უკრაინის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ისტორიიდან

24 აგვისტო 2022 Shadow

ავტორი: ლუკა ჩიტიანი

 

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ ამ დღეს გამოიცა უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია - 1991 წელს. 2022 წელს, უკრაინისთვის ორმაგად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, რადგან თებერვლიდან მოყოლებული ეს ქვეყანა, ხელახლა იბრძვის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 

აქედან გამომდინარე, საინტერესოა, მოკლედ მიმოვიხილოთ უკრაინის სიმბოლიკა, დროშა, გერბი და ჰიმნი, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. 

 

დროშა

უკრაინის დროშა ორფეროვანი ზოლებითაა დაკომპლექტებული. ეს ფერებია, ყვითელი და ლურჯი. პირველად ამ ფორმით დროშა, 1848 წელს ერების გაზაფხულის დროს გამოიყენეს, როცა იგი ლვოვის მერიის თავზე გამოიკიდა. ამის, შემდეგ 1918 წელს დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დროშა გახდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ორფეროვანი დროშა აიკრძალა, თუმცა იგი სსრკ-ს დაშლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა და 1992 წლიდან უკრაინის ოფიციალური დროშაა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დროშის დღე 23 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს აღინიშნება. 

ზემოხსენებული ორი ფერი - ლურჯი და ყვითელი ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე პერიოდში იყო გავრცელებული უკრაინის ტერიტორიაზე. იმ პერიოდში, ეს ორი ფერი ტრადიციულ ცერემონიებში გამოიყენებოდა და ცეცხლსა და წყალს აღნიშნავდა. 

დღევანდელი განმარტებით, უკრაინის დროშა აღწერს ხორბლის მდელოსა და მოწმენდილ ცას, რომელიც ხშირად შეგვხვდება უკრაინაში. ამით, უკრაინელებს სურდათ, თავისუფლების სიყვარულისა და სიმამაცის სიმბოლიზება. 

წყარო: https://bit.ly/3QFpK2R 

 

გერბი

უკრაინის გერბზეც, მსგავსად დროშისა, გამოყენებულია ლურჯი და ყვითელი ფერი. იგი შეიცავს ლურჯ ფარსა და ოქროს სამკაპს (tryzub). ოფიციალურად მას ვოლოდიმირ დიდის სახელმწიფო ემბლემა ეწოდება. სამკაპს კი ვოლოდიმირის სამკაპი. მსგავსად დროშისა, ეს სიმბოლოც დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გერბი იყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში იკრძალებოდა. სიმბოლოს უკრაინის გერბის სტატუსი 1992 წელს მიენიჭა. 

ემბლემა ჯერ კიდევ მეათე საუკუნიდან შეინიშნება მონეტებსა და ფრესკებზე. საინტერესოა, რომ სამკაპის რეალური დატვირთვა უცნობია. არსებობს 40-ზე მეტი თეორია იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აღნიშნავდეს იგი. ვარიანტებს შორისაა: წმინდა სამება, სასანთლე, ღუზა, შევარდენი და სხვა. 

ხალხმა მალევე შეიყვარა ეს სიმბოლო და დღეს იგი პოპულარული ემბლემაა ტანსაცმელზე დასატანად. უკრაინელებისთვის გერბი უკრაინულ სახელმწიფოსთან და ეროვნულ ერთობასთან ასოცირდება. 

წყარო 1: https://bit.ly/3Cu96Ps 

 

წყარო 2: https://bit.ly/3PNQq05 

 

ჰიმნი

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინულმა ჰიმნმა, რომელიც უკრაინის ბევრმა მხარდამჭერმა უკვე ზეპირად ისწავლა. სიმღერის სახელია: „უკრაინის დიდება და თავისუფლება ჯერ არ გამქრალა“ (Ще не вмерла України і слава, і воля). 

ტექსტი, პავლო ჩუბინსკის 1862 წელს დაწერილი პოემის ოდნავ მოდიფიცირებული ვერსიაა. 1863 წელს, კომპოზიტორმა და მღვდელმა, მიხაილო ვერბიცკიმ მუსიკაც შექმნა, ჩუბინსკის ტექსტისთვის. აღნიშნული ნაწარმოები პირველად ლვოვის ანსამბლმა შეასრულა, 1864 წელს. სიმღერასაც, დანარჩენი ორი სიმბოლოს მსგავსად, დამოუკიდებლობის ბრძოლასთან დაკავშირებული ისტორია აქვს, იგი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნი იყო, 1920 წელს ბოლშევიკების ოკუპაციამდე. ჰიმნი ოფიციალურად 1992 წელს მიიღეს. 

ამ მუსიკალურ ნაწარმოებში კარგად ჩანს თუ რა შემართება გააჩნდათ უკრაინელებს ისტორიულად. მკაფიოდ იკვეთება მათი მიდრეკილება თავისუფლებისკენ და ანტი-იმპერიალიზმისკენ. დღეს ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად უკრაინელი ერის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს რუსული იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ. 

 

სიმბოლოები დეზინფორმაციის წინააღმდეგ

უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკის ისტორიის ცოდნის ძირითადი მიზანი, ისაა, რომ ისინი თვალნათლივ გვაჩვენებენ ქვეყნის ისტორიას და გვაძლევენ საშუალებას გავარჩიოთ რეალობა პუტინის მიერ მოგონილი ტყუილებისგან. 

პუტინმა, 21 თებერვლის გამოსვლაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობას ფიქცია უწოდა და თქვა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო ლენინისა და მისი თანამოაზრეების არასწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ამით ფაქტობრივად, უკრაინა ისტორიულად რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. 

ზემოთ განხილული ისტორიები ნათლად გვანახებს, რომ ფიქცია, სწორედ ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოდგენილი ისტორიული ნარატივებია. აშკარაა, რომ უკრაინელებს თვითმყოფადობა გააჩნდათ, საბჭოთა კავშირამდე ასწლეულებით ადრე. მათ შემორჩათ ძლიერი და თვითმყოფადი კულტურა, რომელმაც გამოვლინება თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოს სიმბოლიკაში პოვა.