აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიმართვა საქართველოს დამფუძნებელ კრებას

11 მარტი 2019 Shadow

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, კავკასიაში დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების და წარმოქმნისა და ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი. 1917 წელს, ერთმანეთის მიყოლებით შეიქმნა საკანონმდებლო და პოლიტიკური ორგანოები - ეროვნული საბჭოები, რომელთა მიზანიც იყო რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ქვეყნების ფორმირება და საერთაშორისო აღიარების მოპოვება. 1917 წლის 8 ნოემბერს, ალექსანდრე შერვაშიძის თაოსნობით ეროვნული საბჭო შეიქმნა აფხაზეთშიც. 1918 წლის თებერვალში აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგაცია, გურჯუას, კაკუბავას, თუმანოვის და აჯამოვის შემადგენლობით თბილისს ეწვია და საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მესამე პუნქტის თანახმად, თუ აფხაზეთი ან საქართველოს გადაწყვეტდნენ სხვა ეროვნებებთან ან სახელმწიფოებთან გაერთიანებას, მხარეები ერთმანეთთან უნდა შეთანხმებულიყვნენ. მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღეში, 1918 წლის 16 თებერვალს ეფრემ ეშბას ბოლშევიკურმა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრებმა სოხუმი დაიკავეს და რამდენიმე დღის მანძილზე მთლიანად აკონტროლებდნენ ქალაქს. სოხუმის გათავისუფლება ქართულმა ძალებმა მალევე მოახერხეს, რის შემდეგაც ქალაქის თავად ბენია ჩხიკვიშვილი დაინიშნა. ბოლშევიკებმა ეშბას და ნესტორ ლაკობას თაოსნობით სამხედრო ავანტიურა 1918 წლის აპრილშიც სცადეს, თუმცა წარუმატებლად.

1918 წლის 17-22 ივნისს, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, სამხედრო ძალები აფხაზეთში შევიდნენ.  საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახერხა რეგიონის ბოლშევიკებისგან სრულად გათავისუფლება. თავად მაზნიაშვილი აფხაზეთის დროებით გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სრულად გააკონტროლა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ტუაპსემდე. აღნიშნულ ქმედებას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ერთის მხრივ უმთავრესი შიდა მტრის, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავდროულად სოჭის მხრიდან მომდგარი დენიკინელთა რაზმების შესაკავებლად, რომლებიც მზად იყვნენ ბრიტანელების მიერ მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ და ბათუმის დაკავების შორსმიმავალი გეგმა განეხორციელებინათ[1].

ამ მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში პირველად, დემოკრატიული გზით აირჩიეს თვითმმართველი ორგანო - ეროვნული საბჭო, რომელსაც სათავეში არზაყან ემუხვარი ჩაუდგა.

საქართველომ ამავე პერიოდში განვითარების არაერთი ეტაპი განვლო. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო 1919 წლის თებერვალში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელმაც აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი - დამფუძნებელი კრება. 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე გაიხსნა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. დამფუძნებელმა კრებამ თავის საწყის სხდომებზევე აქტიურად დაიწყო ეროვნული უმცირესობების საკითხების განხილვა. სწორედ ამ განხილვების პროცესში აფხაზეთის თვითმმართველმა ორგანომ - ეროვნულმა საბჭომ, შეიმუშავა აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ და მიმართა საქართველოს დამფუძნებელ კრებას:

პირველი აფხაზური ეროვნული საბჭო, არჩეული საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული არჩევნების შედეგად, თავის 1919 წლის 20 მარტის სხდომაზე აფხაზი ხალხის სახელით ადგენს:

1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ვაცნობებთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დამფუძნებელ კრებას.
2. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შედგენის და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით იქმნება თანაბარი რაოდენობის წევრებით დაკომპლექტებული შერეული კომისია საქართველოს დამფუძნებელი კრების და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მხრიდან. შერეული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აფხაზეთის ავტონომიის სტატუსის შესახებ უნდა იქნას შეტანილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი: ემხვარი.

 საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი ფონდი N1833, აღწერა N1, საქმე N863, ფურც. 44.

არზაყან ემუხვარი

 

აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წერილს დამფუძნებელი კრება დადებითად შეხვდა და მათ შემდეგი შინაარსის საპასუხო წერილი გაუგზავნა:

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტის სხდომაზე სიამოვნებით მოისმინა აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ 1919 წლის 20 მარტის კრებაზე მიღებული აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ.

ამიერიდან მტკიცე საფუძველი ეყრება აფხაზეთის ერების თავისუფალ ცხოვრებას თავისუფალ საქართველოში. ამიერიდან თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა დიდმა სახელმწიფომაც კი.

აღსდგა ისტორიული, ბუნებრივი ერთობა ორ მოძმე ერთა შორის ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებზე მოზღვავებულ დემოკრატიის მტრების შესაძრწუნებლად და მოყვრის საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ.

საქართველოს დამფუძნებელი კრება, როგორც სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი, არ გაანელებს ცეცხლს რევოლუციონური შემოქმედებისა, ვიდრე საბოლოოდ არ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიის კეთილდღეობას და მის რესპუბლიკის ფარგლებში მცხოვრებ ერების თავისუფალ ცხოვრებას. მწყობრი და ერთსულოვანი მუშაობა, რომლისთვისაც მზად არის აფხაზეთის დემოკრატიაც, იქნება ამის უპირველესი საწინდარი.  ამისთვის საქართველოს დამფუძნებელი კრება არ მოაკლებს მზრუნველობას და ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ამისთანა მძიმე ისტორიულ მომენტში, აფხაზეთის ერებს და მის ჭირსა და ლხინს საკუთარ ჭირად და ლხინად მიიჩნევს.

საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი: ალექსანდრე ლომთათიძე.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი ფონდი N1833, აღწერა N1, საქმე N53, ფურც. 8-8ა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, 1919 წლის 12 მარტი

 

ჩვენ მიერ განხილული მოვლენები და საარქივო დოკუმენტები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს დამოკიდებულება აფხაზეთთან მიმართებაში ემყარებოდა თანასწორობის პრინციპს, ხოლო საქართველომ აფხაზეთის მოსახლეობა არაერთხელ დაიცვა გარეშე და შიდა მტრის შემოტევებისგან. ამასთანავე, ეროვნულ საბჭოს, რომელმაც შეიმუშავა აფხაზეთის ავტონომიის შესახებ დადგენილება საქართველოს შემადგენლობაში სრული ლეგიტიმაცია გააჩნდა განსხვავებით იქამდე შექმნილი ეროვნული საბჭოებისა, რადგან ხალხის მიერ იყო არჩეული.

განსხვავებულად აღიქმება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი ენგურს გაღმა და რუსულ ისტორიოგრაფიაში. აფხაზეთში მოღვაწე ისტორიკოსის, სტანისლავ ლაკობას 1990 წლის „აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის აღწერა“ და იმავე ავტორის მიერ 2004 წელს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემული - „აფხაზეთი ორი იმპერიის შემდეგ XIX-XXI საუკუნეებში“ ნაშრომების თითო თავი აფხაზეთისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობას ეხება. აღნიშნული თავების დაწერისას, ავტორი შერჩევითად ეყრდნობა არქივებში დაცულ მასალას და სარგებლობს საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებებითა და კერძო პირების მოგონებებით. ასევე აღსანიშნავია კონფლიქტური ნარატივებისა და ტენდენციური ისტორიოგრაფიის ასპექტიც, რომელიც გაბატონებულია თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში. წიგნებში პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული თავების საერთო პათოსია, რომ ჟორდანიას მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა აფხაზთა მიერ არჩეული ეროვნული საბჭო, იქ დასვა საკუთარი მარიონეტული ეროვნული საბჭო და მთავრობა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანას უღალატა და იმპერიალისტური საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა. თუმცა ხანდახან ნაშრომების ტენდენციურობის მიუხედავად ავტორიც ვერ ახერხებს გვერდი აუაროს ობიექტურ რეალობას და ზოგიერთ ფაქტს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ წარმოაჩენს[2]. სტანისლავ ლაკობას მოსაზრებები ტენდენციურია რამდენიმე მიზეზით: 1) არ არსებობს დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ აფხაზეთის პირველი ეროვნული საბჭო ძალის გამოყენებით დაშალეს, მით უმეტეს დოკუმენტურად დასტურდება რომ მათ თავად სთხოვეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს დახმარება ერთი მხრივ დენიკინილებთან, მეორე მხრივ კი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში; 2) მტკიცება, რომ 1919 წელს არჩეული ეროვნული საბჭო მარიონეტული იყო ასევე არ შეესაბამება რეალობას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმომადგენელი არზაყან ემხვარი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელ კრებაშიც იყო არჩეული, ის მაინც აფხაზურ ინტერესებს ატარებდა; 3) მესამე და უმთავრესი ასპექტი არის ის, რომ აფხაზეთის პირველი ეროვნული საბჭო თვითგამოცხადებული ორგანო იყო, ხოლო არზაყან ემუხვარის თაოსნობით შექმნილი ეროვნული საბჭო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.

 

[1] ამ პერიოდში საქართველოზე მანდატი ბრიტანეთს ეკუთვნოდა და ისინი აკონტროლებდნენ ბათუმის ოლქს. გარდა ამისა, ბრიტანელები იყვნენ დენიკინის პარტნიორები ბოლშევიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში თუმცა მათ საქართველოში პირდაპირი ინტერვენციის და ბათუმის დაკავების უფლებას არ აძლევდნენ, რადგან საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეს არ იქნებოდა სწორად აღქმული. ბრიტანელებისთვის ყველაზე მისაღები იყო დენიკინს მოსკოვზე გაელაშექრებინა, ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და ჯერ რუსეთში დაესრულებინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის კავკასიის დათმობაც.  იხ.: ბექა კობახიძე, „ბრიტანული“ კავკასია 1918-1920; https://civil.ge/ka/archives/249414

[2] სტანისლავ ლაკობა წიგნის ერთ თავში წერს საქართველო ეროვნული გვარდიის ჰუმანურ მოპყრობაზე აფხაზეთის მოსახლების მიმართ. სხვაგან ლაკობა აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკას მის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით ყოფნის შესახებ მიმართა, ნამდვილად არჩეული იყო (თუმცა აქვე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასკვნის, რომ არჩევნები ძალისმიერი მეთოდებით და გაყალბებით ჩატარდა). იხ.: სტანისლავ ლაკობას მითითებული ნაშრომი, გვ.65.