მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, როგორც სოციალურ, ისე ტრადიციულ მედიაში დიდი რაოდენობით სიახლე იყრის თავს COVID-19-ის შესახებ. ამ სიახლეებს შორის ჭარბადაა მითები და ყალბი ინფორმაციაც. COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის სიჭარბეს ხაზი გაუსვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც (WHO) და მას „ინფოდემია“ უწოდა. ორგანიზაციის განმარტებით, ინფორმაციის სიჭარბე ვირუსის შესახებ საფრთხისშემცველია, ვინაიდან სულ უფრო რთული ხდება სანდო წყაროებისა და ინფორმაციის იდენტიფიცირება.[1] როგორც ევროკავშირის მიერ 2020 წლის 19 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშშია[2] აღნიშნული, კორონავირუსის შესახებ გლობალურად გავრცელებული დეზინფორმაცია, ზოგადად, რამდენიმე ცენტრალურ, ყალბ ნარატივს მოიცავს:
კორონავირუსი ჩინეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის ან რუსეთის მიერ შექმნილი ბილოგიური იარაღია მტრის გასანადგურებლად;
სინამდვილეში კორონავირუსი წარმოიქმნა არა უხანში, ჩინეთში, არამედ ამერიკულ ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
ვირუსის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით გამოიწვიეს მიგრანტებმა და მიგრანტთა ნაკადებმა, რომლებმაც ვირუსი ჩაიტანეს ევროკავშირში;
კორონავირუსი დაკავშირებულია 5G-ის განვითარებასთან (5G უხანში იტესტება);
ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა კრიზისს - ევროკავშირი ევროპას ღუპავს;
ევროკავშირი ვერ ეხმარება საკუთარ წევრ ქვეყნებს (მაგ. იტალიას) და ისინი დამოკიდებული არიან გარე დახმარებაზე. როგორც წესი, ჩინეთია წარმოდგენილი ამგვარ „გარე დამხმარედ“;
ჩინეთი მზადაა ევროკავშირის გადასარჩენად, როცა ბრიუსელი ამისთვის არაფერს აკეთებს;
შენგენის ზონა აღარ არსებობს - ევროპელები კარანტინში არიან მაშინ, როცა მიგრანტები თავისუფლად გადაადგინლდებიან;
კორონავირუსი გამოგონილი საფრთხეა და რეალურად არ არსებობს;
ევროკავშირს შეეძლო მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება;
სახალხო მედიცინა შველის კორონავირუსს;
ანტი-ვაქსერული ნარატივები;
მრავალფეროვანი კონსპირაციის თეორიები: ისტორიული წინასწარმეტყველებები პანდემიის შესახებ, დიდ სახელმწიფოთა გასაიდუმლოებული მცდელობა, რომ აკონტროლონ შობადობის ზრდა პლანეტაზე, მესამე მსოფლიო ომისთვის სამზადისი და ა.შ.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა "ევროპული სოლიდარობა", ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარებების შესახებ
მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ზომები გაატარეს სოციალური მედიის პლატფორმებმა - Facebook, Twitter, Microsoft, Google, Youtube, Pinterest და ა.შ. მათ WHO-სთან თანამშრომლობით შეიმუშავეს სხვადასხვა მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს არასანდო შინაარსის შემცველი ინფორმაციის დაფილტვრას და უფრო მეტად სანდო სტატიების მიწოდებას მომხმარებლისთვის. მაგალითად, Facebook-მა, ერთი მხრივ, news feed-ში დაამატა ცალკე გრაფა, რომელსაც მომხარებელი გადაჰყავს დაავადებათა კოტროლის ცენტრებს გვერდებზე, ასევე WHO-სთვის გამოიყო უფასო რეკლამები ვირუსის შესახებ სანდო ინფორმაციის გასავრცელებლად. გარდა ამისა, მარკ ცუგერბერგმა აღნიშა, რომ Facebook წაშლის ვირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციისა და კონსპირაციის თეორიების შემცველ სიახლეებს. Facebook-ის მსგავსად დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დააანონსა Twitter-მაც და აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს გაატარებს და ასევე, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსულ დეზინფორმაციას, რომლის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც, ამგვარი ინფორმაცია წაიშლება ონლაინ პლატფორმიდან[3]. თუმცა, მიუხედავად სოციალური მედია პლატფორმებისა და WHO-ს ამგავრი მობილიზაციისა, როგორც ევროკავშირის ანგარიშიდან ირკვევა, კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაცია მაინც ფართოდ ვრცელდება როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
East StratCom-ის სამუშაო ჯგუფმა[4] EuvsDisinfo ბაზაში[5] მოაგროვა და გააანალიზა 2020 წლის 22 იანვრის შემდეგ გამოქვეყნებული 110 ყალბი ინფორმაციის შემცველი სტატია კორონავირუსის შესახებ. აღნიშნული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ კრემლი ამ შემთხვევაშიც იყენებდა უკვე კარგად ნაცად სტარეგიას კრიზისის გასამწვავებლად, რაც მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: საზოგადოებაში პოლარიზაციის ზრდა, უნდობლობის გაჩენა და ქაოსის გაღვივება. აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე აქტიურ 20 მედიას შორის არის Russia Today-ის ესპანური გამოცემა, რომელიც ოცეულში მე-12 ადგილს იკავებს.
რუსეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ მინისტრი
შინაარსობრივად განსხვავდება კრემლის სტრატეგია რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის შიგნით გავრცელებული დეზინფორმაცია უმეტესწილად ვირუსს წარმოაჩენს გარე აგრესიად. მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 აშშ-ის ან დასავლეთის საიდუმლო ლაბორატორიებში შეიქმნა. ასევე, ხაზი ესმევა იმას, რომ ვირუსი უმეტესწილად აზიანებს დასავლეთს და დემოკრატიულ ქვეყნებს მაშინ, როცა რუსეთი წარმატებით უმკლავდება მის გავრცელებას. საერთაშორისო აუდიტორიებზე მიმართული რუსული დეზინფორმაცია ვირუსს წარმოაჩენს „გლობალური ელიტების“ მიერ შექმნილ ინსტრუმენტად პირადი სარგებლის მისაღებად. ამგვარი ნარატივების მიზანია, დასავლური ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მეცნიერების მიმართ ნდობის შემცირება. როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ვირუსის ხელოვნურად შექმნის იდეა დომინანტური კონსპირაციული თეორიაა[6].
კრემლთან დაკავშირებული წყაროების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია აისახება არა მხოლოდ საინფორმაციო ველზე, არამედ გარკვეულწილად კავშირშია კრემლის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით არჩეულ სტრატეგიასთან და შესაბამის პოლიტიკასთან. გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს რუსეთში, რომლის მოსახლეობაც 144 მილიონზე მეტია და რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩინეთს, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი - 27 მარტის მონაცემებით, სულ 1036 შემთხვევა და 3 გარდაცვალება.[7] ამგვარ მონაცემებს კრემლი აქტიურად წარმოაჩენს როგორც საკუთარ უპირატესობას დასავლეთზე. ამის პარალელურად, კრემლი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაეხმაროს დასავლეთს. რუსეთიდან დახმარება უკვე გაეგზავნა იტალიას.[8] საყურადრებოა პუტინის მიერ 26 მარტს, დიდი ოცეულის ონლაინ შეხვედრაზე გაჟღერებული მოწოდება, კორონავირუსის კრიზისის ფონზე გაუქმდეს ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები.[9]
რუსეთის ამგვარი სტრატეგიული პოლიტიკა და დეზინფორმაცია საქართველოზეც ვრცელდება. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ქართულ სოციალურ და მედია სივრცეში უკვე გამოჩნდა არა ერთი სტატია, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს და მიზნად ისახავს: 1. ევროპისა და ზოგადად დასავლეთის დისკერდიტაციას; 2. კორონავირუსთან ბრძოლაში რუსეთის წარმოჩენას, როგორც ევროპაზე უფრო ეფექტური პოლიტიკის გამტარებლის; 3. საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას; 4. კორონავირუსის პანდემიაში ლიბერალური დემოკრატიის დადანაშაულებას; 5. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ უნდობლობის გაჩენას.
კორონავირუსთან დაკავშირებულ რუსული პროპაგანდის რამდენიმე ნიმუში, რომელიც ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი გაჟღერებული აქვთ ისეთ ქართულ გამოცემებს, როგორებიცაა News Front და Geworld.ge. ზოგიერთი სტატიის მიზანია მიზანიცაა ევროპა დაადანაშაულოს „არაჰუმანურ“ პოლიტიკაში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ. ხშირია სტატიები, რომლებშიც საუბარია იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად, როგორ ეფექტურად უმკლავდება რუსეთი კორონავირუსის პანდემიას და როგორ „არ ეხმარება“ დასავლეთი საქართველოს. სტატიის მიზანია რუსეთი წარმოაჩინოს საქართველოსთვის ბევრად უფრო სანდო „პარტნიორად“, ვიდრე დასავლეთი. ამგვარი საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ ინფორმაციას, სადაც ცდილობენ ეკლესიებში ხალხმრავლობის შეზღუდვა წარმოაჩინონ „გლობალისტების პროექტად“ და ა.შ.
რუსეთის პრეზიდენტი იმ საავადმყოფოს მონახულებისას, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულები იმყოფებიან
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კრემლთან ასოცირებული წყაროების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია საყურადღებოა არა მხოლოდ მოსახლეობაში ყალბი წარმოდგენების შექმნის თვალსაზრისით, არამედ თავისთავად კრემლის პოლიტიკის გასააზრებლადაც. ერთი მხრივ, რუსული წყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში ამძაფრებს პოლარიზაციას, აღვივებს უნდობლობასა და ქაოსს საზოგადოებაში. მეორე მხრივ კი, კრემლი, მის მიერ არჩეული სტრატეგიით ცდილობს კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი კრიზისის გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთს მოეხსნას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისეთ დანაშაულებზე, როგორიცებიცაა ყირიმის ანექსია. ასევე, კრემლი ცდილობს, რომ დეზინფორმაციის მეშვეობით განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში გაამძაფროს უნდობლობა დასავლეთის მიმართ და ამგვარად გაიმყაროს პოზიციები იმ ქვეყნებში, რომლებიც მას უკვე დიდი ხანია საკუთარი „პრინილეგირებული გავლენის სფეროდ“ მიაჩნია[10]. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით რუსეთის უშუალო აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნები მზად იყვნენ კრემლის მხრიდან ამგვარი გამოწვევებისთვის და იმოქმედონ კოორდინირებულად, რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ კრემლთან ასოცირებული წყაროების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობებს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში გაიუმჯობესონ საერთაშორისო პოზიციები.
______________________________________________________
[1] https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200202-sitrep-13-ncov-v3.pdf
[2] https://euvsdisinfo.eu/eeas-special-report-disinformation-on-the-coronavirus-short-assessment-of-the-information-environment/
[3] https://www.theverge.com/interface/2020/3/5/21164683/covid-19-tech-response-facebook-google-twitter-microsoft-youtube-whatsapp
[4] East StratCom-ის სამუშაო ჯგუფი ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ადმინისტრაციის ნაწილია. აღნიშნული ჯგუფი მუშაობს ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, სქართველო, უკრაინა, ასევე რუსეთი) შორის კომუნიკაციის საკითხებზე. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ევროპული საბჭოს მიერ 2015 წელს.
[5] EuvsDisinfo არის East StratCom-ის სამუშაო ჯგუფის ვებგევრდი, რომელზეც განთავსებულია სრული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილ დეზინფორმაციის წყაროებზე.
[6] https://euvsdisinfo.eu/disinformation-cases/?text=coronavirus&date=&disinfo_language%25255B%25255D=rus
[7] https://www.worldometers.info/coronavirus/#countries
[8] https://www.forbes.com/sites/isabeltogoh/2020/03/26/from-russia-with-love-putins-medical-supplies-gift-to-coronavirus-hit-italy-raises-questions/#783528ee4a47
[9] https://www.themoscowtimes.com/2020/03/26/putin-calls-for-sanctions-moratorium-at-g20-summit-a69770
[10] https://www.nytimes.com/2008/09/01/world/europe/01russia.html