ავტორი: გიორგი კლდიაშვილი
სტატია მომზადებულია ჟურნალ "საარქივო მოამბესთვის"
ეძღვნება 1924 წლის აგვისტოს ამბოხების დროს დაღუპული ყველა ქართველი გმირის ხსოვნას...
ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივში ინახება საქმე ნომრით 14649-60, რომელსაც ადევს გრიფი "სამუდამოდ შესანახად.” საარქივო საქმე განადგურებას მხოლოდ "საბედნიერო” შემთხვევითობის გამო გადაურჩა. საქმე ცალკე საგანგებო ფონდში ინახებოდა. თბილისში, 1991-92 წლებში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე ყოფილი უშიშროების კომიტეტის შენობაში მომხდარი ხანძრის დროს რეაბილიტირებულთა სისხლის სამართლის საქმეების ფონდი თითქმის სრულად განადგურდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახალხო ამბოხება, რომელსაც რუსეთის მმართველობის თავიდან მოშორება და ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა ჰქონდა მიზნად დასახული. 1924 წლის აგვისტოს აჯანყება XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველზე საბედისწერო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ამბოხების დამარცხების გამო დროებით შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამასთანავე, აჯანყების წარუმატებლობამ ბიძგი მისცა საბჭოური რეპრესიული მანქანის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავებას. სასტიკი წმენდის შედეგად განადგურდა ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართველი ერის ელიტარული ნაწილი თავადაზნაურობა, სამღვდელოება, პროგრესული ინტელიგენცია, მშრომელი და მდიდარი გლეხობა. ეს იყო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც რეალურად თავისი საქმიანობით საქართველოს მომავალი უნდა შეექმნა და უზრუნველეყო ქვეყნის პროგრესული გზით განვითარება. 1924 წლის აჯანყების დამარცხებით საქართველომ სუვერენიტეტის აღდგენის შანსი დიდი ხნით დაკარგა და ქვეყანაში სამოცდაათწლიანი საბჭოური ეპოქა დაიწყო.
1924 წლის ამბოხი იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად უნდა დაწყებულიყო საბრძოლო ოპერაციები წითელი არმიის წინააღმდეგ.
საბჭოთა პერიოდში 1924 წლის აჯანყება, ისევე როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის სხვა ისტორიული ფაქტები, აკრძალულ თემად ითვლებოდა. გასაიდუმლოებული და დახურული იყო ყველა ის დოკუმენტი და საარქივო მასალა, რომელიც აღნიშნულ ამბავს ეხებოდა. თუ აქამდე აღნიშნული საკითხის დამუშავება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ გმირული ეპოპეის მონაწილეთა მოგონებებით, დღესდღეობით ქართველ და უცხოელ მკვლევარებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიის არქივებში, კერძოდ, საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივში და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივში გაეცნონ იმ უნიკალურ მასალას, რომელიც 1924 წლის აჯანყების ყველა ნიუანსს ნათლად ასახავს. არქივებში დაცულ დოკუმენტებში 1924 წლის აჯანყების მომზადების, განვითარებისა და შედეგების შესახებ მკაფიოდ არის ასახული ყველა დეტალი. ნათლად ჩანს აჯანყების ღრმა ანალიზიც, რომელიც იმდროინდელმა პარტიულმა ელიტამ ამბოხების ყურადღებით შესწავლის შედეგად გააკეთა. დოკუმენტებში აგრეთვე ვკითხულობთ აჯანყებასთან დაკავშირებულ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ოქმების ჩანაწერებს და განსახილველი საკითხების მასალებს, გადაწყვეტილებებსა და სისხლის სამართლის და გამოძიების საქმეებს არა მხოლოდ აჯანყების ლიდერებისა, არამედ საგანგებო სამეულების მიერ გასამართლებული ამბოხების მონაწილეებისაც. ამ მრავალრიცხოვანი საარქივო მასალის შესწავლა საშუალებას მოგვცემს, კარგად დავინახოთ, გავაანალიზოთ და საზოგადოებას გავაცნოთ უკვე ობიექტურად რევიზირებული საქართველოს მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა – 1924 წლის 28-31 აგვისტოს აჯანყება.
1924 წლის აგვისტოს 28-ში დილით, საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის და თვით აჯანყების ორგანიზატორებისთვისაც სრულიად მოულოდნელად, ამბოხების ალი ჭიათურაში აინთო. ამას მოჰყვა გამოსვლები ქვეყნის სხვადასხვა წერტილში. იმავე ღამით, ამბოხებულთა გამოსვლა გარე-კახეთის რიგ სოფლებში დაიწყო, კერძოდ, პატარძეულში, მარტყოფში, ნორიოში, დიდ ლილოში, ახალსოფელში. აჯანყებულები, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, მიზნად ისახავდნენ სადგურ ვაზიანთან განლაგებული წითელი არმიის ბანაკზე იერიშის მიტანას, ქართული საჯარისო დანაყოფის გადმობირებით მათთან გაერთიანებასა და წითელარმიელების განიარაღებას. სამწუხაროდ, ამბოხებულებმა საწადელს ვერ მიაღწიეს და დაინახეს რა, წითელი არმიის ქართული დანაყოფები მათ მხარეს გადმოსვლას არ გეგმავდნენ, უკან დაიხიეს და დაიშალნენ. იმავე დღეს მათი უმეტესობა უკვე სართიჭალის საგანგებო კომისიის საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე აღმოჩნდა და საგანგებო სამეულის გადაწყვეტილებით, 1924 წლის 1 სექტემბერს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხში მონაწილეობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა. 15 გასამართლებულს შორის იყო სამი სასულიერო პირი სოფელ მარტყოფის ეკლესიის მოძღვარი ივანე მიხეილის ძე თუშმალაშვილი, სოფელ ნორიოს ეკლესიის მოძღვარი გიორგი ვასილის ძე მაცუკაძე და სოფელ ახალსოფლის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი. მათ საგანგებო სამეულმა ბრალი წაუყენა ამბოხების იდეოლოგიურ მომზადებაში, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის აგიტაციისთვის და მრევლის ამბოხისკენ წაქეზებაში.
დეკანოზი გიორგი ინაშვილი
ამ ბრალდებას წინ უძღოდა საბჭოთა ხელისუფლების შორს გამიზნული ანტირელიგიური პოლიტიკა და პროგრამა, რომელიც 1922 წლის დეკემბერში ათეიზმის პროპაგანდით დაიწყო და ფართო მასშტაბები 1923 წლიდან მიიღო. კამპანია მიმართული იყო საქართველოში ეკლესიის შესუსტებისკენ და საბოლოოდ არა მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგიის, არამედ ყველა კონფესიის გაუქმებისკენ. 1923 წლის 11 მაისს საქართველოს ცენტრალური კომისიის პრეზიდიუმის სხდომაზე საჭიროდ მიიჩნიეს საქართველოში ყველა მონასტრის დახურვა. შეიქმნა კომისია რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც შედიოდნენ იმდროინდელი საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერები: მ. კახიანი, ვ. სტურუა, ქართველიშვილი, მ. ოკუჯავა, ასევე ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავჯდომარის მოადგილე და საქართველოს საგანგებო კომისიის ხელმძღვანელი ე. კვანტალიანი.
საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს არქივებში ინახება დოკუმენტები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ამ პერიოდში საქართველოში მიმდინარე ანტირელიგიური პროპაგანდის მთელი პროცესი და მისი შედეგები. 1923 წელს ანტირელიგიური კამპანიის შედეგად ეკლესიების დახურვამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მასობრივი ხასიათი მიიღო. იკრძალებოდა ღვთისმსახურება და იდევნებოდნენ სასულიერო პირები. რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში კომკავშირელი ახალგაზრდების გარდა მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც რელიგიის საწინააღმდეგო სახალხო პროცესები იმართებოდა, აიძულებდნენ სასულიერო პირებს, უარი ეთქვათ ღვთისმსახურებაზე. საქართველოში 1923 წელს, საერთო ჯამში, 1212 ეკლესია დაიხურა . ანტირელიგიური პროპაგანდის ტალღა არა მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ კონფესიას და სასულიერო პირს შეეხო. დააპატიმრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ სასულიერო ფენაში უდიდესი პროტესტის და უკმაყოფილების გრძნობა გაჩნდა და რელიგიური მოსახლეობა აშკარად მტრულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიერ გატარებული ანტირელიგიური კამპანიისადმი. 1924 წლის ამბოხების ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი და მომხრე რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო, ამას აღნიშნავდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი მ. კახიანიც. ის კარგად აცნობიერებდა, თუ რა დიდი უკმაყოფილება დაგროვდა ქართულ სასულიერო ფენაში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დამყარებული რეჟიმის პირობებში განხორციელებული ანტირელიგიური პროპაგანდის შედეგად. ამბოხების გამომწვევი მიზეზების, მსვლელობისა და შედეგების შესახებ კახიანის მიერ 1924 წლის 24 ოქტომბერს გაკეთებულ დასკვნაში ასევე მოცემულია ის კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას ამ აჯანყებიდან გამომდინარე უნდა გაეთვალისწინებინა. კახიანი აღნიშნავდა, რომ პარტიის მუშაობის ერთ-ერთ სუსტ მხარეს წარმოადგენდა ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც აჯანყებამდე ხორციელდებოდა ანტირელიგიური კამპანია, განსაკუთრებით კი ეკლესიების დახურვა. საქართველოში აღნიშნული ქმედება გრძელდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მიწის რეფორმის გატარებასთან ერთად. რევოლუცია შეეხო ეკლესიასაც. სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, მოითხოვდა ეკლესიების დახურვას, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკვე გადაქცეულიყო მებრძოლ მატერიალისტებად და ათეისტებად. ეკლესიების დახურვა ხშირ შემთხვევაში კომუნისტების ზეწოლის შედეგად ხორციელდებოდა. ამასთან ერთად, ეკლესიების დახურვის პარალელურად ხდებოდა სასაფლაოების დახურვა-შეურაცხყოფა, რადგან სასაფლაოები უმეტესწილად ეკლესიის ეზოებში იყო განლაგებული. ამ ყველაფერმა, გარდა სასულიერო ფენისა, არაღრმადმორწმუნე მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია, რამაც ისინი საბჭოთა ბანაკს ჩამოაშორა და მოწინააღმდეგის მოკავშირე გახადა.
მეამბოხეებისა და სასულიერო პირების კავშირზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 1923 წელს თელავში ქაიხოსრო ჩოლოყაშვილთან საიდუმლო კავშირის მიზეზით დააკავეს მღვდელი და დიაკვანი.
ჩოლოყაშვილთან რაზმის დასალოცად რომ ნამდვილად მიდიოდა მოძღვარი, ამას თავის წიგნში `საქართველოს 1924 წლის ამბოხება” მიუთითებს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოლომონ ზალდასტანიშვილი.
არსებული პოლიტიკური სისტემით სასულიერო პირების უკმაყოფილებაზე მეტყველებს თბილისის მაზრის გარე-კახეთის რაიონის სოფ. ახალსოფლის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი ინაშვილის ჩვენება, რომელიც მან მისცა საგანგებო სამეულის წევრს, საქართველოს საგანგებო კომისიის სამწყობრო ნაწილის ინსპექტორის თანაშემწეს, მირონ ბაუმფელდს: `მაშინ, როდესაც მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, ჩემში ითამაშა ეროვნულმა გრძნობამ... მე აგიტაციას ვეწეოდი მრევლის წინაშე, როგორც ნაციონალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიის შესახებ არსებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია…და ამასთან ერთად, ჩვენ, სასულიერო პირებს გვდევნიან, განსაკუთრებით კომკავშირლები.”
გარე-კახეთის სოფლებში დიდი ლილო, მარტყოფი, ნორიო და ახალსოფელი გამოსვლები 1924 წლის 28 აგვისტოს, `მარიამობის” ღამეს დაიწო. ამბოხება წინასწარ ორგანიზებული და კარგად მომზადებული იყო. როგორც დაკითხვის ოქმებიდან (სოფ. მარტყოფის მკვიდრის, აკოფ კობიაშვილის ჩვენებიდან) ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფლებში აჯანყებისთვის ნიადაგს ამზადებდნენ სამხედრო ოფიცრები (ისინი მანგლისში განლაგებული ქართული საჯარისო ნაწილის ოფიცრები იყვნენ), ხოლო მთლიანად გარე-კახეთის ამბოხების ხელმძღვანელი ვალერიან ბილანოვი (ბილანიშვილი) იყო. ამასთან ერთად გარე-კახეთის რაიონის ამბოხების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სოფ. ნორიოს ფოსტის ხელმძღვანელი თეოდორე გაჩეჩილაძე და გრიგოლ თუშმალაშვილი, ასევე გამო ფურცელაძე. ოფიცრებს კავშირი ჰქონდათ ვაზიანში განლაგებულ წითელი არმიის ქართული საჯარისო ნაწილების ოფიცრებთან, რომლებიც ამბოხების დაწყებისთანავე უზრუნველყოფდნენ ქართული ნაწილების გადასვლას მეამბოხეთა მხარეს. როგორც ბრალდებულთა დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, აჯანყებულებმა სოფ. დიდი ლილოს მცხოვრებ ვასო გაბატაშვილის მეთაურობით განაიარაღეს ადგილობრივი სოფლის კომ. უჯრედის წევრები, დაატყვევეს ისინი, შეიარაღდნენ და 50-60 კაციანი ჯგუფებით სადგურ ვაზიანისკენ დაიძრნენ. ამბოხებულებს ორი ოფიცერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი უნდა შეერთებოდა პოლკოვნიკ ცაგურიას ნაწილს, რომელსაც ჯერ სოფ. სართიჭალაზე უნდა მიეტანა იერიში, ხოლო შემდეგ სადგურ ვაზიანთან განლაგებული წითელარმიელებისთვის უნდა შეეტია. ვაზიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ამბოხების გეგმაში, რადგან იქ წითელ არმიას განლაგებული ჰქონდა ამიერკავკასიის მთელი არტილერია 120 ზარბაზნით.
ამბოხებულთა ნაწილი, როგორც მოგახსენეთ, წინასწარ მომზადებული გეგმით მოქმედებდა. ჯერ კიდევ 27 აგვისტოს შეთქმულები სოფლის მოსახლეობაში აგროვებდნენ თანამოაზრეებს და დანაწილებული ჰქონდათ თავიანთი სამეთაურო ჯგუფები. მას შემდეგ, რაც ვაზიანთან მისულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ქართული საჯარისო ნაწილები ამბოხებულების მხარეს გადასვლას არ აპირებდნენ, ისინი უკან გაბრუნდნენ სახლებში. მათი უმეტესობა მეორე დღეს სახლებიდან დააპატიმრეს.
საინტერესოა გარე-კახეთში მომხდარი გამოსვლების შესახებ თბილისის მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსის, ხმალაძის მიერ 6 სექტემბერს გაკეთებული მოხსენება. მოხსენებითი ბარათი განკუთვნილი იყო ცენტრალური კომიტეტისადმი და ასახავდა თბილისის მაზრის მდგომარეობას 28 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. მისი ცნობით, გამოსვლები დაიწყო 28 აგვისტოს საღამოს 8 საათზე, გარე-კახეთის რაიონის სოფ. პატარძეულში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელით უცნობი პირები საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად აგროვებდნენ მომხრეებს ყოფილი გვარდიელების, მენშევიკების, ოფიცრების, მღვდლებისა და თავადაზნაურობის სახით. ამბოხებულებმა მოკლეს ადგილობრივი მილიციონერი არჩილ ნიკოლოზის ძე ბილანიშვილი და დაიკავეს სოფელი პატარძეული. მათ მძლავრი იერიში მიიტანეს სართიჭალაზე. ტელეგრაფის ხაზის გადაჭრით სართიჭალა, სადაც განლაგებული იყო რაიონული საბჭოთა დაწესებულებები, მოწყვიტეს თბილისს და რაიონში შემავალ ყველა სოფლის საბჭოს. 29 აგვისტოსთვის ამბოხებულებს უკვე აეღოთ გომბორი. კავშირის აღდგენა თბილისთან მხოლოდ 29 აგვისტოს დილის 10 საათზე მოახერხეს. სართიჭალიდან რეკოგნოსცირებისთვის პატარძეულისაკენ გაგზავნილმა ორმა მილიციონერმა, სილაგაძემ და ბროლაშვილმა წინააღმდეგობა გაუწიეს მრავალრიცხოვან მტერს. ორმხრივი სროლის შემდეგ აჯანყებულები უკან გაბრუნდნენ პატარძეულის მიმართულებით. მეამბოხეების მიერ პატარძეულისა და გომბორის დაკავების პარალელურად გამოსვლები გრძელდებოდა გარე-კახეთის რიგ სოფლებში: გიორგი-წმინდაში, ახალსოფელში, დიდ ლილოში და ნორიოში. ხელისუფლებამ სართიჭალიდან დაიწყო ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიის გაწმენდა, რაც 29-30 აგვისტოს უკვე საბოლოოდ დასრულდა. გამოაშკარავდა გარე-კახეთის აჯანყებულთა მეთაურების ვინაობები: 1. გვარდიის ოფიცერი ცაგურია; 2. ვალერა ბილანიშვილი (დახვრიტეს სამეულის გადაწყვეტილებით 1924 წლის 1 სექტემბერს) 3. ლადო ბილანიშვილი; 4. მიშა ბილანიშვილი; 5. გიგა ბილანიშვილი; 6. კოტე ოთარიშვილი; 7. ძია არაბული (მოკლეს შეტაკების დროს); 8. ლევან ნიკოველი (დააკავეს); 9. ბაძიზ ქისტაური; 10. გამო ფურცელაძე; 11. სწრაფო ნიკოლაიშვილი; 12. დათიკო ფიჩანაშვილი; 13. ვახო გაციშვილი. დამარცხების შემდეგ მეთაურთა დიდმა ნაწილმა მოახერხა გაქცევა და ტყეში მიმალვა, ხოლო გლეხობის დიდი ნაწილი, რომელიც მათ მიემხრო, პატიებას ითხოვდა და ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. დააპატიმრეს დაახლოებით 200 ადამიანი.
5 სექტემბერს გამართულ თბილისის საბჭოს სხდომაზე, სერგო ორჯონიკიძის განმარტებით, გარე-კახეთის გამოსვლებში 5 სოფლიდან მხოლოდ 30 ადამიანი მონაწილეობდა. იმავე საღამოს ეს უკანასკნელები ხელისუფლებას ჩაბარდნენ. ყველაფერი ერთი გასროლის გარეშე დამთავრდა. ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია ხმალაძის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე.
სოლომონ ზალდასტანიშვილის ცნობით, 29 აგვისტოს, დილის ორ საათზე პოლკოვნიკ ცაგურიას დანიშნულ ადგილზე შეიარაღებული რაზმის მაგივრად სულ რამდენიმე ადამიანი დახვედრია. მან გადაწყვეტილება მიიღო, იერიში მიეტანა სოფ. პატარძეულზე, იქ მილიციელებისთვის იარაღი აეყარა და შემდეგ უკვე თავისი გეგმის მიხედვით ემოქმედა, მაგრამ პატარძეულში ხელისუფლებას უკვე მიეღო შესაბამისი ზომები და გაეფრთხილებინა მილიციელები, რომლებმაც პოლკოვნიკ ცაგურიას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრძოლა უაზრო იქნებოდა და ამიტომ პოლკოვნიკმა ცაგურიამ დაშალა თავისი რაზმი, ხოლო თვითონ თბილისში გადავიდა.
ამბოხების დამარცხების შემდეგ ქვეყანა რეპრესიებმა მოიცვა. თბილისის კომუნისტური პარტიის კომიტეტის პრეზიდიუმმა 31 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მ. კახიანი, მიიღო დადგენილება, რომ თბილისის ყველა პარტიულ ორგანიზაციაში გამოცხადებულიყო მობილიზაცია და გადასულიყვნენ ყაზარმულ მდგომარეობაზე. თბილისის კომიტეტში და რაიკომებში მთელი სამუშაოს ხელმძღვანელ ორგანოდ შეიქმნა დამრტყმელი სამეულები. საგანგებო სამეული შედგებოდა შემდეგი პირებისაგან: მ. კახიანი, ლ. ღოღობერიძე და ივანოვ-კავკაზსკი. 31 აგვისტოს დახვრიტეს 24 ადამიანი, მათ შორის აჯანყების დაწყებამდე დაკავებული ამბოხების მეთაურები: მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, თბილისის ქალაქის მოურავი დამოუკიდებლობის დროს ბენია ჩხიკვიშვილი, დამფუძნებელი კრების წევრი გოგიტა ფაღავა და სხვანი. ორი დღის შემდეგ ასევე დახვრიტეს რუსეთის ციხეებში მყოფი ქართველი პოლიტიკური პატიმრებიც. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი მ. კახიანი გაზეთ `კომუნისტში~ წერდა: `უხერხემლო მენშევიკებმა დატუსაღებული ერთი ჩვენი ამხანაგის დასჯაც ვერ გაბედეს, მაშინ, როდესაც მათი ამხანაგები ათასობით დავხვრიტეთო”.
სოლომონ ზალდასტანიშვილი თავის წიგნში აღწერდა იმ სასტიკ რეპრესიებს, რომლებსაც საბჭოთა მთავრობა ატარებდა. ასობით ადამიანი გაჰყავდათ და საბურთალოზე ხვრეტდნენ. იგივე ხდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მაზრაში, ხოლო ჭიათურაში შემორიგებული და იარაღაყრილი ხალხი, ვითომ თბილისში გამოსაგზავნად, ვაგონებში შეყარეს და ტყვიამფრქვევები დაუშინეს. რაიონებში ადგილზე შექმნილმა საგანგებო სამეულებმა ასობით ეჭვმიტანილი პირი მათი სოციალური, რელიგიური და ქონებრივი კუთვნილების მიხედვით დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. 1-4 სექტემბერს ასობით ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. ადგილობრივი ხელმძღვანელები იმდენად სასტიკად უსწორდებოდნენ მეამბოხეებს და რეპრესიებმა ისეთ კოლოსალურ რაოდენობას მიაღწია, რომ საგანგებო კომისიამ 4 სექტემბერს მაზრებში დააგზავნა დეპეშები მითითებით, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ საგანგებო სამეულებს ეკრძალებოდათ სასჯელის უმაღლესი ზომით გასამართლება შესაბამისი სანქციის გარეშე. საარქივო დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბი ჰქონდა მიღებული რეპრესიებს. მაგალითად, სიღნაღის მაზრის კომ. უჯრედის თავმჯდომარის, ვარამაშვილის მოხსენებით ბარათში ცენტრალური კომიტეტისადმი აღნიშნულია, რომ 1-4 სექტემბერს საგანგებო სამეულის მიერ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა 64 ადამიანს, მათ შორის 62 პროცენტს თავადაზნაურობა შეადგენდა, დანარჩენი კი ოფიცრობა და ანტისაბჭოთა ბანაკის სხვა წარმომადგენლები იყვნენ.
გორის მაზრაში მივლინებული პარტიული მუშაკის, ს. თოდრიას მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მაზრაში ადგილი ჰქონდა თავადაზნაურობის, სამღვდელოების, ვაჭრების მასობრივ დაპატიმრებებს. 4 სექტემბრამდე დახვრიტეს ასამდე ადამიანი. ხოლო 4 სექტემბერს საგანგებო კომისიიდან მიღებული დახვრეტების ამკრძალავი დეპეშის შემდეგ, ადგილობრივი თანამშრომლების ნაწილი ისე იყო აზარტში შესული ადამიანების დახვრეტით, რომ აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა ამ აკრძალვის გამო.
შსს საარქივო სამმართველოს ცნობებით, 1924 წლის აგვისტოს ამბოხებაში მონაწილეთაგან საგანგებო სამეულის მიერ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა 832 ადამიანს მიესაჯა, აქედან 44 სასულიერო პირი იყო.
გარე-კახეთის რაიონში საგანგებო სამეულმა პირველ სექტემბერს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა 48 ადამიანს.
ადგილზე შექმნილი საგანგებო სამეულები, რომლებიც უმეტესწილად დაკომპლექტებული იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიისა და ადგილობრივი კომ. უჯრედის წევრებისგან, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს. იმისთვის, რომ შეექმნათ სასულიერო პირების დახვრეტის სამართლებრივი საფუძველი და დაედასტურებინათ მათი უშუალო მონაწილეობა აჯანყებაში, გარე კახეთის ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულ მარტყოფის ეკლესიის მოძღვარს, ივანე მიხეილის ძე თუშმალაშვილს და სოფელ ახალსოფლის ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ გიორგი იოსების ძე ინაშვილს საგანგებო სამეულმა დააწერინა ხელწერილი ჩადენილ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ხელისუფლების ჯალათებმა ადვილად გამონახეს მოწმეები ადგილობრივი კომ. უჯრედის წევრების სახით, რომლებმაც მისცეს ჩვენება სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომ ისინი, პერიოდულად, ეკლესიებში ქადაგების დროს, მრევლს მოუწოდებდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ.
ეს უკვე სავსებით საკმარისი იყო და ბრალმდებელს საშუალებას აძლევდა, დასაბუთებულად განეხორციელებინა თავისი ჯალათური გეგმა.
1924 წლის 1 სექტემბერს გარე-კახეთში ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა საგანგებო სამეულმა მხეიძის, ბაუმფელდისა და გიორგაძის შემადგენლობით, სხვა 12 ბრალდებულთან ერთად, სამ სასულიერო პირს, როგორც `ანტი საბჭოთა იდეების ბოროტ აგიტატორებს და მქადაგებლებს~, მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.
სამეულმა არ გაითვალისწინა დეკანოზ გიორგი ინაშვილის დამსახურება სამშობლოს წინაშე, რომ ის პირველი მსოფლიო ომის დროს ბოლომდე მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა 1 ბატალიონის თურქესტანის 35-ე პოლკის მოძღვრად და სრულად მოიხადა სამშობლოს წინაშე თავისი ვალი, რომ დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებით და ორდენებით. არც ის გაითვალისწინა, რომ გიორგი ინაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, იოსებ ჯუღაშვილთან (სტალინთან) ერთად სწავლობდა და 1921 წლის 1 სექტემბერს სოფელ სართიჭალაში განაჩენი სისრულეში მოიყვანა, რაც შესაბამისი აქტით დაადასტურეს საგანგებო კომისიის წევრებმა მხეიძემ, ბაუმფელდმა და მასლენნიკოვმა.
1924 წლის აჯანყებამ და მასში სასულიერო ფენის აქტიურმა მონაწილეობამ იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ნათელი გახადა, რომ მათ მიერ გატარებულმა ანტირელიგიურმა კამპანიამ გადამეტებული მასშტაბები მიიღო და სერიოზული რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. დღის წესრიგში დადგა რელიგიის მიმართ დაწყებული ბრძოლის მეთოდების გადახედვისა და კარდინალურად შეცვლის საკითხი. საქართველოს პარტიული ლიდერი მიხეილ კახიანი თავის დასკვნაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შესახებ აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო ცენტრალურ კომიტეტს მიეთითებინა რაიონული საბჭოთა ორგანიზაციებისთვის, შეეწყვიტათ ეკლესიების დახურვა. ხოლო იქ, სადაც მორწმუნეთა ჯგუფები დიდი რაოდენობით აღინიშნებოდნენ, ყველანაირად შეეწყოთ ხელი ეკლესიების გახსნისთვის და ღვთისმსახურების აღდგენისთვის. ტაძრები კი რელიგიური ჯგუფებისთვის გადაეცათ იჯარით. ცენტრალურ კომიტეტს ეს საკითხი კონტროლზე უნდა აეყვანა და გადაწყვეტილებების ადგილზე შესრულება მუდმივად უნდა შეემოწმებინა.
ანალოგიური შინაარსის იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1924 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად სოფლებში პარტიულ ორგანიზაციებს კატეგორიულად აეკრძალათ ეკლესიების დახურვა, ხოლო იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა ეკლესიების გახსნას, უნდა დაეშვათ ამგვარი პრეცედენტები და ყველანაირად უნდა გაეადვილებინათ ეკლესიების გახსნის პროცედურები. რაიონულ პარტიულ ორგანიზაციებს მიეთითათ, ამ საკითხში მკაცრად მიჰყოლოდნენ და ზედმიწევნით შეესრულებინათ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებები და სახალხო კომისართა საბჭოს დირექტივები.
1924 წლის აგვისტოს ამბოხება მართლაც გარდამტეხი ფაზა იყო იმ დროს მიმდინარე ანტირელიგიური კამპანიაში. აჯანყებაში მონაწილეობდა სასულიერო ფენა, რომელიც უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მიერ გატარებული სასტიკი ათეისტური კამპანიით, რომლის დროსაც 1923 წელს, რელიგიის წინააღმდეგ აშკარა პროპაგანდის და ბრძოლის შედეგად საქართველოში ასობით ეკლესია-მონასტერი დაიხურა, იდევნებოდნენ სასულიერო პირები და რელიგია კანონგარეშედ იყო გამოცხადებული. 1924 წლის ამბოხებაში მონაწილე სასულიერო პირებს უკვე პირდაპირ გაუსწორდნენ და ბევრ მათგანს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს. მაგრამ ძალიან მალე საბჭოთა ხელისუფლება მიხვდა, რომ საჭირო იყო რელიგიასთან ბრძოლის მეთოდების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მტრულად განწყობილი საკმაოდ მრავალრიცხოვანი სეგმენტის წარმოქმნას უწყობდა ხელს. აგვისტოს ამბოხების შემდეგ მთავრობამ შეცვალა ანტირელიგიური კამპანიის მეთოდები და შედარებით დამთმობი და ლმობიერი პოლიტიკის გატარება დაიწყო. რელიგიასთან ბრძოლის პროპაგანდა საბჭოთა საქართველოში და მთლიანად მთელს საბჭოთა კავშირში მთელი 70 წლის განმავლობაში უფრო დახვეწილ ფორმებს იღებდა და მიზანმიმართულად ეწეოდა მოსახლეობის რელიგიური გრძნობების ჩაკვლასა და აღმოფხვრას.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1954 წლიდან საქართველოში და მთლიანად საბჭოთა კავშირში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, დეკანოზ გიორგი ინაშვილის ოჯახს უარი ეთქვა სიკვდილის შემდეგ მის რეაბილიტაციაზე. 1956 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ბულგანინის სახელზე გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც მოქალაქე ეკატერინე ინაშვილი ითხოვდა მისი მამის დეკანოზ გიორგი ინაშვილის რეაბილიტაციას, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურისგან პასუხი მხოლოდ 1959 წელს მიიღო. საქართველოს პროკურატურის მიერ საარქივო საქმის შესწავლის საფუძველზე კომისიამ დაასკვნა, რომ სასჯელის ზომა თავისი სიმკაცრით არ შეესაბამებოდა გიორგი ინაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მიუხედავად ამისა, სასჯელის ზომის შემცირება იმ მომენტისთვის არ იყო მიჩნეული მიზანშეწონილად. 1924 წლის 1 სექტემბერს გარე-კახეთის რაიონის ბანდიტიზმთან ბრძოლის საგანგებო სამეულის გადაწყვეტილება გიორგი ინაშვილის მიმართ მიიჩნიეს მართებულად, ხოლო მოქალაქე ეკატერინე ინაშვილის საჩივარი კი უსაფუძვლოდ ჩათვალეს.