8 შეკითხვა კატინის თაობაზე

27 მაისი 2019 Shadow

 

კატინის დანაშაულიდან თითქმის 70 წელია გასული. 1940 წელს, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა უშუალოდ სტალინისა და ბერიას დავალებით სიცოცხლეს გამოასალმეს 22.000 პოლონელი, უმეტესწილად სამხედრო ტყვე ოფიცრები. გთავაზობთ ეკატარინა პავლენკოს საინტერესო სტატიის თარგმანს ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც პირველად გამოქვეყნდა საიტზე - https://arzamas.academy.

 

1. რა არის „კატინის დანაშაული“ 

აშშ-ში, ქალაქ ნიუ ჯერსიში 1991 წელს აღმართული კატინის მემორიალი

 

„კატინის დანაშაული“ კრებითი ტერმინია, რომლითაც აღნიშნავენ 22 ათასი პოლონელის დახვრეტას საბჭოთა კავშირის შინსახკომის (НКВД) მიერ 1940 წელს. მსხვერპლებს შორის იყვნენ სამხედრო ტყვეები, რომლებიც იქამდე კოზელსკის, ოსტაშკოვის და სტარობელსკის ბანაკებში მოხვდნენ, ასევე დასავლეთ უკრაინისა და ბელარუსის ციხეებში მყოფი პატიმრები, რომლებიც აღმოსავლეთ პოლონეთში დააპატიმრეს. სახელწოდება „კატინი“ დანაშაულებებს დარქვა იმის გამო, რომ პირველად კატინის ტყეში აღმოაჩინეს პოლონელ მსხვერპლთა სამარხები 1943 წელს; ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საუკუნის მანძილზე მკვლევარებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ შესაძლოა არსებულიყო სხვა სამარხებიც.

 

2. როგორ მოხვდნენ პოლონელები საბჭოთა ტყვეობაში და ციხეებში

1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, ხოლო 17 სექტემბერს, გერმანიასთან მოლაპარაკებისა და ე.წ. „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ გაფორმების შემდეგ, საბჭოთა კავშირმაც შეიყვანა ჯარი პოლონეთში, თუმცა ომის გამოცხადების გარეშე: ოფიციალურად ამ კამპანიას ეწოდა დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსის „განმათავისუფლებელი მსვლელობა“.

პოლონელი მთავარსარდალს, ედვარდ რიდზ-სმიგლის არ სურდა ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლის გამართვა და არმიას უბრძანა, არ ჩართულიყვნენ ბრძოლაში საბჭოთა ჯარებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი იარაღის დაყრას მოითხოვდნენ. აგრეთვე დაირხა ხმები, რომ საბჭოთა კავშირმა პოლონეთში ჯარები სინამდვილეში ნაცისტებთან საბრძოლველად შეიყვანა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლონელები საბჭოელებს არ ეწინააღმდეგებოდნენ და ხშირად ნებდებოდნენ კიდეც: სექტემბრის ბოლოს დაახლოებით 250 ათასი პოლონელი ჯარისკაცი და ოფიცერი, მესაზღვრე, პოლიციის მუშაკი, ჟანდარმი, ციხის ბადრაგი და სხვები საბჭოთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 

საბჭოთა წითელი არმიის ჯარისკაცი წინ მიუძღვის პოლონელ სამხედრო ტყვეებს, 1939 წელი

 

ამავდროულად, ოკუპირებული პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად აკავებდა სახელმწიფო მოხელეებს, საბჭოთა ტყვეობიდან თავდაღწეულ ოფიცრებს და პოლიციელებს, პოლონეთის პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს, მსხვილ მიწათმფლობელებს, კომერსანტებს, საზღვრის დამრღვევებს და სხვებს.

 

3. რა ბედი ელოდათ ტყვეებს და დაკავებულებს

საწყის ეტაპზე, ტყვეების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მათი ნახევრის გაშვება მოუწიათ, მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ იარაღი ჩამოართვეს. დარჩენილები გააგზავნეს შინსახკომის მიერ სპეციალურად სამხედრო ტყვეებისთვის შექმნილ ბანაკებში, თუმცა ადგილი იმდენად მცირე იყო, რომ რამდენიმე თვეში ტყვეების დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ გაუშვეს სახლებში ან სამხედრო ტყვეების გაცვლის პროგრამის ფარგლებში გერმანელებს გადასცეს.

საბოლოო ჯამში დარჩა დაახლოებით 15 ათასი პოლონელი სამხედრო ტყვე, რომელიც „სპეცკონტიგენტს“ მიაკუთვნეს - არმიის ოფიცრები, პოლიციელები, ჟანდარმები, მესაზღვრეები, ციხის ბადრაგები და ა.შ. ისინი გადაანაწილეს შინსახკომის სამ ბანაკში: კოზელსკის, ოსტაშკოვის და სტარობელსკის. „სპეცკონტიგენტის“ გარდა ტყვეობაში დატოვეს პოლონეთის 25 ათასი რიგითი მოქალაქე: ისინი დატყვევებული ჰყავდათ სამხედრო ტყვეების შრომით ბანაკებში და აპირებდნენ გზის მშენებლობაზე დაესაქმებინათ, აგრეთვე მაღაროებში, მეტალურგიულ ქარხნებში და ა.შ. გარდა ამისა, 1940 წლის მარტში, კიდევ 18 ათასი პოლონეთის მოქალაქე უკრაინის და ბელარუსის ციხეებში  იმყოფებოდა.

1940 წლის მარტის დასაწყისში, ლავრენტი ბერიამ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში გააგზავნა წერილი და პოლიტბიუროს შესთავაზა დაეხვრიტათ „სპეცკატეგორიას“ დაქვემდებარებული პოლონეთის მოქალაქეები „იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანი არის საბჭოთა კავშირის იდეური, გამოუსწორებელი მტერი“. გადაწყდა დაეხვრიტათ „14.700 პოლონელი ოფიცერი, ჩინოვნიკი, მემამულე, პოლიციელი, მზვერავი, ჟანდარმი, პოლონეთიდან ჩამოსახლებული და ციხის თანამშრომელი“ (ანუ ყველა, ვინც იმყოფებოდა კოზელსკის, ოსტაშკოვის და სტარობელსკის ბანაკებში). ამ ადამიანების გარდა ციხეში მყოფი 11 ათასი მსჯავრდებული, „სხვადასხვა კონტრრევოლუციური, ჯაშუშური და დივერსიული ორგანიზაციის წევრი, ყოფილი მემამულეები, ფაბრიკანტები, პოლონელი ოფიცრები, ჩინოვნიკები და საზღვრის დამრღვევები“ - ამ ადამიანების დახვრეტის გადაწყვეტილება გამოიტანეს 5 მარტს. 

ლავრენტი ბერიას წერილი იოსებ სტალინისადმი, 1940 წლის მარტი

 

დახვრეტები დაიწყო აპრილში, დასრულდა მაისში: მთელი ამ დროის მანძილზე სმოლენსკის, კალინინის (დღევანდელი ტვერის) და ხარკოვის შინსახკომის საოლქო განყოფილებები ნაწილ-ნაწილ იღებდნენ 500 კაციან ეტაპებს და მათ დაუყოვნებლივ ხვრეტდნენ. ამის პარალელურად, შინსახკომი რეპრესირებულების ოჯახის წევრებს ასახლებდნენ ცენტრალურ აზიაში, ძირითადად ყაზახეთში. სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა არ გამოუტანეს 395 ტყვეს - ისინი გადაიყვანეს იუხნოვის ბანაკში, ხოლო შემდეგ გრიაზოვეცკში. მოგვიანებით გაირკვა, რომ 11 ათასი პატიმრიდან ყველა არ დაუხვრეტიათ: 1959 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) თავმჯდომარემ, შელეპინმა ნიკიტა ხრუშჩოვს აცნობა, რომ 1940 წლის 5 მარტს სამხედრო ტყვეებთან ერთად დაიხვრიტა 7.305 პატიმარი.

 

4. რა ბედი ეწიათ გადარჩენილებს

1941 წლის ზაფხულში, საბჭოთა კავშირმა და პოლონეთის დევნილმა მთავრობამ გააფორმეს შეთანხმება: დოკუმენტის მიხედვით, 1939 წლის საბჭოურ-გერმანული მოლაპარაკებები ანულირდა, ხოლო საბჭოურ-პოლონური ურთიერთობები აღდგა. მხარეები შეთანხმდნენ ყველა დაპატიმრებული პოლონელის, ამა თუ იმ მიზეზით ვინც საბჭოთა კავშირში თავისუფლებააღკვეთილი აღმოჩნდა: სამხედრო ტყვეების, დაპატიმრებულების, გასამართლებულების და სპეცდასახლების პუნქტებში მცხოვრებლების და სხვების (სულ 390 ათასი ადამიანი) გათავისუფლებაზე - ამ ხალხისგან უნდა შექმნილიყო გერმანელების წინააღმდეგ მებრძოლი პოლონური არმია.

14 აგვისტოს დაიწყო პოლონური არმიის ორგანიზაციის პროცესი, რომელიც უნდა შექმნილიყო ამნისტირებული პოლონელებისგან. მის ხელმძღვანელად დანიშნეს ვლადისლავ ანდერსი, რომელიც იქამდე ლუბიანკაზე, შინსახკომის უშიშროების შიდა ციხეში იყო გამომწყვდეული. არმიის ჩამოყალიბების პროცესში გაირკვა, რომ ათასობით ოფიცერი შეკრების ადგილზე არ გამოცხადდა. პოლონეთის მხარის შეკითხვაზე საბჭოთა მხარე აცხადებდა, რომ ამნისტიის შემდეგ ამ სამხედროების ბედი მათთვის უცნობი იყო და შესაძლოა ისინი სულაც ქვეყნიდან გაიქცნენ. 1941 წლის მიწურულს „ანდერსის არმიაში“ დაახლოებით 25 ათასი სამხედრო ირიცხებოდა.

 

5. როგორ გაირკვა დახვრეტების შესახებ

ვიშისტური საფრანგეთის მთავრობის წევრი, ფენდინანდ დე ბრიონი (ცენტრში) და სხვა ოფიციალური პირები ამოცნობილი პოლონელი გენერლების, მეჩისლავ სმორავინსკის და ბრონისლავ ბოგატირევიჩის საფლავებთან, რომლებიც კოზელსკის ბანაკში იყვნენ დატყვევებულები და კატინში დახვრიტეს. 1943 წლის აპრილი

 

1941 წელს გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს სმოლენსკის ოლქი, 1943 წლის მარტში მათ რადიოეთერით განაცხადეს, რომ მიაგნეს საბჭოთა უშიშროების ორგანოების მიერ დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების სამარხებს. კატინის ტყეში ჩაატარეს ექსჰუმაცია და ორი თვის მანძილზე მიაკვლიეს 4,243 პოლონელი ოფიცრის ნეშტს, რომელთაგან მოხერხდა დაახლოებით 64%-ის ამოცნობა (იმ დოკუმენტებით, რომლებსაც ნეშტებთან მიაკვლიეს). ამის შემდეგ ნეშტები გადაასვენეს დახვრეტის ადგილთან ახლომდებარე ძმათა სასაფლაოზე. პოლონეთის ქალაქებში ხმის გამაძლიერებლებით კითხულობდნენ დაღუპულების სახელებს და გვარებს. ექსჰუმაციის შედეგები გამოაქვეყნეს სპეციალურ წიგნში - Amtliches Material zum Massenmord von Katyn. ნაპოვნი ნივთები და დოკუმენტები გერმანელებმა გადასცეს კრაკოვის სასამართლო მედიცინის და კრიმინალისტიკის ინსტიტუტს. ერთი წლის შემდეგ, გერმანელებმა დოკუმენტების დიდი ნაწილი გერმანიაში წაიღეს, ხოლო 1945 წელს, წითელი არმიის ბერლინში შესვლამდე დაწვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა არქივის თანამშრომლებმა შეძლეს რამდენიმე ასლის გადამალვა, რაც დღემდე შემორჩა.

 

6. როგორი იყო საბჭოთა მხარის რეაქცია

გერმანელების ოფიციალური განცხადებიდან ორ დღეში, საბჭოთა საინფორმაციო ბიურომ უარყო მათ მიერ პოლონელი ტყვეების დახვრეტაში მონაწილეობა: მათი მტკიცებით, პოლონელი ტყვეები მუშაობდნენ სმოლენსკის აღმოსავლეთით, გზის მშენებლობაზე, იქ ისინი გერმანელებმა შეიპყრეს და დახვრიტეს, რის შემდეგაც მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია. 1943 წლის აპრილში, პოლონეთის დევნილმა მთავრობამ მიმართა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს პოლონელი ოფიცრების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ამ მიმართვის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა დევნილ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

1944 წლის იანვარში, სმოლენსკის გათავისუფლებიდან სამნახევარ თვეში, საბჭოთა კავშირში შეიქნა „გერმანელ-ფაშისტი დამპყრობლების მიერ კატინის ტყეში ტყვე სამხედრო ოფიცრების დახვრეტის გამოძიების სპეციალური კომისია“, რომელსაც სათავეში აკადემიკოსი ნიკოლაი ბურდენკო ჩაუდგა. სანამ კომისია მუშაობას დაიწყებდა, სმოლენსკში გააგზავნეს შინსახკომის (НКВД-НКГБ) თანამშრომლების ჯგუფი. ცნობილია, რომ ამ ჯგუფის წევრები ეწეოდნენ თვითმხილველების გადმობირებას, გარდა ამისა სამარხში ყრიდნენ ისეთ დოკუმენტებს, რომელიც თითქოს-და მიუთითებდა იმაზე, რომ პოლონელი ოფიცრები 1941 წლის შემოდგომაზე გერმანელებმა დახვრიტეს.

1944 წლის 26 იანვრის გაზეთ „იზვესტიას“ ნომერში გამოქვეყნდა ბურდენკოს კომისიის დასკვნის შედეგები, რომლის თანახმადაც სმოლენსკში პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს გერმანელებმა. საბჭოთა მხარე ითხოვდა, რომ პოლონეთს ეღიარებინა ეს ვერსია, რაც იალტის კონფერენციის შემდეგ ჩამოყალიბებულმა და დევნილი მთავრობის პარალელურად მოქმედმა, პოლონეთის პროსაბჭოთა დროებითმა მთავრობამ შეასრულა. მეტიც, მათ დააწესეს სანქციები, რომელიც საქმის აღძვრით ემუქრებოდა იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ვერსიას ეჭქვეშ დააყენებდა. ოფიციალურ ვერსიას საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები აქტიურად ლობირებდნენ ნიურნბერგში, როდესაც 1945-1946 წლებში ნაცისტ ლიდერებს ასამართლებდნენ. თუმცა ტრიბუნალმა მოისმინა რა საბჭოთა ბრალდებები და ნაცისტების დამცველთა არგუმენტები, არ დაადანაშაულა კატინის დახვრეტაში გერმანელები და საბოლოო განაჩენის გამოტანისას ეს დანაშაული არ გაითვალისწინა.

1959 წლის მარტში, ნიკიტა ხრუშჩოვმა მიიღო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ შელეპინის სრულებით საიდუმლო ჩანაწერი. იქ ნათქვამი იყო, რომ 1940 წელს საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა დახვრიტეს 14,552 სამხედრო ტყვე და 7,305 მსჯავრდებული დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელარუსში. შელეპინი ხრუშჩოვს სთავაზობდა გაენადგურებინათ დახვრეტილების სააღრიცხვო საქმეები, რათა თავიდან აეცილებინათ „ჩატარებული ოპერაციის გამოვლენა სახელმწიფოსთვის არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად“ და ასევე იმის გამო, რომ „საბჭოთა ორგანოებისთვის ეს საქმეები აღარ წარმოადგენენ ოპერატიულ-სამძებრო ინტერესს და ისტორიული ფასეულობაც აღარ გააჩნდათ“. შეთავაზება ხრუშჩოვმა შეასრულა და შემდგომი 31 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირს არ აუღია დახვრეტებზე პასუხისმგებლობა. 

საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი პოლონეთის პრეზიდენტს, ვოიცეხ იარუზელსკის გადასცემს დოკუმენტების ასლებს. 1990 წელი

 

ყველაფერი შეიცვალა 1990 წლის აპრილში, როდესაც რუსეთის მთავარმა საინფორმაციო საშუალებამ, ТАСС-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც კატინის დანაშაული კლასიფიცირდებოდა როგორც „სტალინიზმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული“ და საუბარი იყო „კატინის ტყეში ჩადენილი ბოროტებების გამო ბერიას, მერკულოვის და მათი ხელქვეითების პასუხისმგებლობის შესახებ“. რამდენიმე დღეში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ვოიცეხ იარუზელსკიმ მიხეილ გორბაჩოვისგან მიიღო სიები კოზელსკის და ოსტაშკოვის ბანაკებიდან ტყვეების ეტაპირების და სტარობელსკის ბანაკიდან სამხედრო ტყვეების ამორიცხვის თაობაზე. ეს სიები თითქმის სრულად ემთხვეოდა შინსახკომის მიერ დახვრეტილი ტყვეების სიებს, თუმცა კატინის ისტორია ამითაც არ დამთავრებულა.

 

7. როგორ უკავშირდება ერთმანეთს კატინი და მედნოე

შინსახკომის რიგი მუშაკების, მათ შორის ბერიას დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გადაიგზავნა მთავარ სამხედრო პროკურატურაში. ასე შეიქმნა საქმე №159 და საგამოძიებო ჯგუფი ალექსანდრ ტრეტეცკის ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომში შეცვალა ანატოლი იაბლოკოვმა. 1991 წელს დაიკითხა 88 წლის დიმიტრი ტოკარევი, რომელიც კალინინის ოლქის შინსახკომს ხელმძღვანელობდა 1938-1943 წლებში. მისი მონათხრობით გამოვლინდა დანაშაულის იქამდე უცნობი დეტალები, მათ შორის მინიშნება კიდევ ერთ მასობრივ სამარხზე, სოფელ მედნოესთან ახლოს.

1990-იან წლებამდე, სამხედრო ტყვეები სტარობელსკის და ოსტაშკოვის ბანაკებიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ: ცნობილი იყო მხოლოდ კოზელსკის ბანაკის ტყვეების კატინის ტყეში დახვრეტის შესახებ. ტოკარევის დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო ჯგუფმა გადაწყვიტა ექსჰუმაციის ჩატარება, სოფელ მედნოესთან, იმ ტერიტორიაზე რომელიც ყოფილი უშიშროების კომიტეტის წევრების სააგარაკე ადგილს წარმოადგენდა. 1991 წელს მიაგნეს სამარხების მხოლოდ მცირე ნაწილს და პოლონელი ტყვეების ნეშტებს, ხოლო ძირითად ნაწილს მიაგნეს მხოლოდ 1995 წელს. აღმოჩენა მოხერხდა ლურჯი საღებავის მეშვეობით, რომლითაც შეღებილი იყო პოლონელი ოფიცრების უნიფორმა. საღებავი დროთა განმავლობაში ნიადაგში გაიხსნა, ხოლო დაბურღვის დროს უჩვეულო, ლურჯი ფერის მიწა ბურღებზე რჩებოდა ხოლმე. ექსჰუმაციის შედეგებით დადგინდა 44 დასაფლავებულის ვინაობა: სხვა მსხვერპლების დოკუმენტები, რომლითაც მათი ამოცნობა შესაძლებელი იქნებოდა არ შემორჩა.

ტოკარევის ჩვენებებით და საარქივო დოკუმენტებით გაირკვა, რომ ოსტაშკოვის ტყვეებს ხვრეტდნენ კალინინის რაიონის ციხეში (ტვერის ოლქი), შემდეგ გვამები გადაჰქონდათ მედნოეში, სადაც 1937-1938 წლების ტერორის დროსაც მარხავდნენ დახვრეტილებს. სტარობელსკის ბანაკის ტყვეებს მარხავდნენ ქალაქ ხარკოვთან ახლოს. 

მემორიალური კომპლექსი "მედნოე" ტვერის ოლქში, 2008 წელი

 

 8. რითი დასრულდა გამოძიება რუსეთში

1992 წელს რუსეთმა პოლონეთს გადასცა კატინის დანაშაულის საგამოძიებო მასალები პრეზიდენტის არქივიდან, მათ შორის ბერიას წერილი პოლიტბიუროსადმი, პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და შელეპინის წერილი ხრუშჩოვისადმი. ეს ნიშნავდა არამხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების აღიარებას, არამედ დანაშაულში პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათი ვინაობის გასაჯაროებას.

ორი წლის თავზე, 1994 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ იაბლოკოვისგან მოითხოვა შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე. საქმე დაიხურა, აქვე ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდების თანახმად, სტალინი, პოლიტბიუროს წევრები, შინსახკომის ხელმძღვანელები და აღმასრულებლები გამოცხადდნენ სამხედრო დამნაშავეებად და ბრალი დაედოთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. სამი დღის შემდეგ დადგენილება შეცვალეს, იაბლოკოვი ჩამოაშორეს გამოძიებას, ხოლო საქმე ფორმალურად გააგრძელეს. საქმე კვლავ შეწყვიტეს 10 წლის შემდეგ, 2004 წელს, მიზეზად დაასახელეს ის, რომ დამნაშავეთაგან არავინ იყო ცოცხალი. შეწყვეტის პარალელურად, დადგენილება - საქმე  №159-ის დახურვის შესახებ და სხვა საგამოძიებო მასალები გაასაიდუმლოეს, რის მოტივადაც დაასახელეს ის, რომ ზოგიერთ ტომში მოთავსებული იყო დოკუმენტები გრიფით „საიდუმლო“, „სრულიად საიდუმლო“ და „სამუშაო ვერსია“. ამას გარდა, 1994 წლისგან განსხვავებით დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა: 2004 წლიდან დანაშაული ფასდებოდა როგორც „წითელი არმიის ხელმძღვანელი პირების მიერ ძალაუფლების გადამეტება განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები“. შედეგად დანაშაულის კლასიფიკაცია და სიმძიმე საგრძნობლად შემცირდა: საერთაშორისო სამართლის დარღვევის ნაცვლად რუსულმა საგამოძიებო სამსახურებმა საქმეს ქვეყნის შიდა სისხლის სამართლის კლასიფიკაცია მიანიჭეს. 

მიროსლავ ბისკუპსკის მიერ შექმნილი, კატინის მსხვერპლთა პატივსაცემი მემორიალური სკულპტურა, ვარშავის ქალწული მარიამის სახელობის ტაძარი

 

პოლონელი ტყვეების ნათესავები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ მსხვერპლთა რეაბილიტაციას, რადგან ინდივიდუალური დოკუმენტები, რომლებშიც ეწერებოდა რა მოხდა არ შემორჩენილა. დღემდე ვერ ხერხდება 3.870 მსხვერპლის იდენტიფიკაცია, რის გამოც მკვლევართა საქმე გრძელდება: 2015 წელს გამოვიდა მემორიალური ალბომი კატინში დახვრეტილი 4.415 სამხედრო ტყვის ბიოგრაფიებით, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია ანალოგიური წიგნის გამოცემა სოფელ მედნოეში დახვრეტილი ტყვეების შესახებაც.