რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საჯარო გამოსვლები დეზინფორმაციული ნარატივით გამოირჩევა. გამონაკლისი არც 2022 წლის 23 მარტსა და 4 აპრილს გაკეთებული განცხადებებია.
23 მარტს ლავროვი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე მოხსენებით წარსდგა და ყურადღება გაამახვილა გლობალურ რუსოფობიაზე, რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის არარსებობაზე და იმაზეც, თუ როგორ ცდილობენ უკრაინაში რუსული ჯარები მოსახლეობის გადარჩენას გენოციდისა და ფიზიკური განადგურებისგან.
ეს ყველაფერი გამოაშკარავებული სიყალბეა, მაგრამ ლავროვის გამოსვლაში ამჯერად იყო რამდენიმე ახალი დეზინფორმაციული ნარატივი:
ლავროვის ნარატივი: ამერიკელები ომს სპეციალურად ახანგრძლივებენ (აჭიანურებენ).
„ომი გაჭიანურდა და ამერიკელები აქ ცალსახად გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მათი მიზანია სიტუაციის დრამატიზება, რაც საშუალებას მისცემს ზელენსკის გამოვიდეს პარლამენტის წინ ხაკისფერი მაისურით და ყოველი ასეთი გამოსვლის შემდეგ ტირილითა და ემოციებით კვლავ მოითხოვოს ნატოს ჩარევა.“
სინამდვილე: არც ისე დიდი ხნის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობდა. ახლა კი თურმე გაჭიანურდა, რაშიც დამნაშავე ამერიკის შეერთებული შტატებია.
ფაქტია, რომ ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნები უკრაინაში არ შეჭრილან და იქ არ აწარმოებენ საომარ მოქმედებას, ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთი. ერთადერთი, რაზეც შეიძლება დაეთანხმო რუს მინისტრს არის ის, რომ ბლიცკრიგმა ნამდვილად არ იმუშავა და მცირდება რუსული არმიის მიერ უკრაინის მიწების მიტაცების მაჩვენებელი. მაგრამ ამის მიზეზი არის უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვითი ნაწილების თავგანწირული წინააღმდეგობა. ომის დაწყების შემდეგ, აშშ და ევროპა იძულებულები გახდნენ სამხედრო დახმარება მიეწოდებინათ უკრაინისთვის, რომლის გარეშეც გაცილებით მცირე უკრაინული არმია დიდი ხნით ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას რუსეთისთვის. ასეთი დახმარება კიევს საშუალებას აძლევს დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები მოლაპარაკებებში და არ დაემორჩილოს აგრესორის მოთხოვნებს.
ლავროვის ნარატივი: [მიმდინარე ომის კონტექსტში] საუბარია არა უკრაინაზე, არამედ უნიპოლარულ (ერთპოლუსიან) სამყაროზე.
„ეს (ომი) არ ეხება უკრაინას, ეს ეხება მსოფლიო წესრიგს, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს იყოს ერთადერთი სუვერენული და დომინანტი. და ამ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მიზანი არანაკლებია, თუ არა ერთპოლუსიანი სამყაროს სრული აღორძინება.”
სინამდვილე: სამყაროს „პოლარულობა“ ცივი ომისგან მოდის. სსრკ დაშლამდე პოლიტოლოგები მსოფლიო წესრიგს ბიპოლარულს უწოდებდნენ: ერთ პოლუსზე იყო შეერთებული შტატები, მეორეზე - საბჭოთა კავშირი. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ ერთი პოლუსი ფაქტობრივად გაქრა. გაუგებარია, რა უნიპოლარობის „აღორძინებაზე“ საუბრობს ლავროვი. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ვერ გადაიქცა ძლიერ ეკონომიკურ ძალად, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ჩინეთს. თანამედროვე პოლიტოლოგების აზრით, სწორედ ჩინეთი ხდება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის მეორე პოლუსი, მაგრამ მინისტრ ლავროვის ყველა ეს გლობალური არგუმენტი არანაირად არ ცვლის ომის ვითარებას: რუსული არმია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, ის კლავს უკრაინელ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს. ასე რომ არა, ეს არ ეხება ჰიპოთეზურ პოლუსებს, ეს ეხება უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებას.
ლავროვის ნარატივი: ევროკავშირმა დაკარგა დამოუკიდებლობა.
„ევროკავშირმა დაკარგა დამოუკიდებლობა და გარკვეულწილად - სტრატეგიული ავტონომიაც. კონცეპტუალურ საკითხებში ევროკავშირი მთლიანად გაერთიანდა ნატოსთან და გახდა შეერთებული შტატების ფილიალი. მე უკვე ვთქვი ევროპის შესახებ - მას შეუძლია დაივიწყოს თავისი სტრატეგიული ავტონომია. არ იქნება სტრატეგიული ავტონომია - იქ მიიღებენ ლამაზ დოკუმენტებს, მომართავენ სტრატეგიულ კომპასს, მაგრამ რეალურად ევროპა დამოუკიდებელი მოთამაშე აღარ არის.”
სინამდვილე: ევროკავშირში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, რათა ევროპა ერთიანი იყოს რუსეთის აგრესიასთან მიმართებით განხორციელებულ ღონისძიებებში, მაგრამ ევროკავშირის თითოეულ წევრს ასევე გააჩნია საკუთარი ინტერესებიც, საკუთარი პოლიტიკა და საკუთარი დამოკიდებულება უკრაინისა და რუსეთის მიმართ. მაგალითად, გერმანია ომის დაწყებამდე ეწინააღმდეგებოდა კიევის ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდებას. უნგრეთმა არ დაუშვა უკრაინაში იარაღის ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით. რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე ევროკავშირი ჯერაც არ ამბობს უარს, თუმცა მსგავსი ემბარგო აშშ-მ უკვე დააწესა.
ევროპის ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა ღიად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის ალიანსში შესვლა ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა მზადაა უარი თქვას ნატოს წევრობაზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, როგორც რუსეთის, ასევე წამყვანი დასავლური სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვის ნარატივი: ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებას.
„ლვოვში სამშვიდობოების შეყვანა უნდათ შტაბის გასაკეთებლად. ახლა პოლონეთს, ჩემი აზრით, სურს უკრაინის ეს ნაწილი თავისთვის აიღოს. არ გამოვრიცხავ, რომ სამშვიდობოებზე საუბრისას მათ საზღვრებს გულისხმობდნენ, უკრაინის დასავლეთით, იქნებ უნდათ სამშვიდობოების შემოყვანა, შტაბ-ბინა ლვოვში და მერე იქ დარჩენა. კარგი, რატომაც არა? ასეთი აზრები ჰქონდათ და არა მარტო, ეს იყო წარსულში, ახლა პოლონეთს, ჩემი აზრით, სურს უკრაინის ეს ნაწილი თავისთვის აიღოს.“
სინამდვილე: პოლონეთი უკრაინის გამორჩეული მხარდამჭერია. ომიდან გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა პოლონეთში წავიდა. გაეროს უახლესი მონაცემებით, სამ მილიონ-ნახევარი იძულებით გადაადგილებული პირიდან ქვეყანამ უკვე მიიღო ორი მილიონი ლტოლვილი. უშუალოდ ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ვარშავამ შესთავაზა ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკრაინაში, მაგრამ ამ იდეას ალიანსის წევრებში აბსოლუტური მხარდაჭერა არ ჰქონია.
ლავროვის სიტყვები პოლონეთის სურვილის შესახებ უსაფუძვლო ვარაუდია. ჯერჯერობით, სწორედ რუსეთია ის, ვინც მოახდინა ყირიმის ანექსია და აგრძელებს უკრაინის მიწების მიტაცებას.
4 აპრილს სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარულ საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრის დროს უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის წინააღმდეგ „დადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმა“ უწოდა.
ლავროვის ნარატივი: იქ (ბუჩაში) რამდენიმე დღეში მოაწყვეს ინსცენირება.
„მას შემდეგ, რაც მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად რუსმა სამხედროებმა ბუჩა დატოვეს, იქ რამდენიმე დღეში მოაწყვეს ინსცენირება, რომელსაც ახლა ყველა არხითა და სოციალური ქსელით ავრცელებენ უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები. რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ქალაქი 30 მარტს, 31 მარტს ქალაქის მერი ზეიმით აცხადებდა, რომ ბუჩაზე კონტროლი აღადგინეს და ორი დღის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ მოვითხოვეთ სასწრაფოდ ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ასეთ პროვოკაციებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".“
სინამდვილე: The New York Times-ის მიერ ვიდეოებისა და სატელიტური ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, როდესაც ქალაქ ბუჩას რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
1 აპრილს ადგილობრივი საკრებულოს წევრის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მიმოფანტული ცხედრები ბუჩას იაბლონის ქუჩის გასწვრივ. Maxar Technologies-ის მიერ The Times-ისთვის მიწოდებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ამ ქუჩაზე 11 მარტს სულ მცირე 11 ადამიანი იმყოფებოდა. ამ პერიოდში ქალაქი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
იმის დასადგენად, როდის დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, The Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფმა ჩაატარა სატელიტური გამოსახულების წინასწარი და შემდგომი ანალიზი. სურათებზე ნაჩვენებია ადამიანის სხეულის ზომის მუქი ობიექტები, რომლებიც ჩნდება იაბლონის ქუჩაზე 9 მარტიდან 11 მარტამდე. ობიექტები ჩანს ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც ცხედრები იპოვეს უკრაინელმა ძალებმა ბუჩას დაბრუნების შემდეგ. ანალიზი აჩვენებს, რომ ობიექტები ამ მდგომარეობაში იყვნენ სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
იაბლონის ქუჩაზე გადაღებულ მეორე ვიდეოზე კიდევ სამი ცხედარი ჩანს - ერთი ველოსიპედის გვერდით, მეორე მიტოვებულ მანქანასთან. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ მიტოვებული მანქანები და მათ მახლობლად ცხედრები ჩნდება 20-დან 21 მარტის მონაკვეთში.
წყარო:Настоящее Время ; The New York Times