აფხაზეთის ომის ჯალათის - შამილ ბასაევის კავშირი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან

13 ივლისი 2020 Shadow

მცირე ხნის წინ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილმა დირექტორმა სერგეი სტეპაშინმა (რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 1995 წელს, რამდენიმე თვით იკავებდა) ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საერთაშორისო ტერორისტი შამილ ბასაევი აფხაზეთის ომის დროს რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა: "ის პროფესიონალი ტერორისტი იყო და თვითმფრინავებს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იტაცებდა. სხვათა შორის, მას ჰყავდა ე.წ. ბატალიონი “აფხაზეთი”, რომელიც 1992 წელს, საქართველოსთან ომის დროს სისხლის გუბეებს აყენებდა და ცხონებულმა არძინბამ მას ამისთვის "აფხაზეთის გმირის ოქროს ვარსკვლავი" უბოძა… როგორც ჩანს, ჩვენი ამხანაგებიდანაც მუშაობდა მაშინ ბასაევთან ვიღაც, მაგრამ არა ФСБ [უსაფრთხოების ფედერალური სამსახური] და ФСК [კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახური]”.

სხვადასხვა დროს, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ბასაევის ГРУ-სთან (რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) თანამშრომლობის შესახებ. მაღალი ალბათობით, სწორედ ამ სპეცსამსახურზე მიანიშნა ინტერვიუში სტეპაშინმაც.

 

 

შამილ ბასაევი 1991 წლის აგვისტოს პუტჩიდან მოყოლებული მონაწილეობდა სხვადასხვა შეიარაღებულ გამოსვლასა თუ კონფლიქტში. იმავე წლიდან იბრძოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს. 1992 წელს ბასაევი დაინიშნა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ჯარების სარდლად. ხსენებული ორგანიზაცია, მრავალ ექსპერტთა მტკიცებით, შექმნილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმისათვის, რომ კავკასიაში არ დაეშვათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღზევება.

1992 წლის აგვისტოდან ბასაევი მონაწილეობდა აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს. მეთაურობდა გაგრის ფრონტს და იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე (სხვა ვერსიით - მინისტრი). მეთაურობდა ჩეჩენ მოხალისეთა რაზმს, რომელსაც შემდგომში ეწოდა „აფხაზური ბატალიონი“.

საბჭოთა და რუსი სამხედრო მეთაური, გენადი ტროშევი თავის წიგნში - „ჩემი ომი: სანგრების გენერლის ჩეჩნური დღიური“ წერდა: „ბასაევის „იანიჩრებს“ (მათი რაოდენობა 5 ათასი იყო) გამოარჩევდა უაზრო სისასტიკე. 1992 წლის შემოდგომაზე გაგრისა და დაბალ ლესელიძის მისადგომებთან თავად „მეთაური“ (იგულისხმება ბასაევი) უძღვებოდა სადამსჯელო აქციას და დევნილთა განადგურებას. რამდენიმე ათასი ქართველი იქნა დახვრეტილი, ამოწყვიტეს ასობით სომხური, რუსული და ბერძნული ოჯახიც. სასწაულებრივად გადარჩენილი თვითმხილველების მონათხრობით, ბანდიტები სიამოვნებით იწერდნენ ვიდეოფირზე დაცინვას, წამებას და გაუპატიურებებს“. (წყარო: Трошев Г. Н. Глава 3. Время набегов // Моя война. Чеченский дневник окопного генерала. — М.: Вагриус, 2001.).

2003 წლის აგვისტოში, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად შეუერთდა გაეროსადმი მიმართვას, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნების მიერ ბასაევი გამოცხადდა განსაკუთრებით სახიფათო საერთაშორისო ტერორისტად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ეროვნული საბჭო აცხადებდა, რომ 1996 წლის 19 ივნისიდან შამილ ბასაევი იძებნებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაულების გამო, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992-1993 წლებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას. „შამილ ბასაევი იყო იმ დაქირავებულ პირებს შორის, რომელიც მოქმედებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის, არძინბას მიერ მას მიენიჭა „აფხაზეთის გმირის“ წოდებაც“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ყარაბაღის კონფლიქტისა და აფხაზეთის ომის შემდეგ, შამილ ბასაევი აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ამჟამად უკვე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით საშიშ საერთაშორისო ტერორისტად იქცა და დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე ათეული გახმაურებული ტერაქტი, მათ შორის 2004 წლის 1-3 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბესლანის სკოლის შტურმი და მძევლების აყვანა, რასაც 333 ადამიანის (მათ შორის 186 ბავშვი) სიცოცხლე შეეწირა. ბასაევი 2006 წელს, ერთ-ერთი სპეცოპერაციის ფარგლებში, ინგუშეთის ტერიტორიაზე მოკლეს.

 

შამილ ბასაევი

 

შამილ ბასაევის და რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ ოფიციალური პირები, მათ შორის კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „В“-ს ყოფილი ოფიცერი, კონსტანტინ ნიკიტინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბასაევი დივერსიულ მოქმედებებს სწავლობდა რუსეთის 345-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის ბაზაზე. უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საზოგადოებრივი კავშირების ცენტრის უფროსი, ალექსეი მიხაილოვი აცხადებდა, რომ ბასაევის, როგორც პროფესიონალი დივერსანტის და სამხედრო სპეციალისტის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს „აფხაზეთის მხარესთან მომუშავე სამხედრო „სპეცებმა“ და მრჩევლებმა“. ჩეჩნეთის სახალხო კრების თავმჯდომარე, დუკვახა აბდურახმანოვი ასევე ამბობდა, რომ - ბასაევი ГРУ-ს კადრების ოფიცერი იყო. იმავეს აცხადებდა უშიშროების კომიტეტის (КГБ) გადამდგარი გენერალ მაიორი, იური დროზდოვი - მისი თქმით ბასაევი რუსეთის საიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

ოფიციალურ დონეზე, რუსეთი ყოველთვის უარყოფდა ფაქტს, რომ სინამდვილეში შამილ ბასაევი მათ მიერ შექმნილი ტერორისტი იყო. თუმცა სტეპაშინის ინტერვიუ და სხვა არაერთი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში ბასევი წლების მანძილზე მოსკოვის ძალოვან უწყებებთან კოორდინირებულად მოქმედებდა.