ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის საქართველოზე გავლენა გაიზარდა. მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენამ მოიმატა. 6% თვლის, რომ რუსეთის გავლენა შემცირებულია. 10% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენაა შემცირებული.
გამოკითხულთა 48% თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე პოლიტიკური გავლენა აქვს, 31% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური გავლენა აქვს, 13% -კულტურულს.
თუმცა, კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რუსეთის გავლენა საქართველოზე - 68% თვლის, რომ არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გავლენა, 54% - არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური გავლენა, 58% - არ უნდა ჰქონდეს კულტურული გავლენა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხულთა 31% კი აცხადებს, რომ საქართველოს ევრაზიის კავშირში წევრობას უჭერს მხარეს. ევრაზიის კავშირის მხარდამჭერები, თავის არჩევანს უმეტესად ეკონომიკური სარგებლით ხსნიან და არა პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივით.
ევრაზიის კავშირის მხარდამჭერების მხოლოდ 7% ამბობს, რომ წევრობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაშინ როდესაც ევროკავშირის მომხრეთა 21%-ს სჯერა,რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოსახლეობის 45% თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით, 30% -ს კი მიაჩნია, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე უარის თქმა უმჯობესია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.