დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

10 დეკემბერი 2018 Shadow

ავტორი: ირაკლი ირემაძე, საქართველოს პირველი რემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი.

 

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებათა იდეა ეფუძნება ორ მთავარ ღირებულებას: ადამიანური ღირსება და თანასწორობა. სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობდნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები 100 წლის წინ შექმნილ პირველ ქართულ რესპუბლიკაში.

დემოკრატიულ რესპუბლიკის მშენებლობას საქართველო, ერთი შეხედვით სრულიად არაორდინალურ სივრცესა და ვითარებაში შეუდგა. იქ სადაც, სამოქალაქო ომები, სამეზობლო კონფლიქტები, იმპერიათა ინტერესების გადაკვეთის ხაზები და სხვა არაერთი გამოწვევა იყრიდა თავს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესები არ  მიმდინარეობდა მშვიდი და სტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე, პირიქით რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს მრავალ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა, ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თავის ერთგვარ საპროგრამო გამოსვლაშიც აღნიშნა - ჩვენ კი სახელმწიფოს ვაშენებთ არა მარტო კანონების გამოცემით, არამედ - ჩვენი სისხლითაც“.[1]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკას მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა გააჩნდა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არაერთი პოლიტიკური ძალა იყო ჩართული, ამ პოლიტიკურ სისტემაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დომინაცია ცალსახა იყო. 1920 წელს საქართველოში 3 თვიანი ვიზიტის შემდეგ ცნობილი თეორიტიკოსი სოციალისტი, კარლ კაუცკი წერდა - დღევანდელი გადმოსახედიდან არც ერთი მთავრობა არ არის იმაზე უფრო მტკიცე საფუძვლის მქონე, ვიდრე საქართველოს მთავრობა. ჩვენ დავინახეთ, თუ რაოდენ უჩვეულოდ დიდი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის უპირატესობა საქართველოს პარლამენტში... მთავრობას ზურგს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უმაგრებდა“. [2]

რესპუბლიკის  დემოკრატიზაციის პროცესი ერთგვარად დაფუძნებული იყო თავად სოციალ-დემოკრატიული პარტიის განვლილი გზაზე და მისი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილებაზე. 1892 წელს ჩამოყალიბებული მოძრაობა, თავიდანვე ძალიან საინტერესო თეზისებს ეფუძნებოდა და მოქალაქეთა მასების პოლიტიკურ პროცესში ჩართვისაკენ იყო მოწოდებული. 1893 წელს მოძრაობის ლიდერის ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული პირველი პოლიტიკური პროგრამის შესახებ სტივენ ჯონსი წერს - ჟორდანიას... სჯეროდა, რომ მშრომელთა მზარდი მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში მათ ქვეყნის პოლიტიკაში ჩართვის შანსს აძლევდა. მას სწამდა, რომ  ეკონომიკური წინსვლა ისტორიის მამოძრავებელი ძალა იყო და ამიტომ მოწინავე და პროგრესული კლასის მიზანი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო ეროვნული და ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების გზით. ეროვნული შეგნება და სამოქალაქო უფლებები მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ განვითარების მასტიმულირებელ ფაქტორებს წარმოადგენდა“.[3]

ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ განვითარების საფეხურები პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარალელურად განვლო და ორივე შემთხვევაში მთავარ საფეხურს წარმოადგენდა მონაწილეობა 1905 წლის რევოლუციაში. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს პარტიის პოლიტიკური პროგრამა დიდწილად იმეორებდა 1905 წელს გურიის გლეხთა მოძრაობის მიერ გამოცხადებული პროგრამის თეზისებს. 1905 წელს გურიაში აჯანყებულმა გლეხებმა, სოციალ-დემოკრატების შთაგონებით იმ პერიოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მოთხოვნები წამოაყენეს. 15 პუნქტიდან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ: „5. შემოღებული იქნას პროგრესული გადასახადები, ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი ხუთი ათას მანეთზე ნაკლები იყო; 7. ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ; 8. არსებობდეს უფასო, სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე; 9. არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება; 10. პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია; 13. სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლობა ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი; 15. მოწვეული იქნეს დამფუძნებელი კრება“. [4]

ქართველი სოციალ-დემოკრატები საიმპერიო მასშტაბის პოლიტიკაში იყვნენ ჩართულები და ხშირად უმაღლეს პოზიციებსაც იკავებდნენ. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, როდესაც უკვე ცხადი გახდა რომ რუსეთის იმპერიას საფუძვლები შეერყა, ამ პოლიტიკოსებმა ფიქრი დაიწყეს ჯერ ფართო ეკონომიკურ და კულტურულ ავტონომიაზე, რაც შემდეგ საფუძველი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ ერთი შეხედვით არარეალურ ოცნებაზე, რაც იმპერიის დაშლის შემდეგ ხელშესახებ რეალობად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად მუშაობენ, უკეთესი დემოკრატიული რუსეთის მოწყობაზე, ასე მაგალითად შემდგომში საქართველოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე 1917 წელს აყალიბებდა რეფორმების პროგრამას, მათ შორის საუბრობდა მოქალაქეებისათვის საყოველთაო საარჩევნო უფლებისა მინიჭებაზე: სოციალ-დემოკრატიული პარტია თხოულობს, რომ არჩევნები მოხდეს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს ყველა სრულწლოვანს (20 წლის) მოქალაქეს განურჩევლათ სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა“.[5] ...

არსენიძე საუბრობდა თვითმმართველობების ინსტიტუტების შემოღებასა და გაძლიერებაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოში ადგილობრივი მმართველობის და დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის: თავისი მოქმედების ფარგლებში ამ ორგანოების მდგომარეობა ისეთივე დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც ცენტრალური მთავრობის. მისი მთავარი კონტროლი და გამსწორებელი მხოლოდ ხალხია, კანონი და სამართალი. სხვა ძალას უფლება არ აქვს მის მუშაობაში ხელი აფათუროს..  თვითმართველობა თავის ფარგლებში ნამდვილი სახელმწიფოა სახელმწიფოში“.[6] არსენიძის ეს და სხვა იდეები საბოლოოდ არა მომავალ რუსულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, არამედ ქართულ სახელმწიფოში განხორციელდა.

1918 წლის 26 მაისს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, დამოუკიდებლობის აქტშივე ხაზი გაუსვა მომავალი სახელმწიფოს ძირითად დემოკრატიულ თეზისებს - დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა...  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა... საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზზს უხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს[7]. აქვე აღსანიშნავია ის ემპათია, რომელიც ნოე ჟორდანიამ გამოიჩინა ამავე სიტყვაში და აღნიშნა მეზობელი სომეხი ერის დიდი ტრაგედია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.

დემოკრატიული რესპუბლიკამ დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობით. ორივე ინსტიტუტში ოპოზიცია მნიშვნელოვანი რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მთავრობის ნახევარს სამი ოპოზიციური პარტიის წევრები შეადგენდნენ. ერთ-ერთი პირველი საკითხი რომლის გადაჭრასაც შეეცადა რესპუბლიკის ხელისუფლება შეეხებოდა მოქალაქეობის მინიჭების პრინციპების განსაზღვრას. რესპუბლიკამ თავისი მოქალაქეობა მიანიჭა ყველა იმ პირს ვინ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცხოვრობდა რესპუბლიკის საზღვრებში რაც უდავოდ აღსანიშნავი ფაქტია დემოკრატიზაციის ისტორიის კუთხით.[8]

1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა უმნიშვნელოვანესი კანონი მოქალაქეთათვის საყოველთაო საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ. მიღებული იქნა დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის, რომელიც იმ პერიოდისათვის, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ საკანონმდებლო ჩანაწერს წარმოადგენდა -  დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული მცხოვრებთა მიერ საყოველთაოგანურჩევლათ სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ ... დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ. რეგულიარულ ჯარში ჩარიცხულს აქვს მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლება[9].

დემოკრატიული და თავისუფალი საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პარალელურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ - ეროვნულმა საბჭომ, რომელიც კოაპტაციის წესით შედგენილ ორგანოს წარმოადგენდა მიიღო გადაწყვეტილება, რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის, მოსახლეობის პროპორციულად, გამოეყო 26 ახალი მანდატი. მათ შორის 10 მანდატი ყველაზე მრავალრიცხოვანი სომხური უმცირესობებისთვის. მანდატები მიიღეს აფხაზებმა, რუსებმა, ოსებმა, ებრაელებმა, ბერძნებმა და გერმანელებმა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების - რუსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და ბერძნების პარტიებმა. საარჩევნო სიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოდგენილი ჰყავდა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე 600-მდე კანდიდატიდან 26 ქალი იყო.[10]

ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებასთან ერთად მიღებული იქნა თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დებულებაც. 1918 წლის ზაფხულიდან ეტაპობრივად გაიმართა ადგილობრივი სამაზრო ერობებისა და საქალაქო საბჭოების არჩევნები. საინტერესოა, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებში ხშირად სოციალისტური პარტიები კოალიციური სახით გამოდიოდნენ, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები. თვითმმართველობების არჩევნებში გამარჯვებას სოციალ-დემოკრატიული პარტია აღწევდა,  თუმცა მაგალითად ზუგდიდის მაზრის არჩევნებში პირველ ადგილზე ესერთა პარტია გავიდა. დემოკრატიული რესპუბლიკის თვითმმართველობის არჩევნებისას, თბილისის მაზრის ერობის არჩევნებზე ერთგვარი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა,  ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული იქნა დამოუკიდებელი კანდიდატი, მუსლიმი ქალი ფარი ხანუმ სოფიევა. დიდი ალბათობის ის მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული იქნა ხალხის წარმომადგენლად.[11]

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო კანონმდებლობის შემუშავება სასამართლო რეფორმის განხორციელებისათვის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის შემოღებისთვის, დაწყებითი განათლების სრული ხელმისაწვდომობისთვის, აგრარული რეფორმისა და შრომითი უფლებების დაცვისთვის.

საინტერესოა, რომ ახლად შექმნილი რესპუბლიკა მთელი რიგ სფეროებში წმინდად ნაციონალიზაციის გზას ადგა. 1918 წლის ზაფხულიდან სახელმწიფო აპარატი ნაცვლად რუსული ენისა ძირითად სამუშაო ენად ქართულს იყენებდა, სასულიერო და რუსული სკოლების დიდი ნაწილი გაქართულდა და საერო სკოლებად გარდაიქმნა. რესპუბლიკამ საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა ქართული ენის, როგორც  სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა აქვე აღნიშნა ეთნიკური უმცირესობების ენის შესახებ ცალკე საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების საჭიროებაც[12].

1919 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც მუშაობას შეუდგა ახლად არჩეული დამფუძნებელი კრება, დამტკიცდა ერთპარტიული მთავრობა სოციალ-დემოკრატების შემადგენლობით. მთავრობა სრულად გახსნილი იყო ოპოზიციასთან თანამშრომლობისათვის.   საინტერესოა, რომ უკვე ერთპარტიულ მთავრობაში ოპოზიციის წევრები იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, მათ შორის - სახელმწიფო კონტროლის, სახელმწიფო ბანკის დირექტორის, უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის. რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების შემადგენლობის ნახევარზე მეტს ოპოზიციური პარტიების წევრები წარმოადგენდნენ. საკანონდებლო ორგანოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სრული დომინირებისა ოპოზიციური პარტიის წევრები ხელმძღვანელობდნენ საკანონმდებლო ორგანოს კომისიებს, მათ შორის საგარეო საქმეთა კომისიას.

დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, საქართველოში 200-ზე მეტი პერიოდული გამოცემა გამოდიოდა, მათ შორის სომხურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებზე. ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ გაერთიანებასა და ორგანიზაციას თავიანთი პრესის ორგანოები გააჩნდათ. ხშირად პრესის გვერდებზე რესპუბლიკის საწინააღმდეგო სტატიებიც იბეჭდებოდა. მხოლოდ ერთეულ შეხვედრებში, განსაკუთრებით მწვავე საომარი მოქმედებების დროს მოხდა დროებით რამდენიმე გაზეთის დახურვა. რამოდენიმეჯერ დაიხურა გაზეთი „კომუნისტი“, რესპუბლიკის დამხობისაკენ მოწოდებების გამო. შუღლის გაღვივებისა და ბრიტანეთის საწინააღმდეგო აგიტაციის წარმოებისთვის დროებით რამდენიმეჯერ დაიხურა ეროვნულ-დემოკრატთა გაზეთი „საქართველო“ და ნაციონალისტთა გაზეთი „სალი კლდე“, თუმცა პარტიები სხვა სახელით მაინც გამოსცემდნენ თავის გაზეთს. ეს დახურვის პროცესი როგორც წესი რამდენიმე დღეს ან კვირას არ აჭარბებდა.

მიუხედავად პროგრესული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტისა არსებობდა უარყოფითი მაგალითებიც, მაგალითად დამნაშავეთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის სიკვდილით დასჯის დროებით აღდგენა, რის მიზეზადაც სამხედრო დანაშაულების ზრდა მიიჩნეოდა, განსაკუთრებით ოსთა აჯანყებისას და სხვა ბოლშევიკური გამოსვლების მონაწილეთა დასასჯელად. ამგვარი ზომების შემოღების მოწინააღმდეგეები მრავლად იყვნენ მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და ოპოზიციაშიც.

რესპუბლიკის პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, მიუხედავად იმისა რომ, საკანონმდებლო დონეზე პროგრესული იყო, მაინც ვერ აგვარებდა რეალურ პრობლემებს, რომელიც არსებობდა აფხაზურ, ოსურ და სომხურ უმცირესობებთან. აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზად რესპუბლიკამ ფართო ავტონომია განსაზღვრა. მწვავე პრობლემად რჩებოდა ოსთა საკითხი, რადგანაც მათი განსახლების ვიწრო არეალში, ისტორიულ სამაჩაბლოში დიდი გავლენა ჰქონდათ ბოლშევიკურ დაჯგუფებებს და რამდენიმეჯერ სამხედრო გამოსვლებსაც ჰქონდა ადგილი. მთავრობამ სამხედრო ძალით ჩაახშო ჯავის რაიონში მიმდინარე აჯანყებები. სომხურ უმცირესობასთან დამოკიდებულებაში პრობლემები გააჩინა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ომმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, 1918 წლის ბოლოს. ამასთან პრობლემები წარმოშვა სოციალისტური მთავრობის დამოკიდებულებამ სომხურ ბურჟუაზიასთან, რომელიც დედაქალაქ თბილისში ძალზე გავლენიანი იყო. მთავრობამ სომხური ბურჟუაზიის ქონების ნაწილს კონფისკაცია გაუკეთა, განსაკუთრებით კი იმ პირთა ქონებას, რომელებიც სომხეთთან ომისას საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებში იქნა მხილებული.

დემოკრატიზაციის პროცესის კვალდაკვალ, დროდადრო ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა უფლებების შელახვის ფაქტებს, ანდაც სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირების გადაცდომებს. მაგალითად ადგილობრივი ორგანოების კომისრები ხანდახან არღვევდნენ კანონს, ანდაც ჩართული იყვნენ კორუფციულ ქმედებებში. მსგავს ფაქტებს არ ჰქონია სისტემური ხასიათი და არც ცენტრალურ დონეზე ჰქონია კორუფციულ ქმედებებს ფართო გასაქანი, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემას თვითმმართველი ორგანოების არაეფექტური კონტროლი წარმოადგენდა. პრობლემას წარმოადგენდა თვითმმართველობების მუშაობაც - მიუხედავად მიღებული პროგრესული კანონისა ადგილობრივი ხელისუფლებები ხშირად ფინანსური რესურსისა და კვალიფიციური კადრების სიმცირის გამო ეფექტურად ვერ მუშაობდნენ, თუმცა იყო გამონაკლისი თვითმმართველობები, რომლებიც წარმატებით ახორციელებდნენ საქმიანობას.

დასკვნა:

საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პარალელურად, 1918 წლის ზაფხულიდანვე დაიწყო მუშაობა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ დოკუმენტზე - კონსტიტუციაზე. პოლიტიკური სპექტრი არ ჩქარობდა კონსტიტუციის მიღებას და მაქსიმალურად ცდილობდა მხარეთა ჩართულობის შედეგად კონსტიტუცია შეემუშავებინა ევროპულ გამოცდილებებზე დაყრდნობით. საბჭოს მიერ დაწყებული პროცესი დამფუძნებელმა კრებამ გააგრძელა, საბოლოოდ კი 1920 წლის დასასრულს ყველა საკონსტიტუციო ნორმამ, მრავალმხრივი განხილვებისა და შესწორებების შემდეგ დასრულებული სახე მიიღო და დიდწილად დაეყრდნო შვეიცარიის კონსტიტუციის პრინციპებს. საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა საპარლამენტო ფრაქცია და მოწვეული სამართლის სპეციალისტები. საკონსტიტუციო კომისიის  მიერ წარდგენილი კონსტიტუციის პროექტის გარდა ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა ალტერნატიული კონსტიტუცია. 

1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ როდესაც ქართული სამხედრო შენაერთები დედაქალაქს იცავდნენ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიისაგან, დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუცია მოიცავდა მუხლებსა და თავებს, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა უფლება მოვალეობების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ავტონომიების, შეიარაღებული ძალების, ფინანსებისა და სახელმწიფო კონტროლის,  ეთნიკური უმცირესობების უფლებების, განათლების საყოველთაობისა და თავისუფლების, მოქალაქის სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და სრული სეკულარიზმის შესახებ. კონსტიტუცია კრძალავდა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას, იცავდა სიტყვის, პრესის, მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების სრულ თავისუფლებას, აუქმებდა ყოველგვარ წოდებრიობას გარდა აკადემიურისა. უშვებდა რეფერენდუმს საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად. კონსტიტუცია ხისტად განსაზღვრავდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის უცვლელი ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მშენებლობასა და დამკვიდრებას საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიუხედავად არაერთი შემაფერხებელი საშინაო და საგარეო ფაქტორისა თავი გაართვა. რესპუბლიკამ შეძლო ფუნდამენტური რეფორმების გატარება. რაც მთავარია დაიწყო მომავალი განვითარებისათვის მთავარი ფუნდამენტის შექმნა, რომელიც ემყარებოდა, ეგალიტარულ საზოგადოების პრინციპებს. საქართველოს პოლიტიკური პროგრესს არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები არამედ უცხოელი ლიდერებიც ხშირად აღნიშნავდნენ.

ჟორდანია, როგორც რესპუბლიკის ლიდერი 1918 წელსვე გრძნობდა, რომ მისი და მისი გუნდის პოლიტიკური შეხედულებების განხორციელება, დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობა,  მით უფრო არსებული საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის ფონზე არ იქნებოდა მარტივი და თავიდანვე აცხადებდა - „და თუ ჩვენს მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ და დავმარცხდებით, ერთი კი უეჭველი იქნება და ამას პირუთვნელი ისტორია აუცილებლად იტყვის - ჩვენ მივდიოდით სწორი გზით და გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც კი შეგვეძლო“.[13]

 

[1] ნოე ჟორდანია, სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია, გაზ. „ერთობა“, 1918, N184.

[2] Karl Kautsky,  Georgia’s Social-Democratic Peasant Republic, Impression and Observations.

[3] სტივენ ჯონსი, სოციალიზმი ქართულ ფერებში, სოციალ-დემოკრატიის ევროპული გზა 1883-1917. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018, გვ. 79.

[4]  ჯონსი, 2018, გვ. 186.

[5] რაჟდენ არსენიძე, დემოკრატიული რესპუბლიკა, თბილისი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, 2014, გვ. 13.

[6] რაჟდენი არსენიძე, 2014. გვ. 30-31.

[7] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, (სპეც. რედ. ვ. შარაშენიძე), თბილისის, ივერთა მხარე, 1990, გვ. 4.

[8] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული,  1990, გვ. 46-47.

[9] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული,  1990, გვ. 86-87.

[10] ი. ირემაძე, ს. ჭანტურიძე, პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში, თბილისი, თსუ, ცესკო, 2016, გვ. 31.

[11] დ. სილაქაძე, რ. კობახიძე, ი. ხვადაგიანი, დ. ხვადაგიანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100 ამბავი, თბილისი, არტანუჯი, 2018, გვ. 143.

[12] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული,  1990, გვ. 206.

[13] ნოე ჟორდანია, სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია,  გაზ. „ერთობა“, 1918, N193.