2017 წლის 1 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე და ლტოვილებზე რეზოლუცია მიიღო. მსგავს რეზოლუციებს გაერო 2008 წლიდან იღებს. რეზოლუცია მნიშვნელოვანია დევნილთა ფუნდამენტური უფლებების განმტკიცებისთვისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში არსებობისთვის.
დოკუმენტი აღიარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკლებლივ ყველა დევნილის დაბრუნების უფლებას. ამასთანავე რეზოლუცია ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობას, და მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერ ძალისმიერ დემოგრაფიულ ცვლილებებს. რეზოლუცია აღნიშნავს ჰუმანიტარული საქმიანობის გადაუდებელ აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რეზოლუციას 80 გაეროს წევრმა სახელმწიფო დაუჭირა მხარი, 61-მა თავი შეიკავა, ხოლო 14 წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ერთად რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს სომხეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, ლაოსმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ, სამხრეთ სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ და ფილიპინებმა. საგულისხმოა, რომ მსგავსს რეზოლუციას 2016 წლის ივნისში მხარი დაუჭირა 76-მა სახელწმიფომ, წინააღმდეგი იყო 15, ხოლო 64-მა თავი შეიკავა. ჩრდილოეთ კორეა და სუდანი, რომელებიც შარშან რეზოლუციის წინააღმდეგნი იყვნენ, წელს სხდომას არ ესწრებოდნენ, ხოლო ფილიპინებმა შარშან თავი შეიკავეს, ხოლო წელს წინააღმდეგ მისცეს ხმა. საინტერესოა რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა ოთხი სახელმწიფოთი. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც შარშან თავი შეიკავეს, ან სხდომას არ ესწრებოდნენ (პაპუა ახალი გვინეა, წმინდა ლუსია, სან-ტომე და პრინსიპი, ურუგვაი და იემენი), ხოლო წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.