წყარო: რუსთავი 2
ახალგორთან დამაკავშირებელი გზაზე მოსახლეობა უკვე ერთი დღეა, აღარ გადაადგილდება. საოკუპაციო ძალებმა ახალგორის მაცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა გუშინ 2 დღით აუკრძალეს.
ოფიციალური განმარტება ცხინვალში არ გაკეთებულა. ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ შესაძლოა, ახლაგორელებს ცხინვალმა ახალი საშვების აღებაც მოსთხოვოს. ინფორმაცია ახალი საშვებისა და პასპორტების შესახებ ახალგორის მოსახლეობას ცხინვალის წარმომადგენლებმა ერთი თვის წინ გააცნეს.
ახალგორელების გარდა, პრობლემები აქვთ სოფელ ოძისის მაცხოვრებლებსაც.სოფელი, რომელიც ახალგორის რაიონს ესაზღვრება, რუსი სამხედროების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მდინარე ქსნის ხეობით ვერ სარგებლობს.
ახალგორელების პრობლემაზე ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებმა დღეს დუმილი არჩიეს. უცნობია ისიც, დადგება თუ არა მათი საკითხი რუსულ მხარესთან მორიგი შეხვედრის დროს.