ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის I ანგარიში

14 ივნისი 2017 Shadow

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც  2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მოიცავს.

ანგარიშის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში :

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ. რეზოლუციაში შეშფოთებას გამოთქვამენ, საერთაშორისო და რეგიონალური მონიტორების ოკუპირებულ რეგიონში არ შეშვების ფაქტზე.

- 2017 წლის 3 მარტს, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში 2016 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთის , აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალნი, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით,  უზღუდავენ შესაძლებლობას იმოქმედონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საანგარიშო პერიოდისთვის არსებული მაგალითები შეიცავს  წამებისა და ცუდად მოპყრობის, თვითნებურად დაკავების , მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა  და დისკრიმინაციის  აკრძალვის სფეროში  სერიოზულ დარღვევებს.

წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკა   

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული  წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკა   საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც  შეშფოთების საგნად რჩება, რაც დასტურდება  საანგარიშო პერიოდში ან საანგარიშო პერიოდის შესახებ  გამოქვეყნებულ სხვადასხვა მოხსენებაში.           

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სფეროში  2016  წელს არსებული ვითარებაზე წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ინდივიდები, რომლებიც შემდგომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, პატიმრობისას ცუდად მოპყრობისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ, მაგალითად, ანთებული სიგარეტით მიყენებულ დამწვრობებსა და ცემაზე.

- საანგარიშო პერიოდის დროს, 2017 წლის 23 თებერვალს, ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს გორის რაიონის სოფელ გუგუნიანთკარის ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ხაზის ე.წ. „არალეგალურად გადაკვეთისთვის“.  მოქალაქე დაკავებისას საოკუპაცო ხაზის მახლობლად მდებარე საკუთარ ეზოში ფიჩხს აგროვებდა. მას პატიმრობაში ყოფნისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.   განთავისუფლების შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის   გამო, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს გორის საავადმყოფოში, სადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

- ასევე საანგარიშო პერიოდის დროს, 2017 წლის 3 მარტს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთი მაცხოვრებელი გაიტაცეს და აწამეს. 

თვითნებური დაკავება

საანგარიშო პერიოდში  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ, გამოთქვამს შეშფოთებას „ორივე რეგიონში არსებული ადამიანების გატაცებისა და თვითნებური დაკავების ფაქტების  თაობაზე.“  

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხანგრძლივი დაკავებები შეიძლება ისევ განახლდეს, რისი მიზეზიც გორს რაიონის მაცხოვრებლის- გიორგი გიუნაშვილის საქმეა, რომელიც 2016 წლის ივნისში ე.წ. „საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის“ დაკავების ფაქტზე დააკავეს, საანგარიშო პერიოდის დროს კი, 2017 წლის 3 თებერვალს  20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს „იარაღის ვითომდა  უკანონო შენახვის გამო“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია თვითნებური დაკავებების რანდენიმე ფაქტი:

- 2017 წლის 7 იანვარს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვართან რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა მიმდებარე სოფლის ადგილობრივი მოსახლე დააკავეს, მაშინ, როდესაც ის უახლოვდებოდა ადგილობრივ ეკლესიას მართმადიდებლური  შობის დღესასწაულის აღსანიშნად .      

- 2017 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისის მაცხოვრებელი ორი ქალბატონი რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკვეს ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვართან.

- 2017 წლის 16 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის ქალაქ ანაკლიის მაცხოვრებელი, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკავეს ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ახლოს და წაუყენეს „სისხლის სამართლის“ ბრალდება ისევ ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ მიზეზით. მოგვიანებით დაკავებული გაანთავისუფლეს და  აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალეს იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ    „სისხლის სამართლის საქმის“   განხილვა მიმდინარეობს.

- 2017 წლის 9 მარტს, სამი ქალი დააკავეს  აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან  ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ყველა მათგანი გადაიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე „სოხუმის  ე.წ. დაკავების ცენტრში“.  როდესაც ქალბატონები დააკავეს, ისინი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნ ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.  

გადაადგილების თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15-ე კონსოლიდირებული  ანგარიშის თანახმად,ყველაზე მეტი კრიტიკული შენიშვნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (აფხაზეთის რეგიონში)   ეკუთვნის   ორი დამატებით გამშვები პუნქტის დაკეტვას ადმინისტრაციულ საზღვარზე, კერძოდ, ხურჩა/ნაბაკევისა და ოტობაია/ორსანტიის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ  2016 წელს 28 დეკემბერს  მიღებული  გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ძალაში 2017 წლის 5 მარტს შევიდა.

ამის შემდეგ გადაადგილება უარესად გამკაცრდა, აფხაზეთის მოსახლეობას სულ უფრო მეტად უჭირს ჯანდაცვაზე და განათლებაზე წვდომა და ეკონომიკურ აქტივობაში  და სოციალურ მოვლენებში მონაწილეობის მიღება, როგორიცაა ქორწილები, პანაშვიდები და დაკრძალვები, საჯარო დღესასწაულები, ისევე როგორც საოჯახო შეკრებები. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც სასაზღვრო ხაზთან  ახლოს ცხოვრობს. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ნაწილი 2017 წლის 23 იანვარს ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ გამოვიდა.  ასევე, 2017 წლის 25 იანვარს გალის რაიონის დაახლოებით 200-მა ეთნიკურად ქართველმა   მშვიდობიანი საპროტესო მიტინგი გამართა დამატებით კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო.

საკუთრების უფლება

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის 1 იანვარს, ე.წ. „რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის კანონი“   ოკუპირებულ აფხაზეთში  ძალაში შევიდა.  ე.წ. „კანონი“ არეგულირებს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ საკუთრების პრივატიზაციის პროცესს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ე.წ. კანონი ხელს უხსნის    აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიტოვებული ქონების უკანონოდ გაყიდვის პერსპექტივას, რომელიც  მანამდე   „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მფლობელობაში  იყო.

საკუთრების უფლების შელახვა ხდება ცხინვალის რეგიონშიც. 2017 წლის 3 მარტს გამოქვეყენბ სტატიაში ვკითხულობთ: „ფერმერებმა ერთ ღამეს დაიძინეს და ეგონათ, რომ მათი მინდვრები და ხილის ბაღები საქართველოს ტერიტორიაზე იყო და მეორე დღეს კი გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ აღმართული ღობეები და სანგრები სულ სხვა რაღაცას აღნიშნავდნენ. ახალი მწვანე ნიშნები იუწყებოდნენ სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვრის“ არსებობას იქ,  რაც  მანამდე ქართულ ტერიტორიად  ითვლებოდა.“

2017 წლის 2 მარტს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  „მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ არ უნდა დაამუშაონ საზღვრის ხაზის მეორე მხარეს მდებარე მიწები... და ამ წელს არანაირი კომპრომისი არ იქნება დაშვებული უკანონო მოსავლის აღებასთან დაკავშირებით“.     

2017 წლის 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს ე.წ.“კანონის“მიღებას, რომელიც ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო  საკუთარი ნივთების ჩამორთმევის უფლებას იძლევა“.

საკუთრების შელახვის რამდენიმე ფაქტია მოყვანილი ანგარიშში, მათ შორის 2017 წლის 22 იანვრის შემთხვევა, როდესაც რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაჩხრიკეს და ჩამოართვეს კუთვნილი ტელეფონები მხოლოდ იმის გამო, რომ მობილური ტელეფონები ქართული მობილური ქსელის ოპერატორში იყვნენ ჩართულნი.  იგივე წყაროს თანახმად, იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზეთის საოკუოპაციო  ხაზის გადალახვა სურთ, აიძულებენ დამატებითი ბაჟის გადახდას მათი პირადი ნივთებისთვის, თუ ისინი 10 კილოგრამს აჭარბებენ.    

მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ სიტუაცია უცვლელი რჩება. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ 15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა, “რუსულმა ენამ ქართული ენა ჩაანაცვლა  ქვემო გალის 11-ვე სკოლაში (აფხაზეთის რეგიონი)  პირველი კლასიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, გალის ზემო ზონაში შემოტანილი პრაქტიკის მსგავსად, სადაც 2008 წლიდან ყველა სკოლა რუსულ პროგრამაზე გადავიდა. ამ კლასებში ქართული ენის სწავლება შეიზღუდა ორი გაკვეთილით კვირაში და ქართული როგორც უცხო ენა ისე ისწავლება.“

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის I კვარტალური ანგარიში