9 მარტის შემდგომი რეპრესიები

28 ივლისი 2015 Shadow

ავტორი: მერი ბარბაქაძე

სტატია მომზადებულია ჟურნალ "საარქივო მოამბესთვის"

ქვეყნდება მცირედი შემოკლებით

 

ნიკიტა ხრუშჩოვი, ე.წ „დათმობის“ პოლიტიკის გამტარებელი, რომელშიც გადასახლებულთა და დახვრეტილთა ოფიციალურ რეაბილიტაციას, ცენზურის შემცირებასა და სიტყვის თავისუფლებას გულისხმობდა, 1956 წლის 9 მარტს თბილისში საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოსული  ქართველი ახალგაზრდების ტანკებით, ტყვიამფრქვევებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით დარბევას არ მორიდებია.

10 მარტს, დილით, თბილისი ნაომარ ქალაქს ჰგავდა.

„...ქუჩები ისევ სავსეა მოტირალი ხალხით, ვინ შვილს დაეძებს, ვინ - დედას, ვინ - მამას, ვინ - დასა თუ ძმას. ქუჩები ასევე სავსეა საბრძოლო ტექნიკითა და ჯარით. იცავენ კავშირგაბმულობის შენობას, ცეკას, მთავრობის სასახლეს, ბანკებს. სტალინის ძეგლი გარშემორტყმულია ჯარით. მარქსის სახელობის ხიდზე შეწყვეტილია მოძრაობა. ძეგლისაკენ არავის უშვებენ. ხალხში დიდი მღელვარებაა, სხვადასხვა კუთხიდან მოჰყავთ და მოჰყავთ დაპატიმრებულები“, _ ასე იხსენებს 10 მარტის დილას თავის მოგონებებში ყოფილი პოლიტპატიმარი, ცნობილი ქართველი მწიგნობარი და პოეტი ა. წერეთელი.

9 მარტის სისხლიანი ღამის შემდეგ, 10 მარტს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში რადიოთი თბილისის გარნიზონის უფროსის ბრძანებასა და პარტიისა და ცენტრალური კომიტეტების მიმართვას გადასცემდნენ.

 

დოკ. #1 

ბრძანება

ქალაქ თბილისის გარნიზონის უფროსისა #4

9 მარტი 1956 წელი                                                           ქ. თბილისი

უკანასკნელ დღეებში ქალაქ თბილისში ზოგიერთი პიროვნების მიერ ადგილი ქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რაც ხელს უშლის წარმოებებისა და დაწესებულებების ნორმალურ მუშაობას და ქალაქის ცხოვრებას. იმ მიზნით, რომ არ იქნას დაშვებული ქალაქში წესრიგის დარღვევის შემთხვევები

ვბრძანებ:

ქალაქ თბილისის კომენდანტმა პოდპოლკოვნიკმა მაკუშევმა 1956 წლის 9 მარტის 24 საათიდან დააწესოს სამხედრო პატრულირება.

საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირები და ქალაქში ნორმალური ცხოვრების  ხელის შემშლელები დაკავებული იქნან და გაგზავნილი მილიციაში პასუხისგებაში მისაცემად. 

ქალაქ თბილისის გარნიზონის უფროსი, გენერალ-მაიორი გლადკოვი.~

 (სტილი დაცულია)

 

მიტინგის დარბევიდან რამდენიმე საათში საქართველოს კომპარტიისა და კომკავშირის  ცენტრალური  კომიტეტების მოწოდებებიც გავრცელდა. მიმართავდნენ ყველა კომუნისტსა და კომკავშირელს, დაუყოვნებლივ აღედგინათ სრული წესრიგი ქალაქში, აელაგმათ დეზორგანიზატორები და პროვოკატორები, უზრუნველეყოთ ყველა დაწესებულებისა და სასწავლებლის ნორმალური მუშაობა.

10 მარტს, ქ. თბილისში საჯარისო ნაწილები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის სარდლის, არმიის გენერლის, ფედიუნინსკის გეგმისა და დირექტივების მიხედვით განლაგდნენ.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 მარტს, ღამის 3 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო შეიკრიბა. გთავაზობთ ბიუროს სხდომის ოქმს:

 

დოკ. #4

 1956 წლის 10 მარტი (3 სთ. 30 წთ.)

ქალაქ თბილისში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები:

(ამხ.: გიორგაძე, შიკინი, კუჭავა, ჯანჯღავა, ფედიუნინსკი, მჭედლიშვილი, კვაჭაძე, სეხნიაშვილი, ჯანელიძე)

ამხ. ვ. მჟავანაძე

  1. ქ. თბილისის საქალაქო და რაიონულ პარტიულ კომიტეტებს დაევალოთ:

ა). 1956 წლის 10 მარტს, დილის 7 საათზე, ყველა საწარმოსა თუ დაწესებულებაში, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში, სამუშაოს დაწყების წინ ჩატარდეს პარტიული კრება, სადაც პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს თბილისში არსებულ ვითარებას. გაიკიცხოს ხულიგნების, პროვოკატორებისა და ანტისაბჭოთა ელემენტების ქმედებები. კომუნისტებს, კომკავშირლებს, მუშებს, მოსამსახურეებს, მოსწავლეებსა და ქალაქ თბილისის ყველა მშრომელს წაეკითხოთ საქართველოს კომპარტიისა და კომკავშირელთა ცენტრალური კომიტეტების მიმართვები, ასევე _ 1956 წლის 9 მარტის თბილისის გარნიზონის უფროსის #14 ბრძანება.

ბ). აუცილებლობის შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად თბილისის ყველა რაიონში  მზადყოფნაში იყოს არანაკლებ 2000 კომუნისტი.

2). საქართველოს სსრ განათლების მინისტრსა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების  დირექტორებს დაევალოთ, გამოსცენ სპეციალური ბრძანება სასწავლებლებიდან იმ მოსწავლეთა გარიცხვის თაობაზე, რომლებიც არასაპატიო მიზეზით გააცდენენ სასწავლო პროცესს.

3). გათვალისწინებულ იქნას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალ ფედიუნინსკის განცხადება, ქ. თბილისში წესრიგის დასამყარებლად საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ.

 

dok 411 მარტს, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე ფედიუნინსკის, ჯანჯღავასა და ინაურის განცხადებით,  მდგომარეობა თბილისში, ქუთაისსა და გორში სტაბილური იყო. 11 მარტის დილას თავის მოგონებებში ა. წერეთელი აღწერს: „11. 03.  ცხრა საათზე გამოვედი სახლიდან. უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პირდაპირ შემხვდა ავტომატებით აღჭურვილი ხუთი ჯარისკაცი. ...ქალაქის სამხედრო კომენდატურის წინ, მთელი ქუჩის სიგრძეზე ჩამწკრივებული და სრულ მზადყოფნაშია დიდძალი ჯარი და ავტომანქანები. ქუჩები სავსეა ტირილისგან თვალებდასიებული ჭირისუფლებით. მათ ხმამაღლა ტირილის უფლებას ვინ მისცემს. მიცვალებულს, ვინც არ დაიკარგა და იპოვეს, პატრონებს მაინც არ აძლევენ. მათი რიცხვი დაახლოებით 200-210-ს აღწევს...“

ტრაგედიიდან მხოლოდ მეხუთე დღეს, 14 მარტს დაიწყო ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების ,,გაცემა”. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, მიტინგზე დახოცილი  ახალგაზრდების რიცხვი არ გახმაურებულიყო. ჭირისუფლებს სწორედ ამ მიზნით არ მისცეს უფლება წესისამებრ დაეტირათ და დაემარხათ მიცვალებულები. დაკრძალვას უშიშროების 4-5 მეთვალყურის თანხლებით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ნათესავების დასწრება აკრძალული იყო.

საგანგებო მდგომარეობა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან სრულ მობილიზაციას მოითხოვდა. ანტისაბჭოთა ელემენტების წინააღმდეგ მხოლოდ საგამოძიებო ღონისძიებების დაწყება საკმარისი არ იყო. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორად წარმართულ აგიტაცია-პროპაგანდულ სამუშაოებს, ე.წ იდეოლოგიურ რეპრესიებს. 10 მარტიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში აქტიურად ტარდებოდა პარტიულ-კომკავშირული, მუშათა და მოსამსახურეთა საერთო კრებები, სადაც 5-9 მარტს განვითარებულ მოვლენებსა და XX ყრილობის მასალებს განიხილავდნენ.

ამიერიდან პარტიული ორგანიზაციების მთელი აგიტაციურ-პროპაგანდული საქმიანობის საფუძველი XX ყრილობის გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებული მითითება მიეცათ პარტიულ ორგანიზაციებს, გაეძლიერებინათ პოლიტაღმზრდელობითი პროპაგანდა საწარმოებში, კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში, სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მშენებლობებზე, მოსახლეობაში. გამოეყენებინათ მასობრივი პოლიტიკური სამუშაოების ყველა ფორმა და საშუალება - ზეპირი და ბეჭდვითი პროპაგანდა, რადიო, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს კპ ცკ მეცნიერებისა და კულტურის განყოფილებამ 12 მარტს, დისერტაციების თემატიკის შეცვლასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე უმაღლეს სასწავლებელთა დირექტორები და საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები მიიწვია. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრებს სასწავლო პროგრამაში XX ყრილობის მასალების შეტანა დაევალათ. გასატარებელი რეფორმების შესახებ მითითებები მიიღეს სკოლების ხელმძღვანელებმაც. თეატრებისა  და კინოთეატრების დირექტორებს  რეპერტუარის შეცვლა დაევალათ.

5-9 მარტის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი. 5-9 მარტის გამოსვლებში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას უნივერსიტეტში სუსტი პოლიტაღმზრდელობითი საქმიანობის შედეგს უკავშირებდნენ. გულგრილობისა და უმოქმედობისთვის სასტიკი საყვედური გამოეცხადა უნივერსიტეტის პარტიულ კომიტეტსა და რექტორატს, ბევრი მათგანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მკაცრად გაიწერა უნივერსიტეტში  იდეოლოგიურ პოლიტაღმზრდელობითი საქმიანობის ძირეული გარდაქმნა, რათა 5-9 მარტის სამარცხვინო მოვლენები აღარ განმეორებულიყო. პარტიული ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის კოლექტივის უმთავრესი ამოცანა უნდა ყოფილიყო სტუდენტების პროლეტარული, ინტერნაციონალური აღზრდა და ყოველგვარი ბურჟუაზიულ-იდეოლოგიური და  ნაციონალური გამოვლინებებისადმი შეურიგებლობა...

სადამსჯელო ღონისძიებები მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ გატარებულა.  ე. წ. "წმენდა" საზოგადოების ყველა ფენას შეეხო - პარტიულ მუშაკებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებების თანამშრომლებს, ქარხნებისა და საწარმოების მუშაკებს, უბრალო მოქალაქეებს...

რაც შეეხება 5-9 მარტის ე.წ. "მასობრივი არეულობების" ორგანიზატორებსა და აქტიურ წევრებს, მათი დაპატიმრება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო  უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს  სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.  მარტის მოვლენების მნიშვნელობასა და რთულ ვითარებაზე მეტყველებს 16 მარტს ვასილ მჟავანაძის მიერ სკკპ ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილი მოთხოვნა კგბ-ს დამატებითი აპარატების შექმნის შესახებ.

საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის 1956 წლის 26 მარტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მარტის არეულობებში მონაწილეობისთვის  375 ადამიანი დააპატიმრეს,  რაც ისევ და ისევ განსხვავდება თვითმხილველთა მონაცემებისგან. არაოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ ბევრად მეტი ადამიანი დააკავეს. თავად ოფიციალურ დოკუმენტებშიც ფიქსირდება, რომ იმ დღეების განმავლობაში დაპატიმრებები სტიქიურად მიმდინარეობდა, შემდეგ კი დგინდებოდა ამა თუ იმ ადამიანის უდანაშაულობა და დანაშაული. დემონსტრაციის ნაკლებად აქტიური წევრები დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ისინი, ვინც ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდნენ, საშუალოდ 3-4 თვის განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში. ხანგრძლივი პატიმრობა დემონსტრანტთა მცირე ნაწილს მიესაჯა.