თუკი რუსულ სახელისუფლებო, პროკრემლისტურ მედიას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სიტყვების დამახინჯებითა და აქცენტების პაროდიით, რუსული მედია ღიად აფიქსირებს, რომ სსრკ ყოფილი "მოკავშირე" რესპუბლიკების ხალხი და ენები კომიკურია და ისინი არ იმსახურებენ სერიოზულ დამოკიდებულებას.
2014 წლიდან მოყოლებული, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით გამოიყენება. ცალკეული სიტყვების - „ენა“ (мова), „დამოუკიდებლობა“ (незалежність)- რუსულ მეტყველებასთან სინთეზით, ქმნიან უარყოფით ემოციურ ფონს - თითქოს ეს არის ერთგვარი ჟარგონი და არა უკრაინული ენის სიტყვები. დამამცირებელ კონტექსტში ასევე გამოიყენება მაგალითად სიტყვები - „свидомые" რაც უკრაინულად აღნიშნავს „ცნობიერს", „зрада" - „ღალატი" და ა.შ.
„უკრაინელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, თუ ვინ არის დამოუკიდებელ სახლში უფროსი (кто в незалежном доме хозяин)”, - “5 канал” (Россия)
„დამოუკიდებლობამ (Незалежность) დაკარგა ინდუსტრიული მემკვიდრეობის მთელი ძალა“, - „Россия 24” (Россия)
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ახალი ამბების გაშუქებისას, რუსული პრო-სამთავრობო მედია გამუდმებით აღნიშავს, რომ ყველაფერი კარგი მათ, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით მიიღეს სსრკ-სგან და უარყოფენ ეროვნულ მიღწევებს. საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია, რომლის მემკვიდრეც რუსეთი გახდა, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეტაპობრივად ინერგებოდა. წარსულის განდიდება - იდეალიზებული, რეალობისგან შორს - უკვე დამოუკიდებელი ჟანრია თანამედროვე პრო-სამთავრობო მედიაში.
„უკრაინის აღლუმზე აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი სსრკ-დან არის“, - „Россия 24" (Россия)
„სანამ პრიბალტიკა (Прибалтика) სსრკ-ს ნაწილი იყო, ისინი ორჯერ მეტს ჭამდნენ, ვიდრე აწარმოებდნენ“, - „Россия 24" (Россия)
ტოპონიმი „პრიბალტიკა“ უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოხატულებაა მეზობლებისა და მათი სურვილების მიმართ. ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა არაერთხელ მოითხოვეს „ბალტიის ქვეყნები“ ეწოდებინათ, უფრო მეტიც, ისინი დიდი ხანია ოფიციალურად არიან ჩრდილოეთ ევროპის ნაწილი. ტერმინი „პრიბალტიკა" სსრკ-ს ეპოქაშია შექმნილი და არაზუსტიც კი: ბალტიის ზღვა მრავალი ქვეყნის სანაპიროს ესაზღვრება, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში მხოლოდ “მოკავშირე” რესპუბლიკებს მოიხსენიებდნენ ამგვარად.
თანამედროვე რუსული მედია ყურადღებას არ აქცევს მეზობლების სურვილებს, მაგალითად მოთხოვნას გამოიყენოს წინდებული „в“ სუვერენულ უკრაინასთან მიმართებით.
„…და რა შეგვიძლია ვთქვათ ნაცისტების თანამზრახველებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში (на Украине) და ა.შ.“, - РЕН ТВ (Россия)
რედაქტორები მიუთითებენ რუსული ენის ტრადიციებსა და ლიტერატურულ ნორმაზე, თუმცა მათ არაფერი უშლით ხელს სეპარატისტული დონბასის შემთხვევაში წინდებული „в“ გამოიყენონ, რაც ამ შემთხვევაში ხაზს უსვამს დამოუკიდებლობას, რეგიონის გამოყოფას უკრაინისგან:
„დონბასში (в Донбассе) დადებული ზავი უპირობოდ უნდა იყოს დაცული“, - „Звезда" (Россия)
„კიევი დონბასში (в Донбассе) ტერაქტებს ამზადებს“, - „Россия 24" (Россия)
მედია, ტრადიციის მოტივით, უგულებელყოფს დამოუკიდებელი თურქმენეთის (Туркменистан), ყირგიზეთისა (Кыргызстан) და მოლდოვის (Молдова) ოფიციალურად შეცვლილ სახელებს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბევრმა საბჭოთა რესპუბლიკამ შეიცვალა სახელი, მაგრამ არა რუსულ პრო-სამთავრობო მედიაში, მათ იქ კვლავაც ძველებურად მოიხსენიებენ:
„ვლადიმერ პუტინმა მიულოცა თურქმენეთის პრეზიდენტს (Президента Туркмении)", - “1 канал” (Россия)
„გაზპრომმა“ დააყოვნა მოლდოვა (Молдавия)”, - “5 канал” (Россия).
„ყირგიზეთი (Киргизия) ISIS-ის მებრძოლებისთვის რუსეთში შეღწევის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცევა”, - „Россия 24” (Россия)
გამონაკლისი არც მეგობარი ბელარუსია (Беларусь). მიუხედავად იმისა, რომ რუსული იქ სახელმწიფო ენაა და სახელწოდება „ბელარუსის რესპუბლიკა“ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, სსრკ-ს ტრადიციული სახელწოდება - Белоруссия კვლავ გამოიყენება რუსულ მედიაში.
„ბელორუსია (Белоруссия) უკრაინის ფონზე აბსოლუტურად კონტრასტულია“, -– “Россия 24" (Россия)
ქვეყნების ახალი სახელების იგნორირება, როგორც ჩანს, ხაზს უსვამს მათ წარუმატებლობას, იმ რეგიონების იმიჯს, რომლებიც, სავარაუდოდ, კვლავ დამოკიდებულია ცენტრზე, ანუ კრემლზე, - თვლის ბექტურ ისკენდერი, ყირგიზული გამოცემა "Клооп"-ის თანადამფუძნებელი.
„ეს არის ალბათ პოსტკოლონიური ბულინგი." - ამბობს საკითხის ექსპერტი არხ “Настояшее Время”-სთან საუბრისას. "-შენ ჩვენი იყავი, ჩვენს შემადგენლობაში იყავი, ასე რომ პრინციპულად განვაგრძობთ ასე დაძახებას, სახელით რომელიც საერთოდ არ მოგწონს, მაგრამ არ გვაინტერესებს მოგწონს თუ არა.“.
ისკენდერის თქმით, საბჭოთა სახელების გამოყენება ამ ტერიტორიაზე გარკვეული კონტროლის გამყარების კიდევ ერთი მცდელობაა
„ბელორუსია“ (Белоруссия), „ყირგიზია“(Киргизия), „მოლდავია“ (Молдавия) და „პრიბალტიკა“ (Прибалтика) ყურისთვის ნაცნობი ქვეყნებისა და ტერიტორიების ძველი სახელებია, რომლებიც თითქოს არასოდეს ყოფილან გამოყოფილნი, მაგრამ მაინც საბჭოთა იმპერიის ორბიტაზე რჩებიან. პროპაგანდისტულ მედიაში, თითქოს, საბჭოთა კავშირი საერთოდაც არ დაშლილა…
წყარო: www.currenttime.tv