2017 წლის 5 ივნისს, მონტენეგრო ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი! ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2006 წლის რეფერენდუმით მოიპოვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მონტენეგრომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი აირჩია და 2009 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღო. უკვე 2015 წლის 2 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მონტენეგრომ ოფიციალური წევრობის მოწვევა მიიღო ნატოსგან.
ნატო-ში გაწევრიანების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა. ტრანსლაცია დეპარტამენტის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი და საგარეო საქმეთა მინისტრი სრდან დარმანოვიჩი.
„დღეს, მონტენეგრო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანს და ამიერიდან მონტენეგროს ნატოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი აქვს როგორც თანასწორს, იმავე უფლებებით და უსაფრთხოებისა და თავისუფლების გარანტიით.“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი ღია რჩება და მასზე გავლენის მოხდენა არცერთ მესამე მხარეს არ შეუძლია.