რა ხდება რუსეთში?

23 იანვარი 2020 Shadow

2020 წლის 15 იანვარს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა[1], ამის შემდეგ მალევე კი დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის თაობაზე[2]. პუტინის მიერ გაჟღერებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა გატანასაც ის „სამოქალაქო კენჭისყრაზე“ გეგმავს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

 

პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირება და სახელმწიფო დუმის უფლბებამოსილების ზრდა

პუტინის ინიციატივით, პარლამენტს ექნება უფლება, რომ წარადგინოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები, პრეზიდენტი კი ვალდებული იქნება, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები დაამტკიცოს. პრეზიდენტი კვლავ დარჩება რუსეთის მთავარსარდლად და შეუნარჩუნდება უფლება, რომ, ნდობის დაკარგვის შემთხვევაში, მოხსნას პრემიერ-მინისტრი და სხვა საჯარო მოხელეები.

 

პრეზიდენტის პოსტის ზედიზედ ორჯერ დაკავების საკითხი

რუსეთის კონსტიტუციაში ამჟამად არსებობს ჩანაწერი, რომ ერთსა და იმავე პირს არ აქვს უფლება ზედიზედ ორჯერ დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. ამ ჩანაწერმა პუტინს 2012 წელს საშუალება მისცა, რომ მედვედევის ერთვადიანი პრეზიდენტობის შემდგომ კვლავ დაბრუნებოდა პრეზიდენტის სავარძელს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ეს არაა პრინციპული საკითხი, ახლა პუტინმა გამოთქვა მზაობა იმის თაობაზე, რომ ამ ჩანაწერიდან ამოიღონ სიტყვა „ზედიზედ“, რის შემდეგაც ერთსა და იმავე პირს აღარ ექნება უფლება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს 2-ზე მეტი ვადით.

 

რუსეთის კონსტიტუციის უპირატესობის განსაზღვრა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით

პუტინის ინიციატივით, რუსეთის კონსტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი კონსტიტუციის უპირატესობაზე საერთაშორისო სამართალთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციაში ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან რუსეთის კონსტიტუციას. ექსპერტები პუტინის განმარტებაში ხედავენ საფრთხეს, რომ ამ ცვლილებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში ადამიანის უფლებებზე. ევროპის საბჭოსა (რომელშიც ხმის მიცემის უფლება რუსეთს შარშან აღუდგინეს) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ახლა ბევრად უფრო გართულდება, ვიდრე აქამდე. თუკი ეს, ასევე, შეეხება საერთაშორისო  არბიტრაჟს, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთის ბიზნეს გარემოზეც. თუ კი ეს ყველაფერი გამართლად, რუსეთი სულ უფრო დაშორდება ევროპას.

 

 

ფედერაციის საბჭოსთვის მოსამართლეების მოხსნისა და ძალოვანი მინისტრების დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭება

პუტინის წინადადებით, ფედერაციის საბჭოს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, თანამდებობიდან მოხსნას საკონსიტუტციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, თუ ისინი „პატივისა და ღირსების შემლახავ“ საქციელს ჩაიდენენ. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები მხოლოდ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად უნდა დანიშნოს.

 

პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უცხოეთის მოქალაქეობის ფლობის აკრძალვა

პუტინმა, ასევე, გამოთქვა სურვილი, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც მინიმუმ ბოლო 25 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და არა მარტო არჩევნებში მონაწილეობისას, არამედ ზოგადადაც არ ფლობს უცხოეთის მოქალაქეობას ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლებას.

 

სახელმწიფო საბჭოს გაძლიერება

პუტინმა საკუთარი მიმართვისას აღნიშნა, რომ 2000 წელს დაარსებული სახელმწიფო საბჭო, რომელიც აქამდე მრჩეველი ორგანო იყო, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და საჭიროა მისი როლისა და სტატუსის განმტკიცება კონსტიტუციით. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს საბჭოს „როლისა და სტატუსის განმტკიცებაში“, მაგრამ სავარაუდოა, რომ იგულისხმება მისი უფლებამოსილებების გაზრდა. აღსანიშნავია, რომ იგი უკვე არის აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარე.

 

რას ემსახურება პუტინის მიერ დაანონსებული ცვლილებები?

ვლადიმირ პუტინი, სტალინის შემდეგ, რუსეთის სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერია. რუსეთში უკვე გაზრდილია ახალგაზრდების თაობაც, რომელსაც პუტინის გარეშე რუსეთი არ ახსოვს. შესაბამისად, ის, თუ რას აპირებს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს პუტინი, აღნიშნულ ცვლილებებამდეც დიდი ინტერესის საგანი იყო არა მარტო რუსეთში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც. ზოგი ვარაუდობდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის კონსტიტუციას შეცვლიდა და პრეზიდენტს მიანიჭებდა იმის უფლებას, რომ ზედიზედ სამჯერ დაეკავებინა პოსტი. ზოგიც ამბობდა, რომ 2008 წლის მსგავსად, როდესაც მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა და ერთი ვადით პრეზიდენტობა დიმიტრი მედვედევს დაუთმო, გადაათამაშებდა თანამდებობებს და მის დროებით შემცვლელს წამოაყენებდა პრეზიდენტის პოსტზე. ზოგი იმასაც ვარაუდობდა, რომ პუტინის შემცვლელი ამჯერად ქალი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინის გეგმები განსხვავებული და იმაზე უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ამ პროცესის დამკვირვებლებს ეგონათ.

ერთი, რაც დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე ხდება აშკარა, არის ის, რომ პუტინს სურს ძალაუფლების ახალი ცენტრის ან ცენტრების შექმნა იმგვარად, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მან კვლავ შეინარჩუნოს კონტროლი ხელისუფლებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.[3] ერთი მხრივ იზღუდება პრეზიდენტის ძალაუფლება, მეორე მხრივ კი ძლიერდება დუმა, რომელსაც შეეძლება მინისტრების დანიშვნა და ფედერალური საბჭო, რომელსაც ექნება საკონსტიტუციოს მოსამართეების მოხსნისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესში მონაწილეობის უფლება. ამასთანავე, ძლიერდება სახელმწიფოს საბჭოს ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი მრჩეველი ორგანოა.[4] მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია მისი გეგმები, აშკარაა, რომ იგი ახალი სისტემის სახით ერთგვარი ციხესიმაგრის აშენებას გეგმავს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მეორე მხრივ კი დაიცავს მას რადიკალური ცვლილებებისგან.

 

 

ამ ყოველივეს საფუძველზე, საერთაშორისო მედია და პოლიტიკის სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ერთი ვერსიის მიხედვით, პრეზიდენტობის შემდეგ პუტინი ახლადგაძლიერებული სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელად მოგვევლინება (ის ამ პოზიციას უკვე ისედაც იკავებს) და ამგვარად შეინარჩუნებს კონტროლს ხელისუფლებაზე. ეს სცენარი ჰგავს ყაზახეთში ცოტა ხნის წინ ნურსულთან ნაზარბაევის მიერ გათამაშებულ სცენარს, როდესაც იგი პრეზიდენტობიდან გადადგა, მაგრამ კვლავ შეინარჩუნა ძალაუფლება, როგორც ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა. ასევე, პროცესის დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პუტინმა დატოვოს ყველა სახელმწიფო თანამდებობა და დარჩეს მხოლოდ პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარედ, საიდანაც შეძლებს თანამდებობის პირების გაკონტროლებას. სწორედ ამგვარად, პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ, რაულ კასტრო, როგორც კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, კვლავ ინარჩუნებს კონტროლს კუბაზე. კიდევ ერთი აქტიურად გაჟღერებული მოსაზრების მიხედვით კი ისევე, როგორც 2008-ში, პუტინმა შესაძლოა კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლოს.[5] თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში პუტინისა და მედვედევის მიერ თანამდებობების გადათამაშებამ საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია რუს საზოგადოებაში, რასაც თანამედროვე რუსეთისთვის ნაკლებად დამახასიათებელი საკმაოდ დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა[6] და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინის რეჟიმი კიდევ ერთხელ წავიდეს ამ გზით. პუტინის მიერ გაჟღერებული საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რაზეც იგი „მოქალაქეთა კენჭისყრას“ ანუ საყოველთაო გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს, მოწმობს იმას, რომ მას ახალი გეგმა აქვს და სურს, რომ ამ გეგმას ხალხისგან ჰქონდეს ლეგიტიმაცია ან, სულ მცირე, ამის ილუზია მაინც შეიქმნას.

მედვედევის თანამდებობიდან გადადგომაც საყურადღებო ფაქტია, რადგან როგორც ჩანს, ეს მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო გარე დამკვირვებლებისთვის, არამედ რუსი ოფიციალური პირებისთვისაც. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, მედვედევის გადადგომა მოჰყვა პუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უთანხმოებას, რაც პუტინის გეგმებში არ შედიოდა.[7] მეორე მოსაზრების მიხედვით, მედვედევის გადანაცვლება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ნიშნავს კვლავ მის მომზადებას პრეზიდენტობისთვის. მესამე მოსაზრების მიხედვით კი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ცვლილება ტაქტიკური გათვლაა, რადგან რუსეთში სულ უფრო იზრდება არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო უკმაყოფილება მაშინ, როცა 2014 წელს ყირიმის ანექსიით გამოწვეულმა ეიფორიამ მოსახლეობაში უკვე გადაიარა. ამას მოწმობს გახშირებული საპროტესტო აქციებიც რუსეთში. ახალი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი კი, რომლის შესახებაც ბევრი არავის არაფერი სმენია, ადგილობრივმა მედიამ წარმოაჩინა ისე, როგორც ეკონომიკური საკითხების კარგად მცოდნე სპეციალისტი.[8] ზოგი ვარაუდობს იმასაც, რომ შესაძლოა მიშუსტინი იყოს პუტინის „მემკვიდრე“. თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ მიშუსტინი შესაძლოა არ იყოს ბოლო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პუტინის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვიხილავთ, რადგან იგი „ტესტავს“ სხვადასხვა კანდიდატურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე.[9]

 

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, თუ ვის მოიზარებს პუტინი საკუთარ „მემკვიდრედ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შესაძლოა დარწმუნებით ითქვას, რომ იგი უახლოეს მომავალში არ აპირებს გვერდზე გადგომას და ძალაუფლების მთლიანად გადაბარებას. მის მიერ დაანონსებული ცვლილებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ის საკუთარი თავის გარშემო ცდილობს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც მას შეუნარჩუნებს ძალაუფლებას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთში განვითარებული მოვლენები კი მოწმობს იმას, რომ უკვე დაიწყო 2024-ის არჩევნების კონტურების გამოკვეთა. 

 

____________________________________________

[1] http://en.kremlin.ru/events/president/news/62582

[2] https://www.rferl.org/a/russia-government-resigning-medvedev-putin/30378991.html?fbclid=IwAR0o8y0sSBACFi9BlCe78TZZE9LgMGwQ78TQK9e5F8ONoBXy_QlHJOSjwHg

[3] https://www.theguardian.com/world/2020/jan/15/putins-plans-are-all-about-keeping-his-hands-on-levers-of-power

[4] https://time.com/5767383/next-russias-politics/

[5] https://www.bbc.com/news/world-europe-51143639

[6] https://www.bbc.com/news/world-europe-16122524

[7] https://www.business-gazeta.ru/article/453709?fbclid=IwAR2TiY_QxmHV4Ylb2q58gpXwv9EnnNQ2q-dG0_rd3yOiDNDb22mbW6XzI6s

[8] https://www.rt.com/russia/478380-mishustin-pm-candidate-volodin-fetisov/

[9] https://www.rferl.org/a/putin-speaks-medvedev-resigns-and-russia-s-political-world-turns-upside-down/30379479.html