საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - კრემლის რეაქცია

6 ნოემბერი 2024 Shadow

მიმდინარე წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულმა შედეგმა, რომლის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" 53.93%-ით გაიმარჯვა, რუსეთის სახელმწიფო მედიაში დადებითი რეაქცია გამოიწვია.  მათი აზრით, აღნიშნული შედეგი სამხრეთ კავკასიაში გავლენათა ბალანსში მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმბოლოდ უნდა იქცეს. არჩევნების სისტემური ხარვეზებით ჩატარების მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ქართული ოცნების წარმატება რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მედიასაშუალებებმა და პროპაგანდისტულმა არხებმა პოზიტიურად აღიქვეს და მოსკოვის ინტერესებისთვის პერსპექტიულ მოვლენად ასახეს.

 

რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები გამოხატავენ ოპტიმიზმს დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ეკონომიკური კავშირების გაფართოების სურვილთან ერთად. რუსული მედია და ოფიციალური პირები საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების "გადატვირთვაზე”, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას გააღრმავებს და რეგიონულ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

 

ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ზეიმობდა "ქართული ოცნების" "წარმატებას" და მას სტაბილურობისა და პრაგმატული მმართველობის გამარჯვებად წარმოაჩენდა, რაც რადიკალურად  განსხვავდებოდა იმ რეაქციებისაგან, რომელიც დასავლურ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა. მედიის გავლენიანმა პირებმა, მაგალითად RT-ისა და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, შეაქო ჩატარებული არჩევნები და წარმოაჩინა ისე, თითქოს ეს იყო დასავლეთის ჩარევების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება. მედიაში აცხადებდნენ, რომ ეს აერთიანებდა საქართველოს რუსეთთან. ცნობილია მისი მოკლე გამოხმაურებაც პლატფორმა “X-ზე” – “ქართველებმა გაიმარჯვეს, ყოჩაღ!”.

 

ამასთან ერთად, რუსულმა პროპაგანდამ გამოცხადებული "ქართული ოცნების" გამარჯვება დასავლური გავლენის მიმართ კრიტიკულ ნარატივებში გამოიყენა და არჩევნების შედეგი წარმოაჩინა, როგორც ნატოსა და ევროკავშირის ამბიციებისგან "რეალისტური" გამიჯვნა, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველო წარმოაჩინეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალა, რომ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და გაემიჯნოს დასავლეთის მიერ “თავსმოხვეულ ლიბერალიზმს.” 

 

რუსეთის სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიების რეაქცია 2024 წლის საქართველოს არჩევნებზე გვიჩვენებს კრემლის ეგზისტენციალურ სურვილს განიმტკიცოს გავლენა მეზობელ რეგიონებში და შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს  პროდასავლური განწყობები საქართველოში. ზოგადად, ეს რეაქციები ხაზს უსვამს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, დიპლომატიური ჩართულობისა და მედია მიმართულების გამოყენებას პოსტსაბჭოთა რეგიონული პოლიტიკის სათავისოდ ფორმირების მიზნით.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ  “ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების… ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი"[1]. პრეზიდენტის განცხადებას თავის ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა “მე მაქვს შეკითხვა ზურაბიშვილთან,  რატომ არის საქართველოს მომავალი ევროპულზე უარესი? ნება მომეცით, შევახსენო საფრანგეთის მოქალაქეს [ზურაბიშვილს], რომ საქართველო საფრანგეთზე უფრო ძველია”.[2] აღნიშნულს ასევე ეხმიანება “რია ნოვოსტის” სტატია, სადაც პროპაგანდისტი ვიქტორია ნიკიფოროვა საუბრობს ფაქტზე, რომ საქართველო უფრო ძველი ქრისტიანული ქვეყანაა, ვიდრე საფრანგეთი და “ამპარტავანი ევროპის” კულტურა საქართველოში უფრო ადრე არსებობდა, სწორედ მაშინ, როდესაც ქალაქი პარიზი ჭუჭყსა და უმეცრებაში იძირებოდა[3]. ზახაროვა ასევე მიუთითებდა, რომ ევროკავშირში შესულ ქვეყანას ევროპული მომავალი არ მიეცემოდა და ამას “სისულელე” უწოდა. მისი აზრით, მომავალი ისეთ ქვეყნებს ექნებოდათ, რომლებიც ვაშინგტონის ბრძანებებს არ შეასრულებდნენ.

 

ზემოაღნიშნული ნარატივებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს უპირატესობა აჩვენოს ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით, დასავლეთთან ინტეგრაცია შეაფასოს “ნეოკოლონიალიზმად”[4], ამით ანტიდასავლური განწყობები გაზარდოს და ქვეყანაში თავისი პოზიციები გაიმყაროს.


ზახაროვამ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი ტრადიციული ღირებულებებისა და განვითარების, სტაბილურობის სასარგებლოდ. “როგორც მეზობლებმა, ისე დასავლურმა ქვეყნებმა (ჯერ-ჯერობით, ევროკავშირიდან ეს მხოლოდ უნგრეთმა გააკეთა) მიულოცეს “ქართულ ოცნებას” დამაჯერებელი გამარჯვება.  “ეუთო-ოდირმა” დაუდასტურა არჩევნების კარგად ორგანიზებულობა და კონკურენტული გარემო, მაღალი აქტივობით, თუმცა დასავლური “ბაბა-იაგა” წინააღმდეგია,” – წერდა ზახაროვა.

 

ზახაროვას სიტყვებით აშშ და ბალტიისპირეთის ქვეყნები თავიანთი ფლაგმანი სტრუქტურების წინააღმდეგაც კი მიდიან. მათ არ აწყობთ ეს შედეგები და ულტიმატუმებს უყენებენ საქართველოს მთავრობას და იმუქრებიან სანქციებითა და დევნით, თუ თბილისს სუვერენული კურსი ექნება და ეცდებიან არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და ახალი ფერადი რევოლუციის პროვოცირება მოახდინონ.[5]

 

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების RIA Novosti-ს მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში არჩევნები წარმოჩინდა, როგორც ცივილიზაციური ბრძოლა დაკნინებულ დასავლეთსა და მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს შორის. „ქართველმა ხალხმა ხმა მისცა გეი აღლუმების და სხვა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი ვიქტორია ნიკიფოროვა,[6] რომელსაც დასავლეთის ქვეყნებისგან სანქციები აქვს დაწესებული. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება საქართველოსთვის ბუნებრივი გზაა და, სამაგიეროდ, სწორედ „ევროელიტებს“ სურდათ „საქართველოსთან იგივე ხრიკი გამოეყენებინათ, როგორც უკრაინასთან, თბილისში თავიანთი მარიონეტები დაესვათ, რომლებიც ხალხს რუსეთთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ.” ნიკიფოროვა სტატიაში ხშირად იმეორებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ დასავლეთი ცდილობდა, საქართველო შეეყვანა რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში, ახალი ფრონტი გაეხსნა კავკასიაში. იდენტური განცხადებები რეგულარულად ჟღერდა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული დეზინფორმაციული  განცხადებაც ამაზე მეტყველებს, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა ქართველებს რუსებთან ომი შესთავაზა და მოკლე მონახაზი მისცა: “სამი მილიონი ხართ, სამ-ოთხ დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ, პარტიზანულად ტყეში გახვიდეთ, დაგეხმარებით, იქიდან იომეთო.”[7] იგივე ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს სტატია ბორის ჯონსონს უკრაინასთან მიმართებით. “ქართველები მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ბრიუსელს ისინი “საზარბაზნე ხორცად” სჭირდებათ” – წერს ნიკიფოროვა[8], რომელიც მიიჩნევს, რომ “უვიზო რეჟიმი” უუფლებო და იაფი მუშახელის შემოდინებისთვის სჭირდებოდათ. უკრაინელებს აიძულებენ, რომ ამისთვის მოკვდნენ.  ქართველები და მოლდოველები (ავტორი ამ სტატიას იმ დროს წერს, როცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჯერ ჩატარებული არაა - რედ.) კი ამ ხაფანგში არ გაებნენ.

 

ისტორიკოსმა ტარიკ კირილ ამარმა მსგავსი განცხადება გააკეთა 29 ოქტომბერს რუსული სახელმწიფო მედიის – RT-ის რუბრიკაში, სადაც მიუთითებდა, რომ გერმანელი დეპუტატი მაიკლ როთი ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” დასამხობად წარმართულ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მცდელობას. "ქართული ოცნება" არ არის პრორუსული, აღნიშნავდა ამარი, არამედ სურს შეინარჩუნოს "სასარგებლო ურთიერთობები ყველასთან". მისი ნამდვილი ცოდვა, დასავლეთის თვალში, არის ის, რომ ის არ არის ანტირუსული, როგორც ოპოზიცია. ამარის აზრით, როთის კრიტიკა საარჩევნო დარღვევების შესახებ და ოპოზიციის მხარდაჭერა არის მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი ქართველებს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად მიიჩნევს. ანალოგიური არგუმენტი უკვე დიდი ხანია წარმოადგენს გაბატონებულ ნარატივს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესახებ.[9]

ირლანდიელი ჟურნალისტი ჩეი ბოუსი, რომელიც RT-სთვის მუშაობს, არჩევნების პერიოდში თბილისში რამდენიმე დღით იმყოფებოდა და აზიარებდა მოკლე ინტერვიუებს, რომლებსაც დემონსტრანტებთან წერდა. ბოუსის აზრით დემონსტრაციები დასავლური ჩარევის მტკიცებულებაა - ერთ-ერთ ვიდეოში იგი ამტკიცებდა, რომ “ადგილობრივმა ქართველმა წყარომ” ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სტუდენტებს ანტირუსული, ინგლისურენოვანი, თითქოს და “ბუნებრივი” საპროტესტო პლაკატების დასახატად სინამდვილეში ფულს უხდიდნენ. ბოუსი აღნიშნავს, რომ ბევრ დემონსტრანტს პლაკატები ინგლისურ ენაზეც ჰქონდა შესრულებული. იმავე დღეს გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოში, ბოუსი საპროტესტო აქციაზე იტალიელ კაცს, რომელიც “ადამიანის უფლებების დაცვის” ორგანიზაციიდან იყო, შეეკითხა, თუ რატომ ეწერა პლაკატზე ინგლისურ ენაზე - “საქართველო არ არის რუსეთი”, ბოუსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს კაცი არა “ადამიანის უფლებათა დაცვის” არამედ, აშშ-ისა და ევროკავშირის "დაფინანსებული" არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო.

27 ოქტომბერს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უკრაინელი პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის სიახლოვეს იმყოფებოდა. ვიდეო მოგვიანებით გააზიარა პოპულარულმა რუსულმა პროპაგანდისტულმა ანგარიშმა პლატფორმა “X-ზე” წარწერით: "ახლა უკვე უკრაინელი ნაციონალისტი პოლიტიკოსებიც კი ჩამოვიდნენ საქართველოში ფერადი რევოლუციის დასახმარებლად, რათა საქართველო ანტირუსულ დამოკიდებულ, კლიენტ სახელმწიფოდ აქციონ.”[10]

 

რუსული პროპაგანდისტული მედიები ასევე აღნიშნავენ, რომ აქტიურად იგეგმება სახელმწიფო გადატრიალების პროცესი დასავლეთის მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგით საქართველომ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება. პრორუსული ხელისუფლების გარეშე არსებული საქართველო რუსეთის ინტერესებში არ შედის, ამიტომაც ნებისმიერ მცდელობას, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ იქნება მიმართული დასავლეთის საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების გადატრიალების სურვილით ამართლებს.[11] ყველა ძირითადი პროპაგანდისტული მედიასაშუალება საუბრობდა საქართველოსთან გასატარებელ “უკრაინულ სცენარზე” და მაიდანზე,[12] რასაც საქართველოს მთავრობის პროპაგანდაც აქტიურად ავრცელებს. სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე საუბრობდა gazeta.ru-ც, სადაც ციტირებდა შალვა პაპუაშვილის სიტყვებს, რომ არჩევნების შემდეგ კონკრეტული ჯგუფი შეეცდება გადატრიალების მოწყობას[13]. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა უფრო ადრეც - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, ამჯერად ბოროტმოქმედები სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აპირებდენ არჩევნების ჩატარების შესახებ ყალბი ანგარიშების შედგენას, რათა ქვეყანაში არეულობისთვის "ცრუ მიზეზი" შეექმნათ. აგვისტოში სააგენტო Sputnik Georgia, “გრუზინფორმის” მთავარ რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებულმა შტატებს შეიძლება შემოეყვანა „ასობით ბოევიკი უკრაინიდან “, რათა გადატრიალება მოეხდინა საქართველოში.[14] “ფერადი რევოლუციის” სცენარის შესახებ საუბრობს “რია-ნოვოსტიც”, მათი აზრით, ბრიუსელში იცავენ თავიანთ საყვარელ ტაქტიკას – თუ სამართლიანად ვერ გაიმარჯვებენ, თბილისში მოსალოდნელი იქნება ოპოზიციური გამოსვლები, არეულობები და აჯანყება. სააგენტო წერს, რომ “ფერადი რევოლუცია” არის უკანასკნელი საშუალება საქართველოში, რათა ჩანერგოს “ევროპული ფასეულობები”.[15] გადატრიალების მცდელობებზე აქტიურად საუბრობს საქართველოს მმართველი პარტიაც. მაგ. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა “ენჯეოებმა” ორჯერ სცადეს გადატრიალება, არჩევნების შემდგომი პროტესტი კი მესამე მცდელობაა.[16]


ზემოთქმულს ეთანხმება რუსეთის ფედერაციის სენატორის ალექსეი პუშკოვის კომენტარიც: რომელმაც გამოცხადებული "ქართული ოცნების" გამარჯვება “საქართველოში დასავლეთის გეგმის ჩავარდნად” მონათლა. “საქართველოში შეიძლება კვლავ არეულობა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, დასავლეთის მცდელობა ოპოზიციის მხარდაჭერით „რეჟიმის შეცვლისა", მარტივად რომ ვთქვათ, ჩაიშალა. ქართულმა ოცნებამ 54%-ზე მეტით გაიმარჯვა, რაც აბსოლუტურ უმრავლესობას ნიშნავს. დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს თავის ნახევრად-კოლონიად გადაქცევა, ჰპირდებოდა რა, ბედნიერ ინტეგრაციას მულტი-გენდერულ და „არაბინარულ" ევროპულ ერთა ოჯახში. თუმცა, რაღაც მიზეზით, ეს არ მოეწონა ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას. არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის დემაგოგია მოეწონათ, რომელიც სულ უფრო მეტად ჰგავს წარსულში დარჩენილი სააკაშვილის ეპოქის გადმონაშთს. სააკაშვილი, სხვათა შორის, ასევე ოცნებობდა ახალ პროდასავლურ რევოლუციაზე საქართველოში - და სად არის ახლა ის?"[17]  რუსმა სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "შვიდი პირბადის [ალუზია ბიბლიურ სალომეაზე] პოლიტიკური ცეკვის შესრულება განიზრახა" ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებით, თუმცა ეს ვერ შეძლო.  "უმრავლესობა მან ვერ აცდუნა. და ახლა, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას", დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არის თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობების შესაბამისი", - აღნიშნა პუშკოვმა.[18]

 

ბევრი რუსული მედიასაშუალება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველომ აირჩია რწმენა, მშვიდობა და ტრადიციები[19]. დეკადის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ოფიციალური პროპაგანდა, როგორც რუსეთში, ისევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემყარება ფასადური ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც უპირისპირდება მათი აზრით “გარყვნილ” ევროპულ და დასავლურ-ლიბერალურ ჩვეულებებსა და აზროვნებას.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ – გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისიდან მოსული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. მაღალი საარჩევნო აქტივობა, დაახლოებით 58%, სამოქალაქო აქტიურობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" მიერ მიღებული თითქმის 53%, ისევე როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის შესვლა პარლამენტში, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. გვჯერა, რომ ის პროგნოზირებადი და ცივილიზებული მანერით წარიმართება. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის ინტერესებშია.”[20]

 

დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი:   “კრემლი შეშფოთებულია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების „მენტორული განცხადებებით“, რომლებიც სიტყვასიტყვით „ულტიმატუმებს უყენებენ საქართველოს ხელმძღვანელობას“. ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ამაზრზენი გამოვლინებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმებს და უნდა შეწყდეს”.[21]

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად დიდი იყო საქართველოს „მეორე უკრაინად“ გადაქცევის რისკი, თუ არჩევნების შედეგები განსხვავებული იქნებოდა, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. მისი თქმით, „საპარლამენტო არჩევნებში იმან გაიმარჯვა, ვისაც ხმა მისცეს საქართველოს მოქალაქეებმა“. „ძნელია ვივარაუდოთ, საბოლოოდ რა მოხდებოდა არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ძალას რომ მოეგო. <…> ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება და არც სურვილი და განზრახვა ჩავერიოთ საქართველოს საშინაო საქმეებში. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია“.

არჩევნების საინტერესო ანალიზი ჰქონდა gazeta.ru-ს, რომელიც წერდა, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად, “ქართულ ოცნებას” შეუძლებელია ეწოდოს პრორუსული პარტია, რადგან არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისს არ აქვს გეგმა - აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. აქვე მოყვანილია ირაკლი კობახიძის ციტატა: “ბოდიშით, არა, არა. არანაირი გეგმა არ არსებობს, იმიტომ რომ 10% ტერიტორიების [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] ოკუპირებულია.”[22] მედიასაშუალება წერს, რომ კობახიძისვე განცხადებით, თბილისისთვის პრიორიტეტად რჩება ევროინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რასაც დაიწყებენ 2025 წლის პირველივე თვეებიდან.

 

Gazeta.ru-ს გარდა, განცხადება 10% ოკუპაციით ვირუსულად გავრცელდა სხვა მედიებში მათ შორის: stoletie.ru, lenta.ru, news.ru და სხვაგანაც. საინტერესოა, რომ დღემდე, სახელისუფლებო პირების ნარატივებში მხოლოდ 20% ფიგურირებს, ამავდროულად, ქართულ ენაზე არ იძებნება ირაკლი კობახიძის განცხადება სადაც მან 10% დაასახელა. შესაძლოა ეს იყოს ერთი მედიის მიერ დაშვებული შეცდომა, თუმცა არაა გამორიცხული, მიზანმიმართული მანიპულაციაც რიცხვებით.

 

საქართველოს საგარეო ვექტორის მკვეთრი ცვლილება რუსეთისთვის პოლიტიკური გამარჯვება იქნება, რაც აჩვენებს მის უნარს, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები კვლავ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობაში პროდასავლური განწყობა კვლავაც ძლიერია. ამაზე მეტყველებს კრემლის ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების განცხადებები და დაუფარავი სიხარული ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიმართაც, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები და დასავლური სამყაროს ქვეყნებისგან მისი სამართლიანად ჩატარების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა თქმა უნდა, რუსული მედიები, ძირითადად, საკუთარ მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას, თუმცა განცხადებებში აშკარად იგრძნობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ქების ტონიც.

 

28 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლება კონტაქტზე შემოთავაზებებს გააკეთებს, რუსეთი მათ განიხილავს". "ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ".[23] 5 ნოემბერს კი ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დასავლეთი დაადანაშაულა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

 

დაბოლოს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ.[24] რუსეთის ექსპრეზიდენტი და საქართველოში 2008 წელს ჯარების შემოყვანის ბრძანების გამცემი მედვედევი, კარგა ხანია არ აღიქმება სერიოზულ ფიგურად რუსეთის პოლიტიკაში და გარკვეულწილად ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ მან შეითავსა ყველაზე კონტროვერსიული განცხადებების გამხმოვანებლის ფუნქცია. მისი ტელეგრამ არხი სავსეა წყევლით, სატანისტებისა და ეშმაკეულის დევნით, ატომური იარაღით დასავლეთის განადგურების მუქარით და ა.შ. საუბრობენ მის მძიმე ალკოჰოლიზმზე და შედეგად გამოწვეულ ჰალუცინაციურ აზრებზეც… თუმცა, ბოლო წლების ისტორიიდან ვიცით, რომ თითქოს-და არაადეკვატური ჟირინოვსკის მსგავს განცხადებებს კრემლი ჯერ ტესტავდა, შემდეგ კი რეალობად აქცევდა ხოლმე.

 

-

[1] https://www.radiotavisupleba.ge/a/33175330.html

[2] https://www.sila-rf.ru/2024/11/04/sohu-zaharova-razozlila-zapad-frantsuzskoj-shutkoj-pro-budushhee-gruzii/ ; https://qafqazinfo.az/news/detailru/-36798

[3] https://ria.ru/20241028/gruziya-1980366318

[4] https://civil.ge/ka/archives/632303

[5] https://tass.ru/politika/22270435

[6]https://oc-media.org/features/colour-revolutions-western-meddling-coups-how-russian-media-is-covering-georgias-election

[7]https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-irakli-gharibashvils-ert-erti-qveynis-maghalchinosnma-utkhra-sami-milioni-khart-sam-otkh-dgheshi-yvelas-ver-amogkhocaven-shegidzliat-partizanulad-tyeshi-gakhvidet-dagekhmare/

[8]https://ria.ru/20241028/gruziya-1980366318

[9]https://oc-media.org/features/colour-revolutions-western-meddling-coups-how-russian-media-is-covering-georgias-election

[10] https://oc-media.org/features/colour-revolutions-western-meddling-coups-how-russian-media-is-covering-georgias-election
https://x.com/MyLordBebo/status/1850446632820556164

[11] https://monocle.ru/monocle/2024/45/gruziya-izbezhala-gosperevorota/

[12]https://inosmi.ru/20241103/gruziya-270617092

[13] https://www.gazeta.ru/politics/news/2024/10/23/24217789.shtml https://www.gazeta.ru/politics/news/2024/10/24/24231775.shtml

[14] https://www.gazeta.ru/politics/news/2024/10/24/24231775.shtml

[15]https://ria.ru/20241028/gruziya-1980366318.html

[16] https://www.facebook.com/info9.ge

[17] https://civil.ge/ru/archives/631401 https://accentnews.ge/ru/article/125131-pushkovi-gilocavt-dasavlets-skartveloshi-gegma-chahttps://www.ekhokavkaza.com/a/senator-pushkov-plan-zapada-po-smene-vlasti-v-gruzii-provalilsya/33175032.html

[18] https://accentnews.ge/ru/article/125131-pushkovi-gilocavt-dasavlets-skartveloshi-gegma-cha

[19]https://segodnia.ru/content/297754

[20] https://civil.ge/archives/631310

[21] https://rtvi.com/news/vryad-li-eto-nashe-delo-v-kremle-vyskazalis-o-rezultatah-vyborov-v-gruzii/

[22] https://www.gazeta.ru/politics/2024/10/27/19985773.shtml

[23] https://tabula.ge/ge/news/725333-lavrovi-ruseti-mzadaa-sakartvelostan

[24] https://www.radiotavisupleba.ge/a/33176756.html