1991 წლის 9 აპრილი-საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

9 აპრილი 2016 Shadow

1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი გაძლიერდა. საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კომუნისტური რეჟიმის დასუსტების, ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის პირობებში იძულებული გახდა 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლითაც, ფაქტობრივად, უკანონოდ აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში. 9 მარტს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“, რომლითაც აღიარებულ იქნა, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა ინტერვენციასა და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო, პოლიტიკური თვალსაზრისით — ანექსიას. 

საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ აღიარა მრავალპარტიული არჩევნები და მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დაკანონებული იქნებოდა არა როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფორმალური გამგრძელებელი, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მასში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. 

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ 1989 წლის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მსურველები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილნი - ისინი, ვინც მოსკოვთან მკაცრ და უხეშ მიდგომას ანიჭებდნენ უპირატესობას და სურდათ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მიღება, მეორე ნაწილი კი თანდათანობით, რაციონალურად მიზნის მიღწევის მომხრენი იყვნენ. ამავდროულად, საქართველოში გაძლიერდა ანტი-ქართული განწყობები ეთნიკურ უმცირესობებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად მძაფრდებოდა ანტი-საბჭოთა განწყობა. დემონსტრანტები ანადგურებდნენ საბჭოთა სიმბოლოებს, მათ შორის ლენინის ქანდაკებას. ყოველ პარასკევს, იმართებოდა საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით. შენობებიდან მხოლოდ ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური ეკლესიის დროშები ფრიალებდა. ცვლილება შეეხო ენის საკითხსაც - ქართული სახელმწიფო ენად აღიარეს, სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება დაიწყეს.

ამ მოვლენების გაგრძელება იყო 1991 წლის 31 მარტს  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის საქართველოში  ჩატარებული რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.  რეფერენდუმის კითხვა  იყო : "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?"   კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა,  3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. ამ არჩევანით ქართველმა ხალხმა უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის პატივსაცემად, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა. 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".

aqti1

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაბრუნება იყო, რომელიც ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო საქართველოს ეროვნული მოძრაობის საქმიანობის მთავარი მიზანიც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში.

1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე მთავრობის სასახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით მიერ აღიარებული დებულებების შესახებ:

„დღეის შემდეგ მის (საქართველოს) ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად. საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო აქტები და კონვენციები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.“