თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ამის შესახებ სტრასბრგში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, თურქეთის მთავარი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ტექნიკურად შესაძლებელია, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმის) გარეშე გახდეს.
მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრობისათვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
“ჩვენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ ნატო-ს მინისტრების ყველა შეხვედრაზე, ვისაუბრეთ ამაზე ორი წლის წინ, უელსის სამიტზე. ნატო-ს ვარშავის სამიტი უნდა იყო გაფართოების სამიტი. ჩვენ ალიანსში წევრობისათვის მონტენეგრო მივიწვიეთ. ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო ასევე ელოდებიან ანალოგიურ მოწვევას. მე ამ საკითხს დავაყენებ მაისში ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე. რა თქმა უნდა, თურქეთი ვერ მისცემს საქართველოს გარანტიას, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, რადგან ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ვფიქრობ, რომ ალიანსში შესვლა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშეც შესაძლებელია, საქართველომ შეიძლება, პირდაპირ მიიღოს მოწვევა. ტექნიკურად ეს სავსებით შესაძლებელია”, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
წყარო: news.ge