Coda Story-ის ვიდეოში პოეტისა და სკოლის მასწავლებლის- ალექსანდრე ბივშევის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც რუსეთის სასამართლომ, სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე კრიტიკული ლექსის გამოქვეყნებისთვის გაასამართლა. მას ოფიციალურად ბრალი შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაში დასდეს და 2 წლით აუკრძალეს მასწავლებლობა, გაუყინეს ყველა საბანკო ანგარიში და 300 საათი იძულებითი სამუშაო დააკისრეს. ადგილობრივ გაზეთში კი ეს ამბავი ასე გაშუქდა: „ასეთ პატრიოტებს რუსეთში არაფერი ესაქმებათ.“
ალექსანდრე ბივშვევი მეორეჯერ ამა წლის იანვარში გაასამართლეს მსგავსი მიზეზით და რუსეთში მოქმედი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. ბივშვევი ფაქტს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინებად და ერთგვარ გზავნილად- „იჯექით და ჩუმად იყავით“ აღიქვამს. მისი თქმით, რუსეთში მოსახლეობა საკმაოდ დაშინებულია, მხოლოდ ადგილობრივ პირველ და მეორე არხს უყურებენ, რომლებიც ცალსახად პუტინის ნარატივს ავრცელებენ. „უყურეთ მარტო პირველ და მეორე არხს, სადაც ყველაფერს დეტალურად და გასაგებად აგიხსნიან, რათ გინდათ ზედმეტი ალტერნატივები? „- აღნიშნავს ის ვიდეოში.
CODA STORY კრიზისების გრძელვადიანი გაშუქების ინოვაციური და უნიკალური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიული განვითარებას. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია BBC-ს ყოფილი კორესპონდენტი, ნატალია ანთელავა. პლატფორმის ერთ-ერთი მიმართულება დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მოსახლეობისთვის საკითხის შესახებ ინფორმაციის მიტანაა.