წყარო: netgazeti.ge
30 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დეკლარაცია მიიღო, რომლითაც დეპუტატები ნატოს წევრ სახელმწიფოებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისთვის მხარის დაჭერისკენ მოუწოდებენ.
კერძოდ, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ვარშავის სამიტზე “მიესალმოს მონტენეგროს მიერ გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი”.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციით ასევე მიმართავს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ ვარშავის სამიტზე განაგრძოს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის დაგმობა, ასევე დაეხმაროს ორივე ქვეყანას საჭირო რეფორმების გატარებაში.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ შავი ზღვა კვლავ არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ გაგრძელდება შავი ზღვის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასების მონიტორინგი და გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობის განმტკიცება,”- წერია დეკლარაციაში.
აღნიშნულ დეკლარაციაში MAP მოხსენიებულია როგორც განუყოფელი ელემენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.
გარდა ამისა, დეკლარაციაში საუბარია რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიაზე, ყირიმის უკანონო ანექსიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაზე:
“რუსეთის უკანასკნელი ქმედებები ასევე მოიცავს მეზობელი ქვეყნების დაშინების მცდელობებს, სახიფათო ქცევას და მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, საერთაშორისო ნორმების არაერთგზის დარღვევას”.
აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის ანექსია ერთად არის მოხსენიებული და მისი შედეგები და მნიშვნელობა ერთმანეთისთვის გატოლებულია.
აქვე აღნიშნულია, რომ ნატოს კარი ღია არის დიალოგისთვის და მიესალმებიან ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრებს.
“თუმცა ამ დიალოგს არ მოუტანია რაიმე კონკრეტული სტრატეგიული ხასიათის შედეგი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივესალმებით ძალისხმევას, რომ ხელი შეეწყოს დიალოგს, რომელსაც განვიხილავთ ყველაზე ადეკვატურ გზას დაძაბულობის დეესკალაციისთვის,”- აღნიშნულია დეკლარაციაში.
30 მაისს მიღებული ეს დეკლარაცია პოზიტიური გზავნილია ვარშავის სამიტამდე.