საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, დონბასში მალაიზიური სამგზავრო ლაინერის ბოინგ 777-ის კატასტროფის მიზეზებს იკვლევდა გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
გამოძიების მიხედვით, ბოინგ 777-ის დონბასში ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა პრო-რუსი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესროლეს, რაკეტა რუსული წარმოების იყო, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან გადმოიტანეს უკრაინაში და იმავე ღამეს დააბრუნეს.
საგამოძიებო ჯგუფმა მტკიცებულებებად ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე კონკრეტული საუბრის ჩანაწერები წარადგინა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მანდატით მოქმედებს.
გასული წლის სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინა, მალაიზია, ავსტრალია, ჰოლანდია და ბელგია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომელსაც დონბასის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზები უნდა გამოეკვლია. თუმცა, 29 ივლისს რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გამოძიების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.
აქამდე გამოქვეყნებული იყო დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კატასტროფა ავიალაინერის ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებამ გამოიწვია. ოფიციალური კიევიც ავიაკატასტროფაში რუსეთს ადანაშაულებდა და ამის დამამტკიცებელი რამდენიმე საბუთიც წარუდგინა ფართო საზოგადოებას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა საკუთარ Youtube არხზე ტერორისტების სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ისმის როგორ იგეგმებოდა რუსეთის ტერიტორიიდან ბუკის სარაკეტო სისტემის შემოტანა.
ბორტზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 283 -ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.