2022 წლის 29 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ომის დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ანგარიში მოიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რაც მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს. აღნიშნული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 15 მაისამდე და ეფუძნება გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მუშაობას უკრაინაში.
ანგარიში ადასტურებს, რომ ომის მრავალი საშუალება და მეთოდი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL) წესებს, რომელიც არეგულირებს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას. კერძოდ, განსხვავებულობის, პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპები, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების დაზიანების თავიდან აცილებაა ან მინიმუმამდე შემცირება. რუსეთის შეიარაღებული ძალები, ხშირ შემთხვევაში, არ იცავდნენ ამ წესებს, უფრო დაბალი მაჩვენებლით კი უკრაინის შეიარაღებული ძალები.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა თავდასხმამ უკრაინაზე, გამოიწვია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაშავება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების მასიური განადგურება, თვითნებური დაკავება და იძულებითი გაუჩინარება, წამება და არასათანადო მოპყრობა, კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა,“- ნათქვამია ანგარიშში.
გაეროს ექსპერტების ინფორმაციით,24 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით, 3,924 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4,444 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულია, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ეს მაჩვენებლები მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელთა სრულად დადასტურებაც შესაძლებელია.
ამ პერიოდის განმავლობაში, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა მიიღეს მონაცემები უკრაინის 30-ზე მეტ ქალაქში საომარი მოქმედებების გარეთ 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ, რომელიც რუსი სამხედროების მიერ იყო ჩადენილი. „მხოლოდ ბუჩაში დადასტურებულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მინიმუმ 50 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მაშინ, როცა ქალაქი მათიკონტროლის ქვეშ იყო,“- ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. გაეროსთვის ცნობილი გახდა სექსუალური ძალადობის 108 შესაძლო შემთხვევის შესახებ, მათ შორის 78 გაუპატიურებაა. მათგან 23, რაც მოიცავდა ჯგუფურ გაუპატიურებას, წამებას, საჯაროდ იძულებით გაშიშვლებას და სექსუალური ძალადობის მუქარას, ექსპერტებმა დაადასტურეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მსხვერპლი 13 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ცხრა შემთხვევაში - ქალი და ერთში - გოგონა.
ამ დანაშაულთა უმეტესობა - 87 - ჩაიდინა რუსმა სამხედროებმა, მაგრამ ნაწილი(10 შემთხვევა) ასევე ჩაიდინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვისა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ხაზს უსვამენ გაეროს ექსპერტები.
ანგარიშში საუბარია ორივე მეომარი მხარის მიერ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის წესების დარღვევაზე. გაერომ დააფიქსირა არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევები.
ასევე, საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა 182 სამედიცინო და 230 სასწავლო დაწესებულება. გაერო შეშფოთებულია რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული დაკავებებითა და გატაცებებით. ექსპერტებმა 248 მსგავსი შემთხვევის შესახებ შეიტყვეს, ექვსი მსხვერპლი (ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი) გარდაცვლილი იპოვეს.
სადამკვირვებლო მისიამ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატაცების 12 შემთხვევა დააფიქსირა.
ივნისის ბოლოს კი, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4,731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5,900 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის 289 ბავშვია.
„მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური მკვლელობა, წამება, გაუჩინარება და სხვა დარღვევები უნდა შეწყდეს. თუ საომარი მოქმედებები არ შეჩერდება, მაშინ აუცილებელი აბსოლუტური მინიმუმი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის სრული პატივისცემა და ყველა სამოქალაქო პირის - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის - დაცვის ვალდებულება,“- განაცხადა მატილდა ბოგნერმა, HRMMU-ის ხელმძღვანელმა პრეზენტაციაზე.
შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან მკვეთრად დაზარალდა აზრის, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაც. HRMMU (გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში) შეშფოთებულია უსაფრთხოების რისკებით, რომელსაც აწყდებიან ჟურნალისტები და მედიის მუშაკები უკრაინაში. ანგარიშში ასევე დოკუმენტირებულია საომარი მოქმედებების დროს ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და ბლოგერების გარდაცვალების 17 შემთხვევა და დაშავებული ჟურნალისტების 14 შემთხვევა. მეტიც, ბევრმა უფლებადამცველმა ვერ შესძლო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამუშაოს შესრულება მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.
ანგარიშში ასევე მოცემულია დეტალები საომარი მოქმედებების გავლენის შესახებ მოწყვლად სიტუაციებში მყოფი ადამიანების უფლებებზე, მათ შორის დევნილთა, ბოშების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმული პირების ჩათვლით.
მოხსენებაში გაცემულია დეტალური რეკომენდაციები მხარეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. „მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დროული და ეფექტური გამოძიება დარღვევის ყველა ბრალდებაზე, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობის, თვითნებური პატიმრობისა და სექსუალური ძალადობის ჩათვლით, და უზრუნველყონ დამნაშავეთა სათანადო დასჯა,“ - განაცხადა მატილდა ბოგნერმა.