1956 წლის 9 მარტი

9 მარტი 2016 Shadow

1956 წლის 9 მარტს განსაკუთრებული ადგილი უკავია რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა შორის. 1956 წლის 9 მარტის ღამეს, მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მობილიზებული რუსული ჯარი, რომელმაც არ დაინდო არც ქალი, არც ბავშვი. ცეცხლსასროლი იარაღებითა თუ ხიშტებით ათეულობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ყველაზე პატარა მსხვერპლი იყო 15 წლის ვარლამ ალავიძე. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ.
ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას, გასაიდუმლოებული იყო გარდაცვალებულთა სახელები და გვარები, ბევრი მათგანი დღემდეც უცნობია. ტრაგედიიდან მხოლოდ მეხუთე დღეს, 14 მარტს დაიწყო ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების "გაცემა“. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიტინგზე დახოცილი ახალგაზრდების რიცხვი არ გახმაურებულიყო. ჭირისუფლებს სწორედ ამ მიზნით არ მისცეს უფლება წესისამებრ დაეტირათ და დაემარხათ მიცვალებულები. დაკრძალვას უშიშროების 4-5 მეთვალყურის თანხლებით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ნათესავების დასწრება აკრძალული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო საქმეები ინახება, რომლებიც გვამცნობს, რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისში, როგორ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღებით, ხიშტებითა თუ ბლაგვი საგნებით. 

არქივში დაცული ოფიციალური ცნობებით 9 მარტის ღამეს დაიღუპნენ:

1.უშანგი მერკველიშვილი - 17 წლის,
2.ბორის ზარგარიანი - 16 წლის,
3. ოთარ გობეჯიშვილი - 21 წლის,
4. რაულ ლოლუა - 20 წლის,
5. შოთა ელიზბარაშვილი - 26 წლის,
6. იუზა წერეთელი - 18 წლის,
7. შენგელი ნოზაძე - 20 წლის
8. ჯიმშერ მამალაძე - 19 წლის,
9. ვალერი ალავიძე - 15 წლის,
10. ლევან ხანგულოვი - 16 წლის,
11. ანზორ ჩაკვეტაძე - 24 წლის,
12. კლიმენტი რევაზიშვილი - 20 წლის,
13. კიაზო ჭანტურიძე - 16 წლის,
14. თენგიზ შანიძე - 16 წლის,
15. თემურ თოფურია - 24 წლის,
16. თემურ ბურდული - 24 წლის,
17. რევაზ გოგია - 16 წლის,
18. მიხეილ მათიაშვილი - 19 წლის,
19. გულნარა სვანი - 20 წლის,
20. ამბროსი ქოქრაშვილი - 27 წლის,
21. ნაზი ბენიძე - 30 წლის,
22. ლამარა სვანი,
23. გურამ ტუნიევი - 19 წლის,
24. ნუგზარ ღვთისაური,
25. ლაშა მაზავრიშვილი.

"საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივის" "განსაკუთრებული საქაღალდეების"  ფონდში - შსს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში ინახება საქართველოს ახალგაზრდული კავშირის „თავისუფლება საქართველოს“  მიერ გაავრცელებული სააგიტაციო პროკლამაცია 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა.

„ქართველო ხალხო! ჩვენი ცოდნა - ადამიანური ცოდნაა. ჩვენი შემეცნებითი ძალები შეზღუდულია ისევე, როგორც ყველა ძალები. ჩვენი მიზანი არის ეს ცოდნა ქართველი ერის თავისუფლებას მოვახმაროთ.. თავისუფლება, დამოუკიდებელი ცხოვრება. ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი. ეს არის ხელშეუხებელი რწმენა, რომელსაც ვერავინ უარყოფს.

ქართველო ხალხო! ნუ დაივიწყებთ ქართველი ახალზაგრდობის სისხლს, რომელმაც შეღება 9 მარტს ქუჩები. დროა, გავიხსენოთ ჩვენი წინაპარი გმირები და ჩვენც იმათებრ გავისაჯნეთ სამშობლოსათვის ერთიანი ძალით.

..დღეს მსოფლიო ჩვენს მხარეზეა იმისათვის, რომ შევძლოთ დამოუკიდებლობის მიღწევა.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს საქართველოს ახალგაზრდობას, რომლებიც იბრძოლებენ ქართველი ერის საკეთილდღეოდ."


tavsifuelba saqartvelso1

ასევე, არქივში ინახება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-5 განყოფილების მიერ ქართულიდან რუსულად ნათარგმნი სააგიტაციო წერილი. ანტისაბჭოთა შინაარსის ეს წერილი მთავრდება  საქართველოს ეროვნული რესპუბლიკის აღდგენის მოწოდებით.

Untitled_3

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი