წყარო: Codastory.com
ჰაკერული შემოტევებისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელების მატება, რომელსაც „საინფორმაციო ომს“ უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხია როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოშიც. ანალიტიკოსები რუსეთის პროპაგანდის როლს ხედავენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებშიც, ამიტომაც მედიის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები ცდილობენ, ზუსტად შეისწავლონ რუსული საინფორმაციო ომის ბუნება და მოიფიქრონ საპასუხო რეაქცია, რომელიც ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც თავად კრემლის ტაქტიკა.
დეზინფორმაციის გავრცელება მტრის დასუსტების მიზნით საკმაოდ ძველი ხერხია. ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში, ჩინელი სამხედრო ტაქტიკოსი - სუნ ძი ამბობდა, რომ საუკეთესო გზა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, მისი ფსიქოლოგიური განადგურებაა, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე. დღეს, ინფორმაციული და ტექნოლოგიური რევოლუცია სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
რუსი ანალიტიკოსები დიდი ხანია ცდილობენ საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის საინფორმაციო ომს დაუკავშირონ. მათი მტკიცებით სსრკ დაიშალა არა მისი მძიმე ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური პოლიტიკის გამო, არამედ იმ „ინფორმაციული ვირუსის“ გამო, რომელთაც დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნერგავდნენ ტროას ცხენის სტილის იდეებით - სიტყვის თავისუფლების (гласность) და ეკონომიკური რეფორმა (перестройка). მსგავსი თეორიები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მანამ, სანამ კრემლმა ახალი ტაქტიკა არ შეიმუშავა და საგარეო მარცხის დასაფარად „ინფორმაციული პროპაგანდის“ გზას არ მიმართა.
2012 წლის სტატიაში „რუსეთი და ცვალებადი სამყარო“ პუტინი „რბილი ძალის“ მისეულ ხედვაზე საუბრობდა. მისი თქმით, ეს იყო მეთოდებისა და ხერხების მატრიცა, რომლის დახმარებითაც, სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე, შესაძლებელია საგარეო მიზნების მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის მანიპულირება.
ტაქტიკის გამოყენება აქტიურად დაიწყეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მაგალითად, 2014 წელს, არაბულ გაზაფხულზე საუბრისას, გენერალ მაიორმა ვასილი ბურენოკმა ჩრდილოეთ აფრიკაში სამოქალაქო ომის პროვოცირებასა და არეულობის შემოტანაში დასავლეთი დაადანაშაულა. უკრაინაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ „ევროპელი კოლონისტები“ უკრაინელი ხალხის აზროვნების გარდაქმნას ცდილობდნენ 2013 წლის მაიდანის რევოლუციის დროს. ინტერნეტმა და მობილურმა კომუნიკაციებმა მსგავსი აზრების გავრცელება და მოსახლეობამდე მიტანა უფრო მარტივი გახადა, რითაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოექცა დეზინფორმაციის ქვეშ.
მოსკოვმაც შესაძლებლობა გამოიყენა და შესაბამისად იმოქმედა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რას კრემლის საინფორმაციო ომი აქტიურ ფაზაში გავიდა, რუსეთის ოფიციალურმა პირები ყველაფერს სწორედ დეზინფორმაციას უპირისპირებენ - იქნება ეს რუსეთის ოლიმპიადაზე დოპინგების ირგვლივ თუ პუტინის კორუფციული საქმიანობის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი.
პუტინმა, როგორც კგბ-ს ყოფილმა ოფიცერმა კარგად იცის ამ ხერხების შესახებ, რადგანაც კგბ-ს საქმიანობის ნაწილს სწორედ ეს ტაქტიკა წარმოადგენდა. მოსკოვი უკვე საკმაოდ შორს წავიდა - აარსებს ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აფინანსებს ექსტრემისტ ჯგუფებს, ტროლ არმიებს და საბოლოოდ, დასავლული დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს.
კრემლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქმედება ევროპაში რადიკალური მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერაა, რომლებიც, თავის მხრივ, პუტინის საგარეო პოლიტიკას უჭერენ მხარს. მაგალითად, ეროვნული ფრონტი საფრანგეთში.
დეზინფორმაციის გავრცელება, როგორც უკვე აღვნიშნეთ კიდეც, ძველი ფენომენია, მაგრამ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მას ახალი შესაძლებლობები მისცა. მაგალითად, თუ საბჭოთა კავშირში უწევდათ დაემტკიცებინათ, რომ მათი ყალბი ისტორიები ნამდვილი იყო, დღეს ამის საჭიროება აღარაა.
კრემლი არ იგონებს ახალ საკითხებსა თუ პრობლემებს, ცდილობს, არსებულ სიტუაციაზე გაამახვილოს ყურადღება, გააღვივოს ანტი-ევროპული თუ ანტი-ჩრდილო ატლანტიკური სენტიმენტები, ქსენოფობია, ხშირად ისაუბროს კონსპირაციის თეორიებზე.
შედეგიც არ აყოვნებს. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ლატვიაში, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 1715 რუსულენოვანი მოქალაქიდან 41,3%-ს სჯერა, რომ რუსეთის ინტერვენცია, საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად საჭირო და სამართლიანია.
ფაქტია, დასავლეთმა გზა უნდა იპოვნოს კრემლის ამ ტაქტიკის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, იგივე გზას არ მიმართოს ევროპამ და ამერიკამაც.
მაგალითად, 2016 წლის თებერვალში, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღნიშნა, რომ ლიტვის მასწავლებელთა პროფკავშირები კრემლის ზეგავლენის ქვეშ არიან. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამ განცხადებით მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ პროფკავშირებში ბევრი პრო-რუსული შეხედულების წევრია.
საჭიროა დასავლეთმა თავისი გზა იპოვოს კრემლის საინფორმაციო ომთან გასამკლავებლად, ისე, რომ თავად კრემლს არ დაემსგავსოს.