1937 წლის 22 ივლისს ჯაშუშად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად მონათლულმა პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა.
პაოლო იაშვილი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაიბადა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ ის დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილ წარმომადგენლებთან - ვალერიან გაფრინდაშვილთან და ტიციან ტაბიძესთან ერთად. პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული მის საქმიანობაში. სწორედ პაოლო იაშვილის უშუალო რედაქტორობით გამოიცა ქუთაისში ორი ჟურნალი „ოქროს ვერძი“ და „ცისფერი ყანწები“.
საბჭოთა ლიტერატურაში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს და სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა ლექსი „ახალ საქართველოს“. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს პოეტი საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად იბრძოდა, როდესაც, სინამდვილეში, ის ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი იყო. ეს სულისკვეთება კარგად ჩანს მისი ოჯახის ისტორიაშიც - 1924 წელს მისი 22 წლის ძმა სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისთვის შორაპანში დახვრიტეს, მეორე ძმა კი - 1940 წელს გადაასახლეს.
პაოლო იაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. ის კოტე მარჯანიშვილთან ერთად იბრძოდა ქართული თეატრის აღორძინებისთვის. იმ პერიოდში მწერლობა, მხატვრობა, თეატრი ერთადერთი საბრძოლო ასპარეზი იყო, სადაც ქართველი მოღვაწეები თავიანთ სათქმელს ამბობდნენ, ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლების დარტყმის ობიექტი სწორედ ეს სფეროები გახდა. ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება საბჭოთა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იყო.
1936-1937 წლებში მიმდინარე კამპანია „ანტიპარტიული კონტრრევოლუციური მემარჯვენე ტროცკისტული ცენტრის“ წინააღმდეგ შეეხო მწერალთა გარკვეულ ჯგუფსაც. 1936 წლის 10 ნოემბერს პაოლო იაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მოწმის სახით დაკითხეს. 1937 წ. 15 მაისის მოხსენებაში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ „ცისფერყანწელების“ არასანდო და საეჭვო საქმიანობაზე ისაუბრა. „ცისფერყანწელების“ ჯგუფის გაუქმებამ პოეტზე განსაკუთრებით იმოქმედა.
ცისფერყანწელთა "აღიარებითი" ჩვენებები თავმოყრილია დოკუმენტში, რომელიც შინაგან საქმეთა საარქივო სამმართველოში ინახება და რომელიც შსს-ს “საარქივო მოამბეში” პირველად გამოქვეყნდა. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, როგორი სასტიკი წამების შემდეგ უხდებოდა ინტელიგენციის წარმომადგენლებს აღიარებითი ჩვენების მიცემა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ხსენებულ ანგარიშში ჩადებულ "აღიარებით" ჩვენებებში წერია, რომ ლიტერატურული ჯგუფები და გაერთიანებები, მათ შორის, "ცისფერყანწელები", ქართული მწერლობისა და პოეზიის განვითარებას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ "ფაშისტური და კონტრრევოლუციური ორგანიზაციები" იყვნენ.
ამ პერიოდის შემდეგ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე ხშირად ისმოდა მისდამი ბრალდებები “მოღალატური საქმიანობის" გამო. ცხადი გახდა, რომ მალე პაოლოსაც დასჯიდა საბჭოთა ხელისუფლება. პოეტმა კი გადაწყვიტა, რომ მათთვის დაესწრო და 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. ამ დღის ამბებს ასე აღწერს სერგო კლდიაშვილი:
„1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.
თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.
ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი… არ ცდილობს თავის დაცვას…
მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე.
პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და… ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის.
ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…
მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.
პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.
„აღიარე“ – მოითხოვს დემეტრაძე.
- რა ვაღიარო. – ხმას უმატებს ბელიაშვილი – არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”
დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი. უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის… ვინ გაისროლა, რა მოხდა?!
ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: „თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!“
თვითმკვლელობის წინ პაოლომ წერილი შვილს მედეას დაუტოვა, სადაც წერს:
„ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა.“
საბჭოთა ხელისუფლებამ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა პროვოკაციად შეაფასა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომის ოქმი, სადაც პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა შემდეგნაირადაა შეფასებული:
„პ. იაშვილის თვითმკვლელობა, გამოაშკარავებული როგორც ჯაშუში და სახელმწიფოს მტერი, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, დაიკრძალოს როგორც სახელმწიფოს მტერი.
ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კონტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“
სხდომის ოქმზე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას ხელმოწერაა.
წყარო: საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, მე-2 განყოფილება, ფონდი 14, აღწერა N11, საქმე N8 გვ 58.
1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა, "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!". რაზეც პასუხად, 4 დღის შემდეგ, 1937 წლის 26 ივლისს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს.“
მწერალთა კავშირის ინიციატივით 22 ივლისი, ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა დღედ გამოცხადდა. სწორედ ამ დღეს საქართველოს მწერალთა სასახლეში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, რომელზეც 13 გვარია ამოტვიფრული: მემედ აბაშიძე, გერცელ ბააზოვი, ბენიტო ბუაჩიძე, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, პავლე საყვარელიძე, ტიციან ტაბიძე, დია ჩიანელი, გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ოლია ოკუჯავა.