"დასავლეთის გეგმა იყო უკრაინის მომზადება ჰიბრიდული ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ," - ლავროვი.

10 თებერვალი 2023 Shadow

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პარალელურად, არაერთი დეზინფორმაციული ნარატივი ვრცელდება კრემლის მხრიდან, რომელიც პროპაგანდას იყენებს, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში, საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიები არახალია, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავაც აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფასა და რუსული აგრესიის გამართლებას გაყალბებული ისტორიული ნარატივითა და დეზინფორმაციით.

2023 წლის 9 თებერვალს სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს (ASI) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები ისტორიულად რუსული მიწებია და მათი განვითარების ძირითადი ასპექტები უნდა გაძლიერდეს, რათა რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილოს დღევანდელი რუსული სტანდარტები.

„ჩვენ ვამბობთ "ახალს" (ოთხი რეგიონის შესახებ) მხოლოდ პირობითად. რადგან ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ ისინი რუსული რეგიონებია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, „ყველა ამ ტერიტორიამ უნდა მიაღწიოს რუსეთის განვითარების საშუალო დონეს მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში და რაც უფრო ადრე მით უკეთესი“.

სხდომაზე მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ASI-ის (სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო) საქმიანობის ძირითადი სფეროა მისი საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება და რუსეთის რეგიონებს შორის უმაღლესი დონის გამოცდილების გაზიარება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

”საუკეთესო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, უნდა იქნას გამოყენებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების და ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისთვის”, - თქვა მან.

 

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული ნარატივებით გაჯერებულ პუტინის ყველა განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს მშვიდობისმყოფელის როლის მორგება.

ასევე 9 თებერვალს, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ ცდილობს შეაჩეროს ის, რადგან საომარი მოქმედებები 2014 წლიდან მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავამთავროთ ის. ეს საომარი მოქმედებები უკრაინელმა ნაციონალისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაიწყეს 2014 წელს, როდესაც გადატრიალება მოხდა. ასე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში,“- განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ კიევმა ომი დონბასის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო და ყველა შეთანხმებისა და ვალდებულების დარღვევით, ფაქტობრივად დაბლოკა დონბასის რეგიონები.

"მათ წინააღმდეგ გამოიყენეს მძიმე სამხედრო მანქანები, ჩატარდა დიდი სამხედრო ოპერაციები", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. "აი მაშინ, როცა მათ დაიწყეს ომი, ის რვა წელი გაგრძელდა და მიზნად ისახავდა იმ ხალხის განადგურებას, ვინც იქ ცხოვრობს და თავს რუსეთთან, რუსულ კულტურასთან და რუსულ ენასთან სისხლით მიბმულად გრძნობს თავს. რამდენ ხანს შეგვეძლო ამის ატანა?“

 

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლურმა ქვეყნებმა დაიწყეს კრემლის პროპაგანდის რეალური საფრთხის გაცნობიერება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რუსული დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად ამუშავდა მოსალოდნელი შედეგების გასანეიტრალებლად, ჩვეული მეთოდებით.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა დასავლეთის ოფიციალური პირების ვიზიტს აფრიკაში.

„როდესაც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტად ვიყავით, დასავლელი ოფიციალური პირების დიდი გუნდი, მათ შორის [ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ჟოზეფ] ბორელი, იქ მეორე დღეს ჩავიდა“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მათ (დასავლეთს) არ სჯერათ რაიმე დემოკრატიისა და თანასწორობის... წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მარტო დატოვებდნენ განვითარებად ქვეყნებს და პატივს სცემდნენ მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ მოიქცნენ გლობალურ საქმეებში“, - განაცხადა ლავროვმა.

„რადგან ისინი ძალიან ბევრს ცდილობენ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ცდებიან, ამიტომ მათ უნდა გააგრძელონ სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებისთვის შეხსენება, რომ მათ უნდა დაუჭირონ მხარი ანტირუსულ პოზიციებს,“- ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა. ”მეორე, ჩვენს დასავლელ კოლეგებს მინსკის შეთანხმების განსახორციელებლად, რომ გამოეჩინათ რვა წლის განმავლობაში იმ ძალისხმევის მეათასედი მაინც, რასაც ახლა იჩენენ, არ იქნებოდა ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის საჭიროება. “- განაცხადა მან. "თუმცა, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება არ იყო დასავლეთის გეგმა. გეგმა იყო უკრაინის მომზადება რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის, რათა მოეშორებინათ მეტოქე საერთაშორისო ასპარეზზე.“