წყარო: interpressnews.ge
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ისაუბრა. იენსენის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის მიმზიდველი და მისაღებია ბიძინა ივანიშვილის პირობა საქართველოს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუმცა აღნიშნავს რომ ასეთი ბუნდოვანი სტატუსი რისკების შემცველია -
"საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუკი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს. პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპყრობა აღარ სჭირდება, რაც უკვე დაიპყრო. მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს. შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად - მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს", - განაცხადა იენსენმა.
ინტერვიუში ასევე განხილული იყო სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან იმ მედია საშუალებების დაფინანსება, რომლებიც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და ამავდროულად გამოირჩევიან ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებებით. ამასთანავე, ინტერვიუში იენსენი ხაზს უსვამს საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის გრძელვადიან ხასიათს და აუცილებლობას, ასევე ყურადღებას ამახვილებს ამ თანამშრომლობის და დასავლური კურსის შენარჩუნების გზებზე და საშუალებებზე.
"ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ შესაძლოა, საქართველოს მმართველობის ნაწილი ხალხისგან განსხვავებით, არ იზიარებს ქვეყნის დასავლურ კურსს. ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე. საქართველოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას დასავლეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს ეხმარება. საქართველოს პროდასავლური კურსი მოკლევადიან პერსპექტივაში არ იცვლება, იქნება სირთულეები, დამარცხებები, მიხვეულ-მოხვეული გზები, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული საქართველოს სრულ ინტეგრაციაში. ვაშინგტონშიც ბევრისგან მოისმენთ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს სიმშვიდე თავისი საზღვრების ირგვლივ, მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც. მოსალოდნელია, საქართველომ კიდევ გარკვეული დრო ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყნად იცხოვროს, ან მას ჰქონდეს ნატო-ს დაპირებული წევრობა, მაგრამ ეს არ მოხდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საქართველოს კურსს მაინც დასავლეთისკენ ვხედავ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობაზე წნეხს გააგრძელებს", - განაცხადა იენსენმა.