უნგრეთის 1956 წლის სახალხო აჯანყება და მისი გავლენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მომავლ ლიდერებზე

27 ივნისი 2016 Shadow

1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში სახალხო აჯანყება დაიწყო. უნგრელი ისტორიკოსების შეფასებით, ეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა იყო, საბჭოთა მეცნიერები კი მას „ანტისაბჭოთა, ფაშისტურ“ ამბოხად მოიხსენიებენ.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ცივი ომის პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირმა ნათლად წარმოაჩინა, რომ კომუნისტური რეჟიმის შენარჩუნებისთვის ის მზად იყო სამხედრო ძალა გამოეყენებინა ვარშავის ბლოკში შემავალი ქვეყნების წინააღმდეგაც.

ყველაფერი სტუდენტების მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციით დაიწყო, რომლებმაც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმისა და რესპუბლიკაში არსებული უამრავი სოციალური და პოლიტიკური პრობლემის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა.

დემონსტრანტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას 16 მოთხოვნა წაუყენეს, რომელთა შორის იყო: საბჭოთა ჯარების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა, სტალინის ძეგლის დემონტაჟი (განსხვავებით 1956 წლის 9 მარტის თბილისის მოვლენებისგან).

მოთხოვნათა უმრავლესობა საბჭოთა ხელისუფლებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. უნგრეთის ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით შეეცადა დემონსტრაციის დაშლას, რასაც სისხლიანი შეტაკებები მოჰყვა. სიტუაცია კიდევ უფრო ჯარის ხალხის მხარეზე გადასვლამ დაამძიმა და დემონსტრაცია სრულ ამბოხად გარდაიქმნა.

გამძვინვარებულმა ხალხმა, ერის მოღალატედ შერაცხულ კომუნისტებზე ფიზიკური იერიში მიიტანა და სტალინის, როგორც მათი უბედურების მთავარი მიზეზის ,ქანდაკება დაანგრია. სასწრაფოდ აირჩიეს ახალი ანტიკომუნისტური მთავრობა, რომელმაც დახმარებისთვის დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებს მიმართა. რაზე პასუხადაც საბჭოთა კავშირმა ჯარი გაგზავნა. ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ უნგრულმა რევოლუციურმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1956 წლის 23 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნგრული სახალხო აჯანყების დროს  2652 მეამბოხე დაიღუპა, 19 226 კი დაშავდა.

1956 წლის 9 მარტმა და უნგრეთში მიმდინარე მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მომავალ ლიდერებზე- მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზე.

ჯერ კიდევ მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროკლამაციები თბილისის ქუჩებში გამოაქვეყნეს, ისინი გმობდნენ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ერებისათვის თავსმოხვეულ, ძალადობრივ პოლიტიკას, ასევე უნგრეთში წითელი ჯარის ინტერვენციასა და იქ სახალხო, ანტისაბჭოთა გამოსვლების დარბევას.

Damoukidebloba.com ოკუპაციის მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ პროკლამაციას გთავაზობთ, რომლის ავტორიც მერაბ კოსტავა გახლათ.

„ ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის გაჟლეტვისა და აოხრების წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევარჩინოთ.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება. დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ საქართველოს დამპყრობთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ. მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლის ჯალათებისთვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო ადამიანთა სისხლი სამართალს ითხოვს, მათი აღასასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი ჩვენი საკუთარი თავის გარდა, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძმური სალამი და თანაგრძნობა გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა!  ხელები შორს უნგრეთისგან.

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი რუსი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა.

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი არ ასცდება.“

13537546_10154380115151177_6111392673033798905_n

ასევე, უნგრეთის სახალხო აჯანყების ამსახველ ფოტო-მასალას

ungreti1ungreti10ungreti2ungreti3ungreti4ungreti5ungreti8ungreti9