წყარო: netgazeti.ge, on.ge
BBC-ის ინფორმაციით, “ნიუვესტ ბანკმა” (NerWest) დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ტელეკომპანია “რაშა თუდეის” (RT) საბანკო ანგარიშები გაყინა. ინფორმაციას RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტვიტერშიც ადასტურებს:
“ჩვენი საბანკო ანგარიშები ბრიტანეთში დახურეს. ჩვენი ყველა ანგარიში. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას!”
BBC-ის ცნობით, “რაშა თუდეიში” აცხადებენ, რომ ბანკს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. შოტლანდიის სამეფო საბანკო ჯგუფი (Royal Bank of Scotland Group) უარს აცხადებს, RT-ის მომსახურება გაუწიოს.
ტელეკომპანიის განცხადებით, ბანკიდან მიღებულ ცნობაში წერია– “ჩვენ გადავხედეთ თქვენს საბანკო შეთანხმებებს და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ აღარ გთავაზობთ ამ სერვისებს.”
რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საინფორმაციო სააგენტოს ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დამოუკიდებელმა ორგანომ (Ofcom) რამდენჯერმე დაუწესა სანქციები მიკერძოებული მაუწყებლობისათვის.
The National Westminster Bank არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბანკო ჯგუფის, Royal Bank of Scotland Group-ის წევრი, შესაბამისად, რაშა თუდეის ამ ჯგუფში შემავალი სხვა ბანკებიც არ მოემსახურებიან.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ასევე ტვიტერზე დაპოსტა, რომ "როგორც ჩანს, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლამდე სიტყვის თავისუფლების დაცვის ვალდებულება დატოვა ევროპაში. როგორც იტყვიან, ახალ ცხოვრებაში მავნე ჩვევების გარეშე".
რაშა თუდეი რუსეთის ხელისუფლებამ შექმნა მსოფლიოში ალტერნატიული ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა დაუპირისპირდეს დასავლურ მედიას. მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ ტელეარხს დაფინანსებას მუდმივად უზრდის. როგორც რაშა თუდეი აცხადებს, ის მსოფლიოს 700 მილიონი მოსახლისთვისაა ხელმისაწვდომი.