1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. გარემო დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით: ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, სტრონციუმი და გამოიწვია დიდი სიკვდილიანობა და ხალხის მასიური დაავადება. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
დაბინძურებაში მოჰყვა 200 000 კმ²-ზე მეტი ტერიტორია, ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. რადიოაქტიური ნივთიერება ვრცელდებოდა აეროზოლის სახით.
ავარიის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელი ბორის შერბინი. სამუშაოების კოორდინაციისათვის ასევე ბელორუსში, სსრკ-ის უკრაინაში და რსფსრ-ში (რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკა) შეიქმნა რესპუბლიკური კომისიები, სხვადასხვა უწყებითი კომისიები და შტაბები.
პირველ დღეებში ძირითადი ძალები მიმართული იყო დანგრეული რეაქტორიდან გამომავალი რადიოაქტიური ნივთიერებების შემცირებასა და სხვა უფრო სერიოზული შედეგების აღმოფხვრაზე.
დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მოხდა მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს, სსრკ-ის მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით.
ჩერნობილის ავარია სსრკ-ისთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. ამ ავარიამ, როგორც ხალხს ასევე მთლიანად სსრკ-ის დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩერნობილის ავარიის მიზეზის ორი ოფიციალური ახსნა არის გავრცელებული, თუმცა, ასევე არსებობს რამდენიმე ალტერნატიული, სხვადასხვა დონის დამაჯერებელი ვერსიები.
უპირველეს ყოვლისა ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. მსგავსი პოზიცია დაიკავა კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის სსრკ-ში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ ). ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (МАГАТЭ), 1986 წლის ანგარიშში მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე.
თუმცა ბოლო წლებში ავარიის მიზეზების ხელახალი გამოძიება დაიწყო. ატომური უსაფრთხოების კომიტეტის (INSAG) კონსულტანტებმა 1993 წელს გამოაქვეყნეს ახალი ანგარიში, რომელიც მეტ ყურადღებას უთმობდა რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს და 1986 წელს საბჭოთა კავშირის მიერ აღიარებულ შეფასებას მცდარად აფასებდა.
1995 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა მემორანდუმს უკრაინის მთავრობას, ევროპის საბჭოსა და „დიდ შვიდიანს“ შორის, რომლის მიხედვითაც დაიწყო სადგურის 2000 წლისათვის დახურვის პროგრამა. 2000 წლის 15 დეკემბერს რეაქტორის მესამე ბლოკი სამუდამოდ დაკონსერვდა.
ატომური ელექტროსადგურის დაღუპული თანამშრომლების და მეხანძრეების გარდა, ავარიას მიეწერება დაავადებული სამხედროებისა და სამოქალაქოთა რიცხვი, ასევე იმ რაიონების მაცხოვრებლების რიცხვი, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ზონაში მოყვა.
საბჭოთა კავშირის პოლიტიკისთვის, სადაც მაქსიმალურად ცდილობდნენ გაერთიანების შიგნით ყველაფერი იდეალურად წარმოეჩინათ, ჩერნობილის კატასტროფა სახიფათო იყო და ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა სიძლიერისა თუ სამეცნიერო სფეროში უპირატესობის ნარატივს. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ში ცდილობდნენ ჩერნობილის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ და მისი თანმდევი შედეგებიც ნაკლებად მძიმედ წარმოეჩინათ.
იმის განსაზღვრა, თუ დაავადებების რომელი ნაწილი მიეკუთვნება ჩერნობილის ავარიის შედეგებს დღესაც ძნელი დასადგენია მედიცინისათვის და სტატისტიკისათვის. ითვლება, რომ სასიკვდილო შემთხვევების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო, ან იქნება რადიაციის ზემოქმედებით გაჩენილ კიბოსთან.