1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია - მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. იგი ძალაში შევიდა 1995 წლიდან საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილსამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.