კომუნისტური რეჟიმისათვის ქართული მწერლობა და კულტურა განსაკუთრებით საინტერესო იყო და უმთავრეს ამოცანასაც ქართველი ინტელიგენციის დამორჩილება წარმოადგენდა. ცენტრალურ კომიტეტში სწორედ ამ მიზნით შეიქმნა აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო. აღნიშნულ სამსახურებს მეცნიერებაში და ხელოვნების სხვადასხვა დარგში ჩარევისა და ცენზურის შეუზღუდავი უფლებები ჰქონდათ. ლიტერატურის კუთხით ამ ტიპის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია „რაპპი“ (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) გახლდათ. „რაპპის“ ფილიალი საქართველოშიც ფუნქციონირებდა.
ერთ-ერთი ვისი ნაწარმოებები და მოღვაწეობაც საბჭოთა კავშირმა სახიფათოდ მიიჩნია, მიხეილ ჯავახიშვილი იყო. ის ორჯერ დააპატიმრეს- პირველად- 1923 წლის მარტში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, მაშინ ქართველი მწერლები დაუდგნენ თავდებად, დახმარება სერგო ორჯონიკიძეს სთხოვეს და სიკვდილს გადაურჩა.
1937 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ქართულ მწერლობასა და მწერლებს შეეხო. „ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქართველი ხალხის მტრებთან. სერიოზულად დაფიქრდნენ და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას, ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა, ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს.
მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა, ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.
ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები.
საბჭოთა მწერალი, პირველ რიგში, ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.
ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავიანთ წარსულ საქმეებს, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი.”“
ლავრენტი ბერიას ამ სიტყვებით დაიწყო ქართველი მწერლების „წმენდა“ და სისხლიანი რეპრესიები, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ამ გამოსვლიდან მალევე, 1937 წლის 15 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი მეორედ დააპატიმრეს, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე.
მიხეილ ჯავახიშვილის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. ბრალდებები კი ასე ჟღერდა: ”იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიული მავნებლური და ჯაშუშური ცენტრის თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.”
საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ის ჯავახიშვილი ჯერ მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ კი სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა მიუსაჯეს. ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, მისი ნაწარმოებები კო აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
მწერალთა კავშირის სხდომაზე 1937 წლის 17 აგვისტოს დაადგინეს: „დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანის და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი. დაევალოს „ლიტ. საქართველოს“ რედაქციას, მოათავსოს ერთი გამანადგურებელი წერილი მიხ. ჯავახიშვილის მოქმედების შესახებ.“
1937 წლის 30 სექტემბერს კი ქართველ მწერალთა კრების გადაწყვეტილება- ”გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისგან” გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა.
1937 წლის 30 სექტემბერს გამართული სხდომის (მონაწილეობდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო) გადაწყვეტილების საფუძველზე- მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს.
სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1954 წლის 26 ივნისის განჩინებით კი მიხეილ ჯავახიშვილი რეაბილიტირებულია. №4н-06914/54 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
სტატიაში გამოყენებულია ჟურნალ "საარქივო მოამბის" მასალები.