პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო Facebook რეკლამების ანალიზი

29 ოქტომბერი 2020 Shadow

მოახლებული საპარლამენტო არჩევნების წინ, წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში, შესწავლილია 2020 წლის 1 აგვისტოდან - 2020 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიების ოფიციალური გვერდების მიერ Facebook-ზე განთავსებული რეკლამების შინაარსი და მათში დახარჯული თანხები. პრორუსულ ან/და ანტიდასავლურ პარტიებად განისაზღვრნენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერგებიან ქვემოთ მოყვანილ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს:

1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრორუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;

2. პარტიები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდნენ ე.წ. სამხედრო ნეიტრალიტეტს;

3. პარტიები, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ მესიჯებს, რაც მოიცავს როგორც NATO-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს, ასევე ზოგადად ევროპისა და აშშ-ის დისკრედიტაციის მცდელობებს.

წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის[1] მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს 4 პოლიტიკური პარტია, რომელიც წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს: „პატრიოტთა ალიანსი“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული მარში“ და „ქართული იდეა“. კვლევაში წარმოდგენილია სწორედ ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის მიერ 2020 წლის 1 აგვისტოდან - 2020 წლის 26 ოქტომბრამდე Facebook-ზე განთავსებული რეკლამების მოკლე ანალიზი.

 

პატრიოტთა ალიანსი

Ad library-ის მონაცემების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის ოფიციალურმა Facebook გვერდმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 26 ოქტომბრამდე Facebook-ზე რეკლამაში $2,560 დახარჯა და 44 რეკლამა გამოაქვეყნა. Facebook-ზე მათი სარეკლამო კამპანიის ძირითადი თემები იყო: ანტითურქული პროპაგანდა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების ლობირება, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება და ზოგადი ხასიათის წინასაარჩევნო რეკლამები (მაჟორიტარობის კანდიდატების, პარტიის და პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის გაპიარება).

ანტითურქული პროპაგანდა

“პატრიოტთა ალიანსის” Facebook რეკლამებში ანტითურქულ მესიჯებს ყველაზე დიდი ადგილი ეკავა. მათ მიერ გავრცელებული ანტითურქული პროპაგანდა, ძირითადად, მოიცავდა დეზინფორმაციის კამპანიას იმის შესახებ, რომ თურქეთი აჭარის მიერთებას ცდილობს. ამ ტიპის პოლიტიკური რეკლამა Facebook-ზე საშუალოდ 100-150 ათას ადამიანამდე აღწევდა, თუმცა ყველაზე დიდი გავრცელება ჰქონდა „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამას სათაურით „თურქული რუკები - დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“, რომელმაც 250 ათას ადამიანამდე მიაღწია. ასაკობრივად, „ანტითურქული“ მესიჯები ძირითადად გათვლილი იყო 25-დან 44 წლამდე მომხმარებელზე. ასევე, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ ტიპის რეკლამებს ძირითადად ნახულობდნენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები და თბილისისა და აჭარის მაცხოვრებლები.

 


“პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამები. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad
library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

 

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების ლობირება

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების აქტიური ლობირება „პატრიოტთა ალიანსმა“ განსაკუთრებით ოქტომბრიდან დაიწყო. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საქართველო სრულად არ იყენებს რუსეთთან ვაჭრობის პოტენციალს მაშინ, როცა ამას საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყნები აკეთებენ, ამავდროულად კი საქართველო „უხარისხო“ თურქული პროდუქტით მარაგდება. ამ ტიპის რეკლამის გავრცელება Facebook-ზე 10-15 ათას მომხმარებელს აღწევს. მათგან უდიდესი ნაწილი 25-დან 44 წლამდე თბილისში მცხოვრებ მამაკაცებზე მოდის.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამა. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება

„პატრიოტთა ალიანსის“ Facebook რეკლამების საკმაოდ დიდი ნაწილი შეეხება 2008 წლის ომს. ამ ტიპის რეკლამებში ძირითადად საუბარია იმაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „კოდორი და ახალგორი მოწინააღმდეგეს გადააბარა“, რადგან „საქართველომ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბა, რამაც სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია, რუსეთმა კი საპასუხო შეტევა განახორციელა“. აღნიშნული, ცხადია, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც პირდაპირ კრემლიდანაა მართული და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ის სტატიაში, "12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები”. 2008 წლის ომთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეზინფორმაციის შემცველი რეკლამა საშუალოდ 20-25 ათას ადამიანამდე აღწევდა. მათგან უმრავლესობა იყო 25-დან 44 წლამდე თბილისში მცხოვრები მამაკაცები.

 


„პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამა. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

 
რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

მიუხედავად იმისა, რომ პარტიას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ აქვს ცალკე Facebook გვერდი, რეკლამებისთვის პარტია იყენებდა პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ოფიციალურ Facebook გვერდს „Nino Burjanadze - ნინო ბურჯანაძე”. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 აგვისტოდან - 26 ოქტომბრამდე მოცემულ კვლევაში განხილულ ხუთ პარტიას შორის Facebook რეკლამებზე ყველაზე მეტი $14,827, პარტიამ - „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ დახარჯა და ჯამში 82 რეკლამა გამოაქვეყნა. აქვე, საყურადღებოა, რომ პარტიის რეკლამები ამ პერიოდში ნაკლებად შეიცავდა ანტიდასავლურ და პრორუსულ მესიჯებს, რითაც წინა პერიოდში გამოირჩეოდნენ პარტიის ლიდერები, რომლებიც აქტიურად ლობირებდნენ სამხედრო ნეიტრალიტეტს, NATO-ში გაერთიანებაზე უარის თქმასა და „უბლოკო“ სტატუსს საქართველოსთვის.[2]

2020 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში პარტია საკუთარ რეკლამებში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ოკუპაციის საკითხს და თავს წარმოაჩენდა, როგორც ერთადერთ ძალად, რომელსაც რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება და ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეუძლია, ასევე აქტიურად უწევდა რეკლამას საარჩევნო დაპირებას ელექტროენერგიისა და გაზის გაიაფების თაობაზე, რომლის მიღწევასაც პარტია „რუსეთთან და აზერბაიჯანთან ახალი ხელშეკრულებების დადებით“ აპირებს. ამ მხრივ, ყველაზე მეტი გავრცელება ჰქონდა რეკლამას სწორედ გაზისა და ელექტროენერგიის გაიაფების შესახებ, რომელმაც 450-500 ათას ადამიანამდე მიაღწია. ასაკობრივი კატეგორიის მხრივ, პარტიის რეკლამა თითქმის თანაბრად ვრცელდებოდა 18-დან 24 წლამდე, 25-დან 34 წლამდე და 34-დან 44 წლამდე Facebook მომხმარებელში, რომელთა უმრავლესობასაც თბილისის მაცხოვრებლები წარმოადგენდნენ. თუმცა, „პატრიოტთა ალიანსისგან“ განსხვავებით, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ რეკლამებს უმეტესწილად ქალები ნახულობდნენ.

 

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ რეკლამა.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

ქართული მარში

„ქართულმა მარშმა“, რომელიც პოლიტიკურ პარტიად რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა, 2020 წლის 1 აგვისტოდან - 26 ოქტომბრამდე პერიოდში Facebook რეკლამაზე $361 დახარჯა. პარტიის ოფიციალურმა Facebook გვერდმა „ქართული მარში / Georgian March” ჯამში 23 რეკლამა გამოაქვეყნა. გარდა ზოგადი ხასიათის წინასაარჩევნო რეკლამებისა (მაჟორიტარობის კანდიდატების გაპიარება, საარჩევნო კამპანია), „ქართული მარშის“ მიერ გავრცელებული რეკლამები მოიცავდა შემდეგ თემებს: მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება დავით გარეჯის „გაყიდვაში“ და პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის აღდგენა.

რეკლამამ, რომელშიც პარტია მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს დავით გარეჯის გაყიდვაში, 20-25 ათას Facebook მომხმარებლამდე მიაღწია, რომელთაგან უმრავლესობაც იყო თბილისში მაცხოვრებელი 25-დან 44 წლამდე კაცი, ამ კონკრეტული რეკლამის შემთხვევაში თუმცა სხვა ასაკობრივი კატეგორიების წილიც მაღალი იყო.

 

„ქართული მარშის“ რეკლამა. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

 

რაც შეეხება პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ რეკლამა ცალსახად შეიცავს იმგვარ მოწოდებებს, რაც ახალისებს ქსენოფობიურ განწყობებს საზოგადოებაში და აღვივებს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლს საქართველოს მოქალაქეებს შორის. ყველაზე ფართოდ გავრცელებულმა ამ ტიპის  რეკლამამ მიაღწია 25-30 ათას Facebook მომხმარებლამდე, რომელთაგანაც უმრავლესობა იყო თბილისში მცხოვრები 55 წელს ზემოთ ქალი.

 

„ქართული მარშის“ რეკლამა. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

ქართული იდეა

პარტია „ქართული იდეის“ ოფიციალურმა Facebook გვერდმა „ქართული იდეა 44 - ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - qartuliidea.ge“ 2020 წლის 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში Facebook რეკლამაზე ჯამში $861 დახარჯა და 14 რეკლამა გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა წარმოადგენდა პარტიის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის მიმართვებსა და მოწოდებებს საზოგადოების მიმართ, რაც ძირითადად მოიცავდა ანტილიბერალურ რიტორიკას და ჰომოფობიურ განცხადებებს. ასევე, „ქართული იდეის“ რეკლამებში წარმოდგენილი იყო ანტიდასავლური, NATO-ს საწინააღმდეგო და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დისკრედიტაციისკენ მიმართული მესიჯები. ყველაზე ფართოდ გავრცელებულმა რეკლამამ, რომელშიც გურამ ფალავანდიშვილი ერთდროულად აჟღერებს ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ მესიჯებს, მიაღწია 200-250 ათას Facebook მომხმარებლამდე, რომელთაგანაც უმრავლესობა იყო თბილისში მაცხოვრები 22-დან 44 წლამდე კაცი. თუმცა, აღნიშნული რეკლამის გავრცელება საკმაოდ მაღალი იყო სხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც.

 


„ქართული იდეის“ რეკლამა. წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის მიხედვით.
წყარო: Ad library

 

რეკლამის გავრცელება რეგიონების მიხედვით.
წყარო: Ad library

 

დასკვნა

ოთხი პრორუსული ან/და ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე ქართული პოლიტიკური პარტიის მიერ 2020 წლის 1 აგვისტოდან - 26 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული Facebook რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ პრორუსულმა და ანტიდასავლურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოცემულ პერიოდში ჯამურად $19,207 დახარჯეს და 244 რეკლამა გამოაქვეყნეს. რეკლამების გავრცელების მასშტაბებს შორის იყო განსხვავებები - ზოგიერთი მათგანი აღწევდა 10-15 ათას მომხმარებლამდე, ზოგიერთი კი - 450-500 ათასამდეც კი, თუმცა ზოგადი სურათის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პრორუსული ან/და ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე ქართული პოლიტიკური პარტიის რეკლამების გავრცელება ქართულ სოციალურ ქსელებში საკმაოდ მაღალი იყო.

პრორუსული და ანტიდასავლური პარტიების რეკლამებზე დაკვირვებამ, ასევე აჩვენა, რომ მათ მიერ გავრცელებული მესიჯები მოიცავდა შემდეგ ძირითად თემებს:

1. ანტითურქული განწყობების გაღვივება;

2. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების ლობირება;

3. 2008 წლის ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება;

4. ანტიმიგრაციული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივება;

5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება დავით გარეჯის „გაყიდვაში“;

6. ჰომოფობიური განწყობების გაღვივება;

7. ანტიდასავლური (რაც მოიცავს ანტი-NATO, ევროკავშირისა და აშშ-ის საწინააღმდეგო მესიჯებს) ნარატივების გავრცელება.

ამასთანავე, რეკლამების გავრცელების სტატისტიკაზე დაკირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა პარტიის რეკლამები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, როგორც ასაკობრივი კატეგორიის, ასევე სქესის მიხედვით. ჯამურად კი მათმა რეკლამებმა მიაღწია თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიამდე. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, რეკლამების უმრავლესობა გამიზნული იყო თბილისის მოსახლეობაზე და ყველაზე მეტად სწორედ დედაქალაქის მაცხოვრებლებში გავრცელდა, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან ინტერნეტიზაციის დონე ყველაზე მაღალი სწორედ თბილისშია და სოციალურ ქსელებზე ყველაზე მეტად სწორედ დედაქალაქის მოსახლეობას მიუწვდება ხელი.

___

[1] იხილეთ შემდეგი კვლევები: 1. https://idfi.ge/public/upload/; 2. http://mdfgeorgia.ge/uploads/library/173/file/AntiWest-Booklet-GEO.pdf; 3. https://grass.org.ge/ka/skhva-publikatsiebi/kvleva/1589-dezinphometri-dekemberi-tebervali

[2] იხილეთ IDFI-ის სტატია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად საქართველოსთვის სამხედრო ნეიტრალიტეტი: http://www.damoukidebloba.ge/c/news/neitralitetis_iluzia