EEAS-ის ახალი ანგარიში COVID-19-თან დაკავშირებული რუსული და ჩინური დეზინფორმაციის ტენდენციებზე

29 აპრილი 2021 Shadow

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში COVID-19-ის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის ტენდენციებზე მსოფლიოში 2020 წლის დეკემბრიდან - 2021 წლის აპრილამდე პერიოდში. 2020 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდისგან განსხვავებით, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია - დეზინფორმაციის წყაროები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული ვაქცინის პოპულარიზაციაზე და სხვა ვაქცინების დისკრედიტაციაზე. ანგარიშში განსაკუთრებითაა ხაზგასმული ამ მხრივ კრემლთან აფილირებული მედიის აქტიურობა ისევე, როგორც ჩინურ სამთავრობო მედიაში ფართოდ ცირკულირებადი დეზინფორმაცია.

წყარო: European Union

გლობალურ დეზინფორმაციის კამპანიებში COVID-19-ის პანდემია, მის შესაკავებლად სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები, სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პანდემიის დაწყების დღიდან - დღემდე. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიქმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ზოგიერთმა უკვე მიიღო კიდეც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აკრედიტაცია, COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის ცენტრალური თემა სწორედ ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინების შექმნის, აკრედიტაციის პროცესისა და მსოფლიოში გავრცელების პარალელურად, ვაქცინები სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა, ვინაიდან ქვეყნები ცდილობენ, მოახდინონ მათ ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების მაქსიმალური პოპულარიზაცია. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021-ში „ვაქცინების დიპლომატიამ“ მთლიანად ჩაანაცვლა „პირბადეების დიპლომატია“ და ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურობენ რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნებში წარმოებული ვაქცინების დისკრედიტაციის ხარჯზე უფრო სანდოდ წარმოაჩინონ მათი ვაქცინები. ამისთვის კი ორივე ქვეყანა იყენებს დეზინფორმაციის იმგვარ მეთოდებს, რისი მიზანიცაა დასავლეთში წარმოებული ვაქცინებისადმი, დასავლური ინსტიტუტებისა და ჯანდაცვის უწყებებისადმი საზოგადოებაში ნდობის შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთიც და ჩინეთიც იყენებენ სამთავრობო მედიას, მათთან აფილირებულ წყაროებს უცხო ქვეყნებში და სოციალურ მედიას.

2021 წლის დასაწყისიდანვე, კრემლთან აფილირებული მედია, ოფიციალური პირები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთობლივად აქტიურად არეკლამებენ Sputnik V-ის ვაქცინას. ამ პროცესში, კრემლთან აფილირებული მედიით ვრცელდებოდა კოორდინირებული დეზინფორმაცია ევროპის წამლების სააგენტოს წინააღმდეგ. მაგალითად, Sputnik V-ის ოფიციალურმა Twitter გვერდმა საჯაროდ დაადანაშაულა სააგენტო პოლიტიკურ მიკერძოებულობაში. დეზინფორმაციის მთავარი ხაზი იყო ის, რომ ევროპა განზრახ აჭიანურებს რუსული ვაქცინის განხილვასა და აკრედიტაციას. ამ ხაზის მაქსიმალურად გასავრცელებლად კი კრემლთან აფილირებული წყაროების ისევე, როგორც სოციალური მედიის მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა კონსპირაციის თეორიები და ყალბი ინფორმაცია.

EEAS-ის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ნარატივი, რომელსაც რუსული და ჩინური მედია ავრცელებდა ვაქცინებთან და დასავლეთთან დაკავშირებით:

   - ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი იყო დასავლური ქვეყნების დადანაშაულება ვაქცინაციის პროცესის პოლიტიზებაში. რუსული და ჩინური წყაროების მიხედვით, დასავლეთი მიზანმიმართულად ახდენს რუსული და ჩინური ვაქცინების დისკრედიტაციას მაშინ, როდესაც თავად დასავლური ქვეყნები ჭარბად იმარაგებენ ვაქცინებს სხვა ღარიბი ქვეყნების ხარჯზე.

   - რუსული და ჩინური მედია, ასევე, აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას დასავლური ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ. ისინი ახდენდნენ Pfizer/BioNTech-ით აცრილი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევების არასწორ ინტერპრეტაციას და გამიზნულად აშუქებდნენ ამ ფაქტებს ისე, რომ მომხდარიყო Pfizer/BioNTech-ის დისკრედიტაცია. იგივე შეიძლება ითქვას კავშირზე AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბების განვითარებას შორის, რომლის შესახებაც რუსული, კრემლთან აფილირებული მედია ავრცელებდა არასრულყოფილ, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

   - რუსულ და ჩინურ მედიაში, ასევე, აქტიურად ცირკულირებდა დეზინფორმაცია, რომელიც, ზოგადად, რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების[1] წინააღმდეგ იყო მიმართული. ხშირად აღნიშნული წყაროები რუსულ და ჩინურ ვაქცინებს ადარებდნენ სხვა რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებს, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე და სხვა გვერდით მოვლენებზე და ამ გზით საზოგადოებაში აღვივებდნენ უნდობლობას აღნიშნული ვაქცინების მიმართ.

EEAS-ის ანგარიშში, აგრეთვე, ჩამოთვლილია რეგიონები და ქვეყნები, სადაც რუსული და ჩინური დეზინფორმაციის წყაროები ყველაზე აქტიურად ავრცელებდნენ ზემოაღნიშნულ დეზინფორმაციის ნარატივებს. განსაკუთრებითაა გამოყოფილი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი, თურქეთი, არაბული ქვეყნები, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და საქართველო. საქართველოს შემთხვევაში, ხაზგასმულია რუსული მედია პლატფორმის, კრემლთან მჭიდროდ აფილირებული Sputnik-ის აქტიურობა როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში. კრემლთან აფილირებული წყაროები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან რუსეთთან თანამშრომლობას და რუსული ვაქცინის მიღებას COVAX პლატფორმიდან ვაქცინების მიღება არჩია. აღნიშნული წყაროები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას დასავლურ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათ არაეფექტურობასა და გვერდით მოვლენებზე, რამაც, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ უნდობლობის გაღვივებას.

 

[1] რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები, იგივე mRNA ვაქცინები ანუ messenger RNA, ორგანიზმს “ასწავლიან”, როგორ შექმნას პროტეინიდან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს და წარმოქმნის ანტისხეულებს ვირუსის წინააღმდეგ. დეტალურად იხილეთ: https://bit.ly/3aMFRZF