დეზინფორმაციის ანალიზი: ნარატივები ბორის ჯონსონსა და სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე თვეებიდან მოყოლებული, გაჩნდა ურთიერთგამომრიცხავი ნარატივები ბელარუსსა და მოგვიანებით სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ. ერთ-ერთი ხშირად გამეორებადი ნარატივი, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ რუსი მაღალჩინოსნები, პრორუსი კომენტატორები და ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი რუსეთის ფარგლებს გარეთ (მათ შორის საქართველოში), არის ის, რომ გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, 2022 წლის აპრილში დაარწმუნა უკრაინა, უარი ეთქვა სამშვიდობო შეთანხმებაზე. საქართველოში ეს ინტერპრეტაცია პერიოდულად ჩნდება პოლიტიკურ დისკურსში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებში, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლის შეთანხმება ფაქტობრივად ბორის ჯონსონის ჩარევით ჩაიშალა და უკრაინა ამის გამო დღემდე აგრძელებს ბრძოლას.
ეს ანალიზი აფასებს ამ მტკიცების ფაქტობრივ საფუძველს საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების, დიპლომატიური ჩანაწერების, მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადებების, აკადემიური ლიტერატურის, საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და კვლევების მიმოხილვის საფუძველზე. კვლევა აჩვენებს, რომ მოლაპარაკების პროცესის ჩავარდნა განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის ღრმა უთანხმოებამ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიც იყო უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული საკითხები, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის აღმოჩენა და ბრძოლის ველზე შეცვლილ რეალობა.
შესავალი
რუსეთ-უკრაინის ომმა წარმოშვა არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტი, არამედ მწვავე განხილვები ისტორიულ ინტერპრეტაციებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებატები ეხება 2022 წლის გაზაფხულზე გამართულ მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით 2022 წლის 29 მარტს სტამბოლში გამართულ შეხვედრებს. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც რუსული ჯარები ჩრდილოეთ უკრაინიდან იხევდნენ უკან რუსეთის ფედერაციაში და როდესაც ორივე მთავრობა საჯაროდ განიხილავდა შესაძლო დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს.
მომდევნო წლებში გაჩნდა დეზინფორმაციული ნარატივი, რომელის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2022 წლის 9 აპრილს ეწვია კიევს და უკრაინის ლიდერებს მისცა მითითება, არ მოეწერათ ხელი რუსეთთან შეთანხმებისთვის. ამ პოლიტიკური ნარატივის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ჩარევამ ეფექტურად აღკვეთა მშვიდობა და გაახანგრძლივა ომი.
ისტორიული კონტექსტი - რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. რუსეთის ხელმძღვანელობა ელოდა სწრაფ სამხედრო გამარჯვებას და უკრაინის მთავრობის დამხობას, თუმცა ეს მოლოდინები მცდარი აღმოჩნდა. უკრაინის წინააღმდეგობა მოსალოდნელზე ბევრად უფრო ძლიერი იყო. რუსულმა ძალებმა განიცადეს ლოგისტიკური სირთულეები, მძიმე დანაკარგები და სტრატეგიული მარცხი კიევის მისადგომებთან. 2022 წლის მარტისთვის ორივე მხარეს გაუჩნდა მოლაპარაკებების დაწყების მოტივაცია. რუსეთმა ვერ მიაღწია ხელისუფლების სწრაფ ჩამოშლას, ხოლო უკრაინა მძიმე ნგრევისა და გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა.
ადრეული მოლაპარაკებები
პირველი მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსში 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. ამ შეხვედრებმა შეზღუდული შედეგები გამოიღო, მაგრამ დაამყარა მხარეებს შორის საკომუნიკაციო არხები. ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური მცდელობა სტამბოლში 2022 წლის მარტში დაიწყო. თურქეთის მედიაციამ ხელი შეუწყო პირდაპირ დისკუსიებს რუსეთის და უკრაინის მაღალი დონის დელეგაციებს შორის. სტამბოლის პროცესი წარმოადგენდა ომის ადრეული ფაზის ყველაზე სერიოზულ სამშვიდობო მცდელობას.
რუსეთის ამოცანები სტამბოლის მოლაპარაკებებისას
ატლანტიკური საბჭოს ანალიზის მიხედვით, 2024 წელს გასაჯაროებული ხელშეკრულების პროექტის ტექსტები მიუთითებს, რომ სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას რუსეთის პოზიცია სცილდებოდა ჩვეულებრივი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და ფაქტობრივად გულისხმობდა უკრაინის სახელმწიფოს ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას. რუსეთის მიერ დაყენებული პირობები უკრაინისგან მოითხოვდა ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმას, მძიმე სამხედრო შეზღუდვების მიღებას და ისეთ პირობებში ფუნქციონირებას, რაც მომავალში თავდაცვას უკიდურესად გაართულებდა. ეს დებულებები უკრაინას სტრატეგიულად მოწყვლადს დატოვებდა და მის არსებობას მთლიანად რუსეთის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს გახდიდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატლანტიკური საბჭოს მსჯელობა დოკუმენტების პროექტებში არსებულ სამხედრო შეზღუდვებზე. ანალიზის მიხედვით, რუსეთი ითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მასშტაბურ შემცირებას და უცხოურ სამხედრო თანამშრომლობაზე შეზღუდვებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩარჩო პროექტის ზოგიერთი ვერსია რუსეთს მისცემდა მნიშვნელოვან გავლენას უკრაინის წინააღმდეგ მომავალ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირების მექანიზმებზე. შესაბამისად რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმება იყო არა დაბალანსებული კომპრომისი, არამედ მოსკოვის სტრატეგიული მიზნების მიღწევის მექანიზმი სამხედრო მოქმედებების გაგრძელების გარეშე.
სტამბოლის კომუნიკე
2022 წლის 29 მარტს უკრაინელმა მოლაპარაკებებმა წარადგინეს წინადადებები, რომლებიც ცნობილი გახდა როგორც "სტამბოლის კომუნიკე". ეს წინადადებები მათ შორის მოიცავდა:
უკრაინის მუდმივ ნეიტრალიტეტს.
უსაფრთხოების გარანტიებს მესამე სახელმწიფოებისგან.
ყირიმის საკითხის განხილვის გადადებას.
"დაკარგული მშვიდობის" თეზისის მხარდამჭერი მტკიცებულებები
რამდენიმე მკვლევარი (განსაკუთრებით კონსერვატიულად განწყობილი გამოცემები) ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ახლოს იყო წარმატებასთან რადგან ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანამ შექმნა დროებითი დიპლომატიური ფანჯარა. იმ მომენტში არცერთ მხარეს არ ჰქონდა გარანტია სამხედრო მოქმედებების მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით და ამ გაურკვევლობამ გაზარდა მოლაპარაკებების მოტივაცია.
ბორის ჯონსონის ვიზიტი კიევში
ბორის ჯონსონი კიევს 2022 წლის 9 აპრილს ეწვია. ვიზიტი გამოხატავდა გაერთიანებული სამეფოს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინისადმი. სწორედ ამ ვიზიტს უკავშირდება მთავარი ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ბორის ჯონსონმა უკრაინას ორი გზავნილი გადასცა:დასავლეთის მთავრობები მხარს არ დაუჭერდნენ რუსეთთან შეთანხმებას და უკრაინას მოლაპარაკებების ნაცვლად ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა.
ამ დეზინფორმაციული ნარატივის ვერსიები შემდგომში ფართოდ გავრცელდა რუსულ სახელმწიფო მედიაში. ბრალდება, ძირითადად ეყრდნობა ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობებს, მათ შორის მოლაპარაკებების ანონიმური მონაწილეების ინტერპრეტაციებსა და ოფიციალური პირების შემდგომ კომენტარებს. თუმცა, მტკიცებულებები არაპირდაპირი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. არ არსებობს არანაირი დოკუმენტური ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯონსონმა რაიმე ფორმით "ვეტო დაადო" დასრულებულ სამშვიდობო შეთანხმებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ უარყო მტკიცება, თითქოს ჯონსონმა ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმებას. ზელენსკის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები აძლევდნენ რჩევებს, საბოლოო გადაწყვეტილებები უკრაინის ხელისუფლებას ეკუთვნოდა. რამდენიმე უკრაინელმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯონსონის ჩამოსვლამდე მოლაპარაკებები ისედაც უდიდესი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე იდგა, რაც გამოიხატებოდა „სამშვიდობო“ შეთანხმების სტრუქტურულ დაბრკოლებებში
უსაფრთხოების გარანტიები: უკრაინა ითხოვდა კოლექტიური თავდაცვის გარანტიებს. პოტენციურმა გარანტორმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს სიფრთხილე ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი ომი რუსეთთან. ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა.
ტერიტორიული დავები: რუსეთსა და უკრაინას ჰქონდათ ფუნდამენტურად შეუთავსებელი პოზიციები ტერიტორიებთან დაკავშირებით. ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი განსაკუთრებით სადავო საკითხებად რჩებოდა.
ნდობის დეფიციტი: წარმატებული სამშვიდობო შეთანხმებები დამოკიდებულია სანდო ვალდებულებებზე. 2022 წლის გაზაფხულისთვის მოსკოვსა და კიევს შორის ნდობა უკიდურესად დაბალი იყო. ორივე მხარეს ეჭვი ეპარებოდა, შეასრულებდა თუ არა მეორე მხარე რაიმე შეთანხმებას.
მოლოდინები ბრძოლის ველზე: როდესაც რუსულმა ძალებმა კიევიდან უკან დაიხიეს, უკრაინის ლიდერებს გაუჩნდათ რწმენა, რომ დამატებითი სამხედრო მიღწევები შესაძლებელი იყო. რუსეთი ასევე იმედოვნებდა თავისი პოზიციების გაუმჯობესებას სხვა რეგიონებში. ამ მოლოდინებმა შეამცირა კომპრომისის სტიმული.
ბუჩას ფაქტორი
ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ, გამოიკვეთა ბუჩასა და სხვა დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფაქტები. ამ კადრებმა და გამოძიებებმა მსოფლიო მასშტაბით და უკრაინაში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.ბუჩის მოვლენებმა დრამატულად შეცვალა უკრაინის შიდა პოლიტიკური გარემო. საზოგადოებრივი მხარდაჭერა დათმობების მიმართ შემცირდა. მკვეთრად დაეცა რუსეთისადმი ნდობა. ბევრი ანალიტიკოსი ბუჩას მიიჩნევს მოლაპარაკებების მთავარ გარდამტეხ მომენტად. მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებები მანამდე იმედისმომცემი იყო, ბუჩამ შექმნა კომპრომისის გადაულახავი ბარიერები.
შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასება
ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით შალვა პაპუაშვილის ხშირად განმეორებადი განცხადება („კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჩაშალა ეს შეთანხმება და უთხრა უკრაინის ხელისუფლებას, რომ არანაირი შეთანხმება, ვიომოთ! ამის შემდეგ, უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში იღებს მონაწილეობას“) წარმოადგენს შეცდომაში შემყვან დეზინფორმაციულ ნარატივს.
განცხადება გულისხმობს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს: ჯონსონის ვიზიტმა გამოიწვია ომის გაგრძელება. თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს ასეთ კავშირს და არის მანიპულაციური. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2022 წლის გაზაფხული წარმოადგენდა რეალურ დიპლომატიურ შანსს. თუმცა, ეს შანსი არსებობდა სამხედრო გაურკვევლობის, ღრმა უნდობლობის, შეუთავსებელი მიზნებისა და სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური და სამხედრო რეალობის პირობებში. ბორის ჯონსონს შესაძლოა გავლენა მოეხდინა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიულ აზროვნებაზე, თუმცა, გავლენა განსხვავდება გადამწყვეტი კონტროლისგან. ყველაზე სანდო მტკიცებულებები მხარს უჭერს მრავალფაქტორიან ახსნას და არა ერთმიზეზიან ინტერპრეტაციას.
დეზინფორმაციის სტრატეგიის ანალიზი - რატომ ვრცელდება ეს ნარატივი?
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბორის ჯონსონის როლის შესახებ ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოში მიუთითებს ერთმანეთთან გადაჯაჭვული შიდაპოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური და ინსტიტუციური მიდგომების ერთობლიობაზე.
შიდა სტრატეგია და აუდიტორიის კონტროლი
მობილიზაცია „დროშის ირგვლივ“ (Rally-Around-the-Flag): დასავლელი პარტნიორების რეგიონულ „ხელშემშლელებად“ წარმოჩენით, ქართული ოცნების თანამდებობის პირები აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს. ეს სტრატეგიულად აშორებს ბრალეულობას მოსკოვს — რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტაქტიკაა იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიმართ ამბივალენტურობას ან შიშს განიცდის.
დღის წესრიგის განსაზღვრა და ყურადღების გადატანა: ზედაპირული ნარატივი („დასავლეთმა მშვიდობა მოკლა“) ქართული ოცნების თანამდებობის პირებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ ყოველდღიური საინფორმაციო ველი და ყურადღება გადაიტანონ მწვავე ადგილობრივი პრობლემებიდან.
პოლარიზაციის იარაღად ქცევა: ძლიერ ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში, გავლენიან დასავლელ ფიგურებზე თავდასხმა ამყარებს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებრივ სეგმენტებში და, ამავდროულად, სისტემურად ასუსტებს პროდასავლურ მოძრაობებს.
შიშის მართვა: იმ რეალობის ჩვენება, თითქოს ომის თავიდან აცილება „მარტივად“ იყო შესაძლებელი, აქვეითებს საზოგადოების მხარდაჭერას პროაქტიული ნაბიჯების მიმართ — როგორიცაა მაგალითად ღრმა უსაფრთხოების თანამშრომლობა და ინტეგრაცია დასავლეთთან.
საგარეო პოლიტიკური სიგნალები და ბერკეტები
ტაქტიკური შეგუება მოსკოვთან: იმ ისტორიების ტირაჟირება, რომლებიც აკნინებს დასავლეთის როლსა და სანდოობას, მოსკოვისთვის ერთგვარი დიპლომატიური ჟესტია. ეს მიანიშნებს საქართველოს მზადყოფნაზე უფრო „პრაგმატული“, დასავლეთზე ნაკლებად დამოკიდებული საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.
სავაჭრო ბერკეტი მოლაპარაკებებში: მოსაზრების გავრცელება, რომ მშვიდობა გარე დასავლური ჩარევით დაიბლოკა, ქართულ ოცნებას აძლევს ხელსაყრელ საბაბს, რათა მხარი დაუჭირონ ევროატლანტიკურ პოზიციებთან თავსებადობის შემცირებას.
ინსტიტუციური დინამიკა და საინფორმაციო ეკოსისტემები
დოკუმენტირებული ბუნდოვანების გამოყენება: ვინაიდან სტამბოლის მოლაპარაკებებმა დატოვა დიპლომატიური ბუნდოვანება, ეს ქმნის იდეალურ გარემოს მიკერძოებული მსჯელობისთვის. თანამდებობის პირებს შეუძლიათ შერჩევითად მოიყვანონ მომლაპარაკებლების ციტატები, რათა მათთვის სასურველ პოლიტიკურ ჩარჩოს მოარგონ.
კარიერიზმი და რისკების არიდება: ცალკეულმა ჩინოვნიკებმა შესაძლოა პროფესიული სარგებელი ნახონ გავლენიან პრორუსულ მედიაეკოსისტემებთან ან გარე მფარველებთან დაახლოებით, რომლებიც ანტიდასავლურ რიტორიკას უჭერენ მხარს. ასეთი ნარატივის შენარჩუნება ქმნის წინასწარ გამზადებულ „განტევების ვაცს“. თუ რეგიონული უსაფრთხოების პირობები გაუარესდება, პასუხისმგებლობა მარტივად შეიძლება გადააბრალონ დასავლეთის პოლიტიკის მარცხს.
დასკვნა
ამ ანალიზმა განიხილა მტკიცება, თითქოს ბორის ჯონსონმა ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის გაზაფხულზე და ამით გაახანგრძლივა ომი. ანალიზი მიდის ოთხ ძირითად დასკვნამდე:
პირველი, სტამბოლის მოლაპარაკებები წარმოადგენდა ომის ადრეული ფაზის ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მცდელობას.
მეორე, მოლაპარაკებების მონაწილეებმა განიხილეს შეთანხმების დეტალური ჩარჩოები, რაც მიუთითებს სერიოზულ ჩართულობაზე და არა სიმბოლურ დიპლომატიაზე.
მესამე, ვერ მოხდა შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე უსაფრთხოების გარანტიებთან, ტერიტორიულ საკითხებთან, იმპლემენტაციის მექანიზმებთან და ორმხრივ ნდობასთან დაკავშირებით.
მეოთხე, არსებული და ხელმისაწვდომი მასალები არ ადასტურებს მტკიცებას, რომ ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკებები. რეალურად ამ პროცესზე გავლენა მოახდინა ბუჩაში ჩადენილმა სისასტიკემ, გადაუჭრელმა არსებითმა უთანხმოებებმა, ბრძოლის ველზე განვითარებულმა მოვლენებმა და ორივე მხარის სტრატეგიულმა გათვლებმა.
შესაბამისად, ნარატივი, რომ თითქოს 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში უკარაინასა და რუსეთს შორის თითქმის საბოლოო „შეთანხმება“ არსებობდა, რომელსაც მაშინდელმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ვეტო დაადო“ უმეტესად მცდარი და არსებითად შეცდომაში შემყვანია. წყაროები მიუთითებს, რომ მან (სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად) გამოთქვა სკეპსისი კრემლის სანდოობის შესახებ, მაშინ როცა კიევის გადაწყვეტილებებს განაპირობებდა ფრონტზე არსებული რეალობა, საზოგადოებრივი აზრი და მხარეების პოზიციების შეუთავსებლობა. სტამბულის მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა დასავლეთის მხრიდან ხელის შეშლა კი არა, თავად რუსეთის მოთხოვნების შინაარსი იყო.