო, მალევე გავიდა ქვეყნიდან და საქართველო მოწინააღმდეგეების წინაშე მარტო დარჩა.
ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან (განსაკუთრებით სპარსეთთან და ოსმალეთთან) გართულებული ურთიერთობის საპირწონე რუსული სამხედრო დახმარება იქნებოდა, რის ვალდებულებაც რუსეთს აღებული ჰქონდა გეორგიევსკის ტრაქტატით.
მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია ომი სპარსეთთან, ხოლო რუსეთი საქართველოს არ დაეხმარა.
კრწანისის ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ რუსეთის იმპერიამ გამოგზავნა სამხედრო შენაერთები საქართველოში, თუმცა მალევე გაიყვანა. სპარსეთის შაჰის აღა-მაჰმადის მოწოდებას, რომ ქართველებს რუსეთთან კავშირი გაეწყვიტათ, ქართლ-კახეთმა უარით უპასუხა. შედეგად, აღა-მაჰმადმა გადაწყვიტა საქართველოს მეორედ დალაშქვრა, თუმცა ის შეთქმულებმა მოკლეს და საქართველო მეორედ აოხრებას გადარჩა.
მსგავსი, თუმცა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფა ქართლ-კახეთმა შაჰ-აბასის დრო იწვნია, როდესაც ქართლი ააოხრეს, ხოლო კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ან დახოცეს ან გადაასახლეს ირანში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები ფერეიდანში.
თუ ისტორიიდან გავიხსენებთ, შაჰ-აბასის შემოსევას წინ უძღოდა კახეთის მეფის მიერ ფიცის წიგნის დადება რუსეთთან (1587 წელი), სადაც კახეთი თავს ცნობდა რუსეთის ქვეშევრდომად, ხოლო სანაცვლოდ რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ დაეცვა კახეთი გარეშე მტრებისგან. გარკვეული ხნის განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები კავკასიის ციხეებში იყვნენ გარნიზონებად ჩამდგარი, თუმცა მალევე დატოვეს რეგიონი. რუსეთთან ფიცის წიგნის გაფორმების შემდეგ სპარსეთის შაჰმა აბას I-მა ოთხჯერ ილაშქრა კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს ეს კუთხე მიწასთან გაასწორა. რუსეთს არ შეუსრულებია სამხედრო დახმარების ვალდებულება.
როგორც საქართველოს ისტორიიდან ჩანს, ფიცის წიგნით და გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული ვალდებულებები რუსეთმა დაარღვია, რადგან სინამდვილეში საქართველოს დახმარება მათ არასდროს უნდოდათ. მათი მიზანი ქვეყნის შემდგომი დასუსტება იყო, იმისათვის, რომ უფრო ადვილად დაეპყროთ საქართველო. ეს პოლიტიკა ჰქონდათ მე-16 საუკუნეში, ეს პოლიტიკა ჰქონდათ მე-18 საუკუნეში და იმავეს აგრძელებენ დღესაც.
აკაკი ბაქრაძის სტატიაში „ბაბაიას დიპლომატია“, ავტორი აღნიშნავს, რომ ანდაზა „დათვი, რომ მოგერიოს ბაბაია დაუძახეო“ გვიან არის დამკვიდრებული საქართველოში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ჩვენი ქვეყნის ისტორია და მათ შორის კრწანისის ბრძოლაც ცხადყოფს, სადაც რიცხობრივად 7-ჯერ უფრო მეტ მოწინააღმდეგეს ქართველებმა თანასწორი ბრძოლა გაუმართეს. ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა მოწინააღმდეგე არც „დათვად“ ჩათვალა და არც „ბაბაია“ დაუძახია, დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეომა და ბოლომდე იბრძოლა კიდეც. დამარცხდნენ, მაგრამ იბრძოლეს ისე, როგორც თვითმყოფადი ერის შვილებმა.
ამიტომ არის კრწანისის ბრძოლა მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ გმირობის, არამედ ქართული, დამოუკიდებლობის მოყვარე ხასიათის გამოვლინების ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კრწანისის ბრძოლის შემდეგ რუსეთმა დიდი ხნის წინ დაწყებული სცენარი დაასრულა, საქართველო დაიპყრო და ჩვენს წარმოდგენაში დიდი ხნით დარჩა „ბაბაიას დიპლომატია“.