15 ნოემბერს რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო აღმართული ღობე მოანგრიეს და "პარლამენტისა" და "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობები დაიკავეს. მალევე დე-ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია გადადგა და მოვალეობის შესრულება ახალი ე.წ. “არჩევნების” დაწყებამდე დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა დაიწყო.
დემონსტრანტების მიერ შენობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდა 2023 წლის 17 ივლისით დათარიღებული მაღალი ალბათობით ავთენტური დოკუმენტი, რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს კუთხითაც.
დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით: "ფაქტები მოწმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ ტაქტიკური მიდგომების ცვლილებაზე და წარმოადგენს მცდელობას, შეიქმნას კეთილგანწყობილი ფონი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ".
დოკუმენტს თუ დავეყრდნობით ირკვევა, რომ რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებას აძლევდა რეკომენდაციას გაეუქმებინა ენგურზე მოქმედი საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი, თავისუფლება მიეცა დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის (მათ შორის ირაკლი ბებუასთვის, რომელსაც სეპარატისტულმა რეჟიმმა 2020 წელს 9 წელი მიუსაჯა სეპარატისტული დროშის დაწვისთვის), აღედგინა ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმი, ქართული დელეგაციისთვის აფხაზეთში შესვლის საშუალება მიეცათ ID ბარათებით და რაც ყველაზე მთავარია, დაწყებულიყო მოლაპარაკება აფხაზეთიდან ლტოლვილების დაბრუნების პრობლემებზე, რასაც რუსეთი წლების მანძილზე კატეგორიულად გაურბოდა.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტუჟბა, ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის ფარგლებში, 11-12 ივლისს შეხვდა აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მთავარ მრჩეველს კავკასიის საკითხებში, ლუის ბონოს, რომელიც ამ პოსტზე 2023 წლის თებერვალში დაინიშნა. დოკუმენტის თანახმად, ბონომ აფხაზეთში ვიზიტის სურვილი გამოთქვა, რათა ემსჯელათ “რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის გზებზე.”
დოკუმენტში ნახსენებია აფხაზეთში მდებარე ობიექტის (სავარაუდოდ, იგულისხმება ბიჭვინთის აგარაკი) რუსეთის ფედერაციისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხის მოგვარების თაობაზე, ხოლო იქვე ფანქრით მიწერილია რუსეთის დუმის დეპუტატების გვარები - პ.ტოლსტოი, ს.ჟუროვა, კარტაპოლოვი და ზატულინი - გარიგების სავარაუდო ბენეფიციარები. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც დოკუმენტი შეიცავს არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსული ტელეარხები (მაგალითად, რია ნოვოსტი, სოჩი24.ტვ) სოხუმს მოიხსენიებენ ქართული ტრანსკრიფციით - Сухуми (და არა Сухум).
დოკუმენტს კი ადევს ასლან ბჟანიას 30 ივლისის რეზოლუცია, რომლის თანახმად ის იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას.
მას შემდეგ დე-ფაქტი აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში მრავალი რამ შეიცვალა, ინალ არძინბა ბჟანიამ თანამდებობიდან 2024 წლის 7 მაისს გაათავისუფლა. ეს ნაბიჯი ანალიტიკოსებმა რუსეთისადმი დემარშადაც კი აღიქვეს არძინბას ბიოგრაფიიდან გამომდინარე. შიდა წყაროების მიხედვით, საუბარი იყო პირად უთანხმოებაზეც. “დობერმანი”, როგორც მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას შეარქვეს, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, ხოლო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე (2021 წლის 17 ნოემბერი) არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. იგი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერი, მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში." 2023 წელს არძინბამ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში ამ ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობისას დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობების კურატორიც იყო. მას უკრაინა ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული და შეყვანილი ჰყავს უკრაინის მტრების სიაში.
2024 წლის ნოემბერში სახლში გაუშვეს თავად ბჟანიაც, რომელმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა რუსეთის ზეწოლას - აფხაზეთში საინვესტიციო კანონის მიღების თაობაზე. ბჟანია ორმხრივ ზეწოლაში მოხვდა, სადაც მას, ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაპირისპირება მოუწია, რომლისთვისაც ეს კანონი აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რადგანაც ის რუსულ ბიზნესს ადგილობრივ ბიზნესთან შედარებით არათანაბრად უპირატეს პოზიციებში აყენებდა. მეორე მხრივ, ბჟანიაზე დიდი წნეხი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რომელიც დიდი ხანია აფხაზეთს ისეთი ტიპის კანონებს ახვევს თავს, რომლებიც აფხაზური საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, მათ შორისაა ჩვენთვის კარგად ნაცნობი “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი, ორმაგი მოქალაქეობის კანონი, აპარტამენტების კანონი, და ა.შ.
აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობის დადასტურება ძნელია, ვინაიდან იგი არ გამოუქვეყნებია ოფიციალურ უწყებას, თუმცა, თბილისის შემხვედრი განცხადებები (“ივანიშვილის ბოდიში”), შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ კრემლს მართლაც სურს სატყუარად გამოიყენოს ილუზორული რეინტეგრაციის საკითხი და ამით “ქართულ ოცნებას” გაუმყაროს პოზიციები შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე.
თუმცა, ამ მხრივაც მოსკოვს თავისი მკაცრი საზღვრები აქვს, რისი დარღვევის საშუალება კრემლმა ოცნების წარმომადგენლებსაც არ მისცა. რამდენჯერაც ოცნებამ ტერიტორიულ მთლიანობას გაუსვა ხაზი და ამ საკითხის პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზაცია განიზრახა, იმდენჯერ რუსეთიდან ოფიციალურ დონეზე ითქვა, რომ მოსკოვი ხელს შეუწყობდა აფხაზების, ოსებისა და ქართველების დიალოგს, როგორც “სახელმწიფოებს” შორის. მაგალითად, ივანიშვილის ცნობილი “ბოდიშის” შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისკენ მოუწოდა.
არძინბა-ბჟანიას დოკუმენტის სავარაუდო ნამდვილობას, სადაც წერია, რომ აფხაზეთს “ოცნებისთვის” კონფლიქტების მიმართულებით კომფორტული წინასაარჩევნო გარემო უნდა შეექმნა, ირიბად ამყარებს ოსური წყაროებიც, რომელთა მიხედვით, მსგავსი დირექტივები მოსკოვიდან ცხინვალშიც მიიღეს. 2024 წლის ზამთარში ცხინვალს ორდღიანი ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი ეწვია. წყაროების ცნობით, მან ოს პოლიტიკოსებს სთხოვა, რომ საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი განცხადებებისგან და ქმედებებისგან თავი შეეკავებინათ, რაც “ოცნების” მოწინააღმდეგეებს მმართველი პარტიის გასაკრიტიკებლად დამატებით არგუმენტებს მისცემდა.