მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 20 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ დააპატიმრეს - პირველად 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაშინ ქართველი მწერლები დაუდგნენ თავდებად, დახმარება სერგო ორჯონიკიძეს სთხოვეს. მიხეილ ჯავახიშვილი 1923 წელს სიკვდილს გადაურჩა. მეორედ 1937 წლის 15 აგვისტოს დააპატიმრეს, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე.
შემორჩენილია მწერლის დაკითხვის ოქმები:
“ბრალდებულ მიხეილ საბას ხე ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმი, 1937 წლის 19 აგვისტო:
კითხვა: თქვენ ბრალად გედებათ, რომ ეწეოდით აქტიურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. აღიარებთ თუ არა ამას
პასუხი: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ზოგიერთ პირთან საუბრის დროს ჩემს მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრება კონტრრევოლუციური ხასიათის იყო.”
მესამე დაკითხვაზე მიხეილ ჯავახიშვილი, ასე ვთქვათ, აღიარებს, რომ აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა: “ნელ-ნელა ვეფლობოდი ფაშისტურ ჭაობში. ყველაზე ადრე ჩემი თანამზრახველები აღმოვაჩინე მწერალთა შორის.”
მიხეილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენება ფანტასტიკას ჰგავს - მწერალი წერს, როგორ მიდიოდა დავალების მისაღებად გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის კონსულებთან - ეს დღისით-მზისით ხდებოდა, როგორ უხდიდნენ ამისთვის მას ხელიდან ხელში ფულს, როგორ აგროვებდა ჯაშუშურ მასალას - მაგალითად, იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში.
მიხეილ ჯავახიშვილის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. ბრალდებები კი ასე ჟღერდა: ”იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიული მავნებლური და ჯაშუშური ცენტრის თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.”
ქართველ მწერალთა კრების ეს გადაწყვეტილება სათაურით ”გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისგან” გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 1937 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. 1937 წლის 30 სექტემბერს გამართული სხდომის (მონაწილეობდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო) გადაწყვეტილების საფუძველზე მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს.
სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1954 წლის 26 ივნისის განჩინებით რეაბილიტირებულია. №4н-06914/54 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.