ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომაროების შესახებ ანგარიში

9 ივნისი 2016 Shadow

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის იანვარი-მარტი პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
 
ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.
 
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების მიმართ არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
 
წინამდებარე ანგარიში ყურადღებას უთმობს დაა ანალიზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. პასპორტიზაციისახალ პროცესს და ეთნიკური  ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართის აღმართვა

საქართველოს, აფხაზეთისა ცხინვალის რეგიონისგან ყოფს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მიუყვება ამ ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. 2009 წელს, რუსეთის ფედერაციული უშიშროების სამსახურის ოფიცრებისთვის საოკუპაციო ხაზის კონტროლის გადაცემამ, კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ საზღვარებთან და მის მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. რუსეთი ზღუდავს ქართველების თავისუფლად გადაადგილების უფლებას, არ აძლევს უფლებას საქართველოს მოქალაქეებს გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის ხილნარზე, საძოვრებზე და სახნავ-სათეს მიწებზე. 2013 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება, რაც დამატებითი ხელოვნური ბარიერია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამჟამად, მავთულხლართების სიგრძე შეადგენს 51 კმ-ს ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში - 12 კმ-ს.

მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე; კერძოდ კი, მან ერთმანეთს დააშორა ოჯახები და თემები და ხელს უშლის ცალკეული ადამიანების ურთიერთობას;   ადგილობრივი მოსახლეობა ვერ შედის სოფლის სამეურნეო მიწებზე და ხელი აღარ მიუწვდება სასმელად ვარგის წყალზე/საირიგაციო სისტემაზე; ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია რელიგიური ადგილების მონახულების და სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას; და რაც ყველაზე შემაშფოთებელია ეს ბარიერები უბლოკავს ადგილობრივ მოსახლეობამდე გზას სასწრაფო დახმარების მანქანებს.

ახალი დისკრიმინაციული რეგულაციები

ანგარიშის მომზადების პერიოდში, კერძოდ 2016 წლის 1 თებერვალს, სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. კანონი „აფხაზეთში მცხოვრები უცხოელი მოქალეების სამართლებრივი სტატუსისა“ და „აფხაზეთში შესვლა-გამოსვლის“ შესახე არის. ორივე კანონი ძალაში 2016 წლის 1 აპრილის შემდეგ შევიდა ძალაში. სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციები მიზნად საზღვრის გაძლიერებასა და მიგრაციის კონტროლს ისახავს, რადგანაც, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, „უცხოელი მოქალაქეების“ დიდი რაოდენობა გადადის აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის გარეშე.

ახალი კანონი რეალურად აფხაზეთის რეგიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას ისახავს მიზნად, რომლებიც „უცხოელი მოქალეების სახელით არიან მოხსენიებული და საფრთხედ არიან წარმოჩენილი. ამიტომაც, ახალი კანონი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შემსვლელი „უცხოელი მოქალაქეებისათვის“ შემდეგ რეგულაციებს აწესებს: 1) შესვლის უფლება 2) დროებით ცხოვრების უფლება 3) ცხოვრების უფლება 4) სამუშაო უფლება. დროებითი ცხოვრების უფლების მიღება მაქსიმუმ 4 წლით არის დაშვებული. დროებითი ცხოვრების უფლების მისაღებად „უცხოელი მოქალაქეებისთვის“ გრძელი სიის დაკმაყოფილება უწევთ, მაგალით, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა, რომ ნარკოდამოკიდებული არ არის, არ აქვს ინფექციური დაავადებები, მათ შორის, აივ ინფექცია. ცხოვრების უფლების უფლება კი მაქსიმუმ 5 წლით არის შესაძლებელი.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ადამიანების ორ კატეგორიას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ცხოვრების უფლებაზე. პირველი- პირები, რომლებიც დაქორწინებული არიან „აფხაზ მოქალაქეზე“. მეორე- პირები, რომლებიც დაიბადნენ აფხაზეთში, როდესაც ის საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ სულ მცირე ათი წელი 1999 წლის შემდეგ აფხაზეთში.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პირს, რომლებიც

1)            წინააღმდეგი იყო ან არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის და არ აღიარებს მის სუვერენიტეტს

2)            წარმოადგენს საშიშროებას აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის

3)            მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის წინააღმდეგ ომში 1992-1993 წლებში

არ აქვს აფხაზეთში შესვლის უფლების მოპოვების საშუალება.

ევროპის საკონსულოს განცხადების თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენეს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შესაძლებლობას იყიდონ/ან დაარეგისტრირონ კუთვნილი მიწა თუ საკუთრება. ასევე, ეზღუდებათ ადამიანის საყოველთაო უფლებების გამოყენების საშუალება, კერძოდ, თავისუფლად გადაადგილების უფლება,

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შესახებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელთაც ქართული პასპორტები აქვთ, აფხაზეთში ცხოვრების უფლებაზე განაცხადის შეტანის უფლებაც აღარ ექნებათ.  გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების სრულ უმრავლესობას კი ქართული პასპორტები აქვთ, რაც მათ „უცხოელი მოქალაქის“ სტატუსს ანიჭებს.

მსგავსი კანონი მიიღეს ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმაც, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა და საფრთხის წინაშე დააყენა ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, გადაადგილების, საკუთრების, ხმის მიცემის უფლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე განათლების მიღების შესაძლებლობაც.

ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, აფხაზეთში უვიზოდ შესვლის უფლება მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. შედეგად, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ნიკარაგუის და ტუვალუს მოქალაქეები შეძლებენ აფხაზეთში ვიზის გარეშე შესვლას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შიშობს, რომ ეს პროცესში შეიძლება ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის დაწყების წინაპირობა გახდეს.

პასპორტიზაციის ახალი ტალღა

ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალი ტალღა, რომელიც  2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთში დაიწყო, 250 ათას ე.წ. „პასპორტის“ და 50 ათას ე.წ. „ბინადრობის ნებართვის“ დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას გულისხმობს, არაუგვიანეს 2016 წლის თებერვლისა. „პასპორტიზაციის“ უკანონო ტალღასთან პირდაპირ კავშირშია 2016 წლის 1 თებერვალს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება. მიმდინარე წლის 23 იანვარს ასეთივე დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც.

2016 წლის პირველ კვარტალურ ანგარიშში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და საკუთრების უფლების შეზღუდვაზე.


დასასრულს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული რთული ვითარება კიდევ ერთხელ ცხადყო 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ გალის რაიონის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობამ, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოხდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ხსენებული კრიმინალური აქტი ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას. მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საეთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელი და სისტემატური დაშვების  აუცილებლობას.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.