ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი

22 მარტი 2016 Shadow

 

ნატოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ტრიალებს ვიდეორგოლი სადაც ასახულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმინარე წვრთნები. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.  წვრთნისა და შეფასების ცენტრი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და  საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობა შეუძლიათ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრ ქვეყნებს, არამედ ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებსაც.

damoukidebloba.com გთავაზობთ ვიდეორგოლსა და მისი ტრანსკრიპტის თარგმანს.

 

ქართველი სამხედროები მალე იქნებიან ავღანეთში და მიიღებენ მონაწილეობას ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (NATO Resolute Support Mission). საქართველო აშშ-ის შემდეგ მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა.

იეშ ჰოლბრუკი, ნატოს ძირითადი გუნდი (NATO Core Team):

„წლების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ კოალიციის ძალების გვერდით ერაყსა და ავღანეთში და მათ მტკიცედ განიზრახეს დაუახლოვდნენ ნატოს, მიუახლოვდნენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მე ვთვლი, რომ ესაა (წვრთნების ჩატარება) ყველაზე მცირე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მე მგონია, რომ ჩვენი მორალური ვალდებულებაა დავეხმაროთ მათ ამ მიზნის მიღწევაში.“

ოკუპირებული ტერიტორიებისა და სამხრეთით მზარდი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების მდგომარეობა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არასტაბილურია.

პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე:

საქართველო არაა არცერთი ალიანსის წევრი. ზუსტად ამიტომაა საჭირო, უპირველესყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების იმედი გვქონდეს და ამ მიზნისთვის ჩვენ გვჭირდება მოკავშირეების დახმარება, რათა აღჭურვილნი ვიყოთ თავდაცვისათვის საჭირო ინსტრუმენტებით.“

შეიძლება საქართველო არაა ნატოს წევრი, თუმცა ნატო ინვესტიციებს დებს სხვადასხვა პროექტებში, რათა საქართველომ გააუმჯობესოს თავდაცვის შესაძლებლობები. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მოიცავს 13 პროექტს. ზოგიერთი პროექტი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა - კიბერუსაფრთხოება და სტრატეგიული კომუნიკაცია, მაშინ როდესაც თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის სკოლა (DIB School) უსაფრთხოების სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ყველაზე ხელშესახები შედეგია.

ვიცე-პოლკოვნიკი კრისტიან ემაუსი, JTEC-ის მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელი:

„რასაც აქ ვხედავთ არის სიმულაციური საწვრთნელი ცენტრი, რომელიც JTEC-ის ნაწილია. შეგვიძლია ვთქვათ, სამხედრო პერსონალი კომპიუტერის წინააღმდეგ. ყველაფერი რასაც აქ აკეთებენ გადაეცემა საკომანდო პუნქტს, რის შედეგადაც საკომანდო პუნქტში იღებენ გადაწყვეტილებებს

სიმულაციური წვრთნები არაა JTEC-ის ერთადერთი ფუნქცია.  თბილისთან ახლოს მდებარე ნორიოს ბაზა ასევე შეადგენს JTEC-ის ნაწილს, სადაც ქართველი სამხედროები უეცარ თავდასხმაზე რეაგირებენ (ვიდეო-რგოლში).

პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, JTEC-ის ხელმძღვანელი:

„ეს ის სივრცეა, რომელიც საშუალებას იძლევა სამხედროები მოემზადონ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციისთვის, რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, უნიკალურს ამ საწვრთნელ ცენტრს ხდის ის, რომ აქ შეგვიძლია წვრთნები ჩავუტაროთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ნატოს პარტნიორ ქვეყნებს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მთავარი არსია საქართველოს აღჭურვა საჭირო ინსტრუმენტებით, რათა საქართველომ თავი დაიცვას პოტენციური საფრთხეებისგან. ამასთანავე, ესაა სასარგებლო პარტნიორობა, რომელიც განამტკიცებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ისევე როგორც რეგიონის უსაფრთხოებას.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის ის რაცაა საჭირო, რომ საქართველო გახდეს ნატოსთან თავსებადი სახელმწიფო, რათა საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები და დაუახლოვდეს ნატოს.