ჟენევაში საერთაშორისო ასოციაცია "მემორიალი" დაარსდა

17 მაისი 2023 Shadow

ჟენევაში "მემორიალის" ქსელის სხვადასხვა ქვეყნის 15-მა ორგანიზაციამ საერთაშორისო ასოციაცია "მემორიალი" დააარსა. ამის შესახებ უფლებადამცველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას.

ორგანიზატორების განცხადებით, ასოციაცია გააგრძელებს 2021-2022 წლების მიჯნაზე რუსეთში ლიკვიდირებული “საერთაშორისო მემორიალის” მუშაობას და საუკეთესო პროექტებს.

დირექტორთა საბჭოში აირჩიეს ორგანიზაციის 11 წარმომადგენელი:

1. ნიკოლა ვერტი (საფრანგეთი)

2. ანკე გიზენი (გერმანია)

3. ანდრეა გულოტა (იტალია)

4. ევგენი ზახაროვი (უკრაინა)

5. ირინა კიზილოვა (ისრაელი)

6. სერგეი კრივენკო (რუსეთი/ლიტვა)

7. ანა მირკეს-რაძივონი (პოლონეთი)

8. ოლეგ ორლოვი (რუსეთი)

9. ჟოზეფინ ფონ ზიცევიცი (დიდი ბრიტანეთი)

10. სტეპან ჩერნოუშეკი (ჩეხეთი)

11. ირინა შჩერბაკოვა (რუსეთი/გერმანია)

 

საბჭოს თანათავმჯდომარეებად აირჩიეს ანდრეა გულოტა, ევგენი ზახაროვი და ირინა შჩერბაკოვა.

„მიუხედავად რეპრესიებისა, რომელიც, სამწუხაროდ, სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, „მემორიალი“ და  „მემორიალები“ აგრძელებენ მუშაობას. დათმობას არავინ გეგმავს. საბჭოს ახალ შემადგენლობას მოუწევს რთულ დროს განსაზღვროს პრიორიტეტები, ფაქტობრივად, აღადგინოს გუნდი ევროპაში, არ დაივიწყოს კოლეგები და მათი რისკები რუსეთში“, - წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო მემორიალის ყოფილი წევრი, პაველ ანდრეევი.

რუსეთში “მემორიალი” 2016 წელს „უცხოურ აგენტად“ აღიარეს. თავად ორგანიზაცია კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ბოლოს იქნა ლიკვიდირებული.

2022 წელს “საერთაშორისო მემორიალმა" მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ასევე გადაეცა ბელარუს უფლებადამცველს, ალეს ბიალიაცკისა და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლების ცენტრს. ოსლოში „მემორიალი“ იან რაჩინსკიმ წარმოადგინა.