39 წელი გავიდა 1978 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, როდესაც საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა მოსკოვის ბრძანებას - ქართული ენის, როგორც საქართველოში სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ქართული ენა და დამწერლობა უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ხანებში, სწორედ ის წარმოადგენდა ეთნიკურ დონეზე ქართველთა გამაერთიანებელს.
უცხოელი მკვლევარები, ქართული ნაციონალიზმის და იდენტობის ფორმირების მთავარ ეტაპად მეცხრამეტე საუკუნეს მიიჩნევენ, რადგანაც სწორედ ამ დროს, ილია ჭავჭავაძის ცნობილ ტრიადაში გაცხადდა ეროვნული იდენტობის დასავლური სამყაროსთვის გასაგები პოსტულატი: „მამული, ენა, სარწმუნოება“. 1860 წელს დაწერილ ცნობილ სტატიაში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა" ილია ჭავჭავაძე წერდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“. მოგვიანებით, ილიას ეს სიტყვები ქართველი ერისთვის ურყევ ფორმულად გადაიქცა და ენა ერის თვითმყოფადობის საზომი და ნიშანი გახდა.
რადგანაც ენა, ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, დამპყრობელმა რუსეთმაც, ერთ-ერთ პირველს სწორედ მას შეუტია. ქართული ენა იქცა მუდმივი შეზღუდვის ობიექტად რუსეთის ცარისტული პოლიტიკის ეპოქასა თუ საბჭოთა პერიოდში.
1801 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა აკრძალეს. ქართულ ენას ჩაენაცვლა რუსული, როგორც ადმინისტრაციისა და ეკლესიის ოფიციალური ენა. 1811 წელს „ერთმორწმუნე“ მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში (1918-21) ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი. საქართველოს ხელახალი ოკუპაციის შემდგომ რუსული ენის გავლენის აღდგენის დიდი სურვილი იყო ქართველ კომუნისტებში, მათ შორის საბჭოთა ინტელიგენციაშიც. სერგო ორჯონიკიძე, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, ქართველებს შეაგონებდა, რომ რუსული იყო “არა ძალადობისა და წნეხის ენა”, არამედ ეს იყო “ენა ოქტომბრის რევოლუციისა”.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. სსრკ-ს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
პროექტის 75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები გაიმართა. 1978 წლის 14 აპრილს ხალხმრავალი პროტესტით ქართველები წინ აღუდგნენ სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსი შენარჩუნებაზე.
1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილს ქართული ენის დღედ დაწესდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლას დღესაც აგრძელებს, რისი მაგალითიც ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვაა. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ღონისძიებას ქართულ ენაზე ჩაატარებს, მას სკოლას და საცხოვრებელ ადგილსაც დაატოვებინებენ. ამ ქმედებებმა თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო – ადგილობრივთა ცნობით, გალელმა სკოლის მოსწავლეებმა წესიერად არც ქართული იციან და არც რუსული, იმ მოსწავლეებში კი, რომლებიც სწავლების ქართულიდან რუსულ ენაზე გადასვლამდე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია.
ქართული ენა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო ქართველთა თვითიდენტიფიკაციისა და გაერთიანების პროცესში. რუსეთის მხრიდან ქართულ ენაზე, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორზე იერიშის მიტანა კი მიზნად ისახავდა, ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნას ან მთლიანად აღმოფხვრასაც კი.