1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.
1921 წლის ოკუპაციას, წინ უძღოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო. მის დაკარგვას რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა კი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. მაგრამ, ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო. ქვეყნის დასაპყრობად მზადება კარგა ხანს მიმდინარეობდა, რასაც მოსკოვში უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო.
1920 წელს ორჯონიკიძემ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის, ამიტომ ლენინს, სტალინს და ჩიჩერინს წერდა:
„თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს...საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ.”
1921 წლის იანვარში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის 12 თებერვალს დაიწყო. 15 თებერვალს კი სერგო ორჯონიკიძეს სტალინმა აცნობა, რომ დაუყოვნებლივ დაეკავებინა თბილისი. „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის.“
16 თებერვალს, მე-11 წითელი არმიის 96-ე, მე-60 და მე-20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სოფელ შულავერში შევიდნენ. შულავერის კომიტეტში სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ. 17 თებერვალს საქართველოს არმიას სათავეში გენერალი კვინიტაძე ჩაუდგა. 17 თებერვალსვე ბრძოლაში იუნკრები ჩაერთნენ. ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშის მოგერიება იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ, თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.
«ლომებივით იბრძვიან იუნკრები ყველა ნაწილებიდან. იუნკრები ყველაზე მედგრად და განუწყვეტლივ ამაგრებენ ფრონტს… ისინი ჩასაფრდებიან წუნკალა მტერს და მთელი დღე-ღამეს, როგორც ზღვის ტალღებს, უკუაქცევენ ბოლშევიკების იერიშებს…»
-რეზო გაბაშვილის რეპორტაჟი უშუალოდ ფრონტის ხაზიდან.
1921 წლის 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. „დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიან და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა.“მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ კი ქართული შეიარაღებული ძალები თბილისის დასაცავად შემდეგნაირად განალაგა: მარჯვენა ფლანგზე -კოჯორ მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ცენტრში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილები იყო: შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იყო. მარცხენა ფლანგზე- გვარდიის ნაწილები იდგა, გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით.
„20 და 21 თებერვალს გაზეთი „ერთობა“ წერდა: „ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“
22 თებერვალს შემოტევა დაიწყო დარიალის მხრიდან, თუმცა, ქართველმა მეომრებმა ხიდი ააფეთქეს და მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს. ამ მიმართულებით მოქმედ ქართულ ჯარს პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი ხელმძღვანელობდა.
23 თებერვალს რუსეთთან ომში დაცემული მეომრები თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს. „1921 წლის 23 თებერვალს, უფროსკლასელები დილიდანვე დიდი მთავრის ქუჩაზე, მორგში წაგვიყვანეს, სადაც კოჯორში დახოცილი ქართველები იყვნენ ჩამოსვენებულნი. 11 კუბო, 11 რჩეული ვაჟკაცი. პროცესიას სამღვდელოება კათოლიკოს ლეონიდეს წინამძღოლობით წარუძღვა. კუბოებს სტუდენტები მოასვენებდნენ. ვერის ხიდით ახლანდელ რუსთაველის მოედანზე ამოვედით. მოედანი ხალხით გაივსო, ასე მივაცილეთ ტაძრამდე მებრძოლნი.”იხსენებს პუბლიცისტი ანტონ კელენჯერიძე.
საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკან დახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. მოგონებები ბრძოლის ველიდან:
«25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი აგებულებისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი». - მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”
26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წითელმა არმიამ კი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა. ასე დაიწყო საქართველოს ოკუპაციის 70-წლიანი ისტორია.
წყაროები: