1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. ამ დღეს ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა, რომელსაც შედეგად სოხუმის დაცემა მოყვა.
ამ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა იყო, რომელსაც შემდგომში, 2004 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა.
1973 წლიდან საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო, ამ თანამდებობაზე 8 წლიანი მუშაობის პერიოდში, ჟიული შარტავას ინიციატივით ყოველწლიური ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ღონისძიებები ეწყობოდა რუხში.
ასვეე, ცნობილია მის გამოკვეთილი ეროვნული პოზიცია 1978 წლის 14 აპრილის კრიზისის დროს, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა გმირულად აღუდგა წინ საკავშირო ცენტრის მცდელობას საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციიდან ამოეღოთ მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. წინასწარი განხილვის დროს, სტუდენტები ჟიული შარტავას პოზიციით დაინტერესდნენ: „ნუ გგონიათ, რომ თქვენზე ნაკლებად ვიცით ხალხისათვის თავგანწირვა… ჩვენს ყოფნას ამ თანამდებობებზე რა ფასი აქვს, ბუნებრივია, თქვენს გვერდით ვიქნებით“ – ასეთი იყო მისი პასუხი. შემდგომში 14 აპრილი „ქართული ენის დღედ“ გამოცხადდა.
1985 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო და ჟიული შარტავა რუსთავის მმართველად გადაიყვანეს, თუმცა თავდასხმების გამო მალე საქართველოდან დევნილობაში წასვლაც მოუწია და მოსკოვში ცხოვრობდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, 1990 წელს ჟიული ოჯახით საქართველოში დაბრუნდა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს დაუახლოვდა. თუმცა, მისი რეპუტაციის შელახვას ისევ აქტიურად ცდილობდნენ, ხმას ავრცელებდნენ, რომ „ჟიული შარტავა ჩამოსულია თბილისში და ეწევა დიდ მუშაობას, რათა თავისი მომხრეების საშუალებით მიაღწიოს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის პოსტს და კრემლს ჰპირდება საქართველოში ეროვნული მოძრაობის ჩახშობას.“ ამიტომაც, ჟიული შარტავა იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საზოგადოებრივ საქმიანობას.
მაგრამ, 1992 წელს ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში და რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. 1993 წლის 18 ივლისს, აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა - ედუარდ შევარდნაძემ, ჟიული შარტავა ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
ჟიული შარტავა აქტიურად შეუდგა თავის მოღვაწეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ მისი სწრაფვა და მონდომება, როგორმე შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა, ამაო გამოდგა.
1993 წლის სექტემბერში მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
26-27 სექტემბრის უმძიმეს დღეებში, ხელმძღვანელობა ცდილობდა შარტავა დაერწმუნებინა მინისტრთა საბჭოს დისლოკაცია შეეცვალათ და უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. მისის პასუხი ასეთი იყო: „მე აქ უნდა ვიყო, რადგან, ხალხი მუდმივად რეკავს და, თუ აღმოჩნდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის, შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს და ამას უარესი შედეგებიც მოყვეს.“
ჟიული შარტავამ მხოლოდ მას შემდეგ გასცა აფხაზეთიდან გამოსვლის ბრძანება, როდესაც ალმოდებული სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანის გამსვლელი ნაკადი შეწყდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - აკაკი გასვიანი იხსენებს: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები. ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო. მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში."
უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან და „ავღანელებთან“ ერთად. კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალი შარტავა 50 ადამიანთან ერთად მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა, მაშინ როცა სხვა ყველა მაღალჩინოსანს უკვე დატოვებული ჰქონდა ქალაქი, სეპარატისტები კი გამარჯვებას ზეიმობდნენ. „ავღანელთა“ დაჯგუფებამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამოყვანა მოახერხა, დანარჩენები, მათ შორის, ჟიული შარტავა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და ადგილზე დახვრიტეს.
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო."
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იხსენებს, რომ ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მის სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა, სადაც ის წერდა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს და თუ საქართველოს, თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში.”
მოლაპარაკების შემდეგ, მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მინიჭებული აქვს „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენი, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.