27 სექტემბერი სოხუმისთვის გადამწყვეტი დღე აღმოჩნდა 1992-1993 წელს აფხაზეთში მიმდინარე ომში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
აფხაზ სეპარატისტთა ძალებს ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.