წყარო: რუსთავი 2
23 აგვისტოს მსოფლიო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. წელს 76 წელი გავიდა თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერიდან, რომელმაც რეალურად მეორე მსოფლიო ომს დაუდო საფუძველი.
დოკუმეტი, რომლითაც ორი ტოტალიტარული იმპერია - საბჭოთა კავშირი და გერმანია - აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე თანხმდებოდა, 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გაფორმდა.
მას ხელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი და მისი საბჭოთა კოლეგა მოლოტოვი აწერდნენ. საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა რომ ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთ პოლონეთი და ბესარაბია საბჭოთა კავშირს, ხოლო ლიტვა და დასავლეთ პოლონეთი ფაშისტურ გერმანიას ერგო.
ფაშისტური და კომუნისტური სახელმწიფოების პირველი მსხვერპლი პოლონეთი გახდა, ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის ნახევარი ფაშისტურმა არმიამ მეორე ნახევარი კი საბჭოთა კავშირმა დაიკავა. შემდეგ მასობრივი რეპრესიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგრძლდა, რასაც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გარიგების უარყოფით შედეგებზე ისტორიკოსები დღემდე საუბრობენ და პარალელებს რუსეთის თანამედროვე მმართველობასთან ავლებენ.