12 დეკემბრის ანდერძი

12 დეკემბერი 2017 Shadow

წყარო: liberali.ge

Damoukidebloba.ge გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

 

1921 წლის 12 დეკემბრის დილას თბილისის სკოლებში სწავლა ჩაიშალა. ეს გაყინული და ბნელი კლასებიდან, ნახევრად მშიერი მოსწავლეების სახეტიალოდ გაქცევასაც ჰგავდა. უფროსებსაც, ალბათ დიდად არ გაჰკვირვებიათ ჯგუფ-ჯგუფად მოსუნსულე გიმნაზისტებისა და უფროსკლასელების გამოჩენა თოვლ-ჭყაპით ატალახებულ ქუჩებში, თუმცა დიდი შეთქმულების წარმატება მაშინ გახდა ცხადი, როდესაც ზამთრის პირზე, ნაომარ და გამოფიტულ ქალაქში სასწაულით ნაშოვნი ცოცხალი ყვავილებით გადაფერადებული ბავშვების ჯგუფები რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან შეერთდნენ და გრძელ ჯაჭვად გაჭიმული აუყვნენ ყოფილ „ვლადიმიროვსკის“ ქუჩას. 

მას შემდეგ, რაც 1921 წლის მაისში, ბოლშევიკურმა საოკუპაციო რეჟიმმა ბრჭყალები გამოაჩინა და მასობრივ დაპატიმრებებს მიჰყო ხელი, მოქალაქეების - თბილისელი მუშების აღშფოთებამ მალევე ამოხეთქა და ივლისში, ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის კლუბში ძველ ნაცნობს, სოსო ჯუღაშვილს - უკვე ამხანაგ სტალინს, უტიფრობისთვის უსტვინეს და მწარედ შეამკეს. შედეგად, იმავე ღამით ბრალიანმა და უბრალომ, როგორც ნიკოლოზის დროს - „მეტეხის აგარაკის“ საგზურები ჩაიბარეს და ნაძალადევის პოპულაცია ცოტა არ იყოს შეთხელდა. 

მოთმინების ძაფი მეორედ შემოდგომაზე გაწყდა, როდესაც მძიმე ზამთრის სუსხს შიმშილის ჩრდილიც მოჰყვა, სამაგიეროდ თბილისის საწარმოო ძალები - მანქანა-დანადგარები, ნედლეული და საქალაქო ტრანსპორტი უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა რუსეთისაკენ. იქიდან კი დაპირებული „თეთრი პურის“ ნაცვლად ადმინისტრატორები, კანტორშჩიკები და წვრილფეხა ბიუროკრატია იგზავნებოდა. 

მუშათა სპონტანურმა ყრილობებმა ამჯერად უკვე ორგანიზებულად აირჩიეს დელეგატები და საპროტესტო დეკლარაციით გაგზავნეს „რევკომთან“ წარსადგენად, თუმცა ისინი მთავრობის სასახლიდან გამოსული არავის დაუნახავს - იქვე ახლოს, ჩეკას სარდაფში უკრეს თავი. 

ბოლშევიკურ პრესაში დიდხანს დუმდნენ ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ როდესაც ამბავი გასკდა, დელეგატები ჩვეულ სტილში „სასახლის წინ მოხეტიალე უსაქმურებად“ მოიხსენეს, ხოლო უკმაყოფილოები, პროტესტის ორგანიზატორები და ბევრი სხვებიც „პროფილაქტიკის მიზნით“ მეტეხში გაამგზავრეს. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, სამაისო და ნოემბრის წმენდები ტრადიციად იქცა.

1921 წლის მძიმე ზამთრის დასაწყისში, როდესაც პროტესტის ხალისი აღარავის შერჩენოდა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და ღირსების დემონსტრირება სრულიად მოულოდნელად თბილისელმა მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე - 12 დეკემბერს, 12 საათზე მასობრივი „შატალო“ ნაძალადევის სერზე შეერთდა. 

1917 წლიდან უწყვეტ ომებში დაღუპული მამების, ძმების, ნათესავების ნაცნობის თუ უცნობის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიისა და არმიის ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე, ბავშვური ხმით ნამღერი ტრადიციული სამგლოვიარო ჰიმნისა და „დიდების“ შემდეგ, უცნობი მოსწავლის სიტყვა-მოწოდება გაისმა და სახალხო გვარდიის დღის მეოთხე და უკანასკნელი საჯარო აღნიშვნის ამბის ტრაგიკულ ექოდ დარჩა:

„მამებმა შვილებს ანდერძი დაგვიდეს - ჩვენი ვალია ანდერძი შევასრულოთ და დახოცილ მებრძოლთა ძვლებს ფიცი მივცეთ, ფიცი მტკიცე, უშიშარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ გზას და სამშობლოსა და დემოკრატიისათვის ისევე ერთგულად დავდებთ თავს, როგორც ეს აქ განსვენებულმა მამებმა მოიმოქმედეს. ჩვენი მამები ციხეებში სხედან, ჩვენი მამები ტყეებში და მთებში გახიზნულან, ჩვენი მამები დახოცილები დარჩნენ ბრძოლის ველებზე და დამპყრობლებმა მათ გვამებზე გადმოაბიჯეს, ხოლო მკვდრები ყვავ-ყორნებს დაუტოვეს უპატრონოდ. მთელი ქართველი ერი ძაძებშია შემოსილი და ყოველ ქოხს გლოვა დაუფლებია, დაპყრობილი ქვეყანა გმინავს მონობის უღელქვეშ, ხოლო უცხო ძალები და მოღალატენი დაპატრონებიან ჩვენს საუნჯეს და ურცხვად ძიძგნიან.

დღეს, ქართველი ერის გლოვის მეათე თვის თავზე საქართველოს სახალხო გვარდიის დღეს, ჩვენ აქ მოვედით, რომ მოვიგონოთ დახოცილი მებრძოლები და მამათაგან დადებულ ანდერძს კიდევ ერთხელ შევფიცოთ“.

 საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ძმათა სასაფლაოს არათუ კვალი წაიშალა მეხსიერებაში,  არამედ 12 დეკემბრის, სახალხო გვარდიის დღეც აღარ აღინიშნება, რადგან მას ხშირად პირველი რესპუბლიკის მარცხის მიზეზად მოიხსენებდა და საბჭოთა პროპაგანდა კი მხდალი ხულიგნების ხროვად წარმოაჩენდა ხოლმე.