27 ივლისს NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა. ერთ-ერთ საკვლევ საკითხს საქართველოს მოსახლეობის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული დამოკიდებულება წარმოადგენდა. გამოკითხვა 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხა 4 113 რესპონდენტი.
რესპოდენტების უმრავლესობა სტაბილურად ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრე რჩება. თუმცა, ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებშია, დასახლებების მიხედვით კი დედაქალაქში. შედარებით უფრო მაღალი პრორუსული განწყობა კი „ენ-დი-აის“ კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეინიშნება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 29%-ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
საპირისპიროდ ამისა, 53%-ის აზრით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და NATO-ში) საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს.
გამოკითხულთა 8% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მოსახლეობის 52%-ის აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. 2016 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით, ამ პოზიციის მქონე ადამიანთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა.
ასევე 4%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირსა და NATO-სთან ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.
მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა უპირობოდ პროდასავლური უნდა იყოს.