საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ისტორია 468 წელს იწყება, როდესაც მან ანტიოქიის პატრიარქისგან მიიღო ავტოკეფალია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობამ მნიშვნელოვნად განაპირობა ეროვნული კულტურის- მწერლობის, არქიტექტურის, ფერწერის განვითარება. თუმცა, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერატორის უხეში ჩარევით ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელდა უკანონო ქმედებები. ამ ქმედებებმა გამოიწვია ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობის შეწყვეტა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და უმძიმესი შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს.
1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსეთის მხრიდან დაირღვა მოციქულთა 34-ე კანონი, რომლის მიხედვითაც "ყველა ერის ეკლესია უნდა იმართებოდეს საკუთარი ეპისკოპოსების მიერ".
რუსეთის ინტერესი ქართული ეკლესიის მიმართ ჯერ კიდევ 1783 წელს გეორგიევსკში დადებულ ტრაქტატში გამოვლინდა . კანონიკურად არასწორად იყო შედგენილი ტრაქტატის მე-8 მუხლი, რომელშიც ქართული ეკლესიის მეთაური რუსეთის სინოდის რიგით წევრად ცხადდებოდა.
საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარქოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმინდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია 5-მდე შემცირდა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აშენებდა.
საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად, გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი, დიმიტრი ყიფიანმა საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს. (რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიისადმი მიყენებულ ზარალზე უფრო ვრცლად damoukidebloba.com-ის სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.)
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XX საუკუნის დამდეგს დაიწყო. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ: ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდე (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). ქართველი სამღვდელოების ძალისხმევით 1905 წლის ივნისში თბილისში მოიწვიეს ქართველი სამღვდელოების კრება, რომლის გადაწყვეტილებაც ასეთი იყო: „მხოლოდ თავისუფალ თვითმმართველ ეკლესიას ძალუძს დაიცვას წმინდა რწმენა თავისთავში და მთლიანად ფლობდეს ხმას თავის მაღალ ღვთაებრივ ცნობასა, რომლისგანაც აალდება ადამიანთა გულები”.
ბრძოლაში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ქართველ სამღვდელოებასთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორი ნიკო მარი. მათ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.
1917 წლის თებერვლის დასასრულს რუსეთის ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა. 1917 წლის 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე კი, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1917წ. 27 მარტს რუსეთის დროებითმა მთავრობამაც აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. უკვე სექტემბერში 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათალიკოს პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს.
თუმცა, საკმაოდ გრძელი და რთული იყო გზა სხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარებამდე. ეს პროცესი 1990 წელს დასრულდა, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა, ხოლო ამავე წლის ოთხ მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მსოფლიო პატრიარქმა, დიმიტრიოსმა, საზეიმო ვითარებაში გადასცა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის დოკუმენტი, რითაც მსოფლიო ქრისტიანულმა სამყარომ საბოლოოდ აღიარა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა.
წყარო: archive.security.gov.ge
orthodoxy.ge